Belive

ერთა ლიგის უმაღლესი დივიზიონიდან ოთხივე დაქვეითებული ნაკრები ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
Uefa-ს ერთა ლიგის უმაღლეს, A დივიზიონში ყველა ბოლო ადგილოსანი ცნობილია. ბევრისთვის მოულოდნელად, A-დან B დივიზიონში ისეთი ნაკრებები დაქვეითდნენ, როგორებიც გერმანია, ხორვატია, ისლანდია და პოლონეთი არიან.

გერმანიის ნაკრები

"ბუნდესნაკრები" A დივიზიონის პირველივე ჯგუფში ასპარეზობს. გერმანიასთან ერთად საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები არიან. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაგდების შემდეგ, გერმანელების კრიზისზე დაიწყო საუბარი. ბევრმა ეს საფუძვლიანად მიიჩნია და არც შემცდარა. ერთა ლიგაზე გერმანელები ცუდად ასპარეზობენ. სამი თამაშის შემდეგ, მათ მხოლოდ 1 ქულა აქვთ. არცერთი მოგება, ერთი ფრე და ორი წაგება. გატანილი მხოლოდ 1 და გაშვებული 5. ბოლო ტურის შეხვედრას გერმანელები დღეს, საკუთარ მოედანზე, გელზენკირხენში ჰოლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. ამ შეხვედრას მასპინძელთათვის მხოლოდ პრინციპული მნიშვნელობა აქვს. სატურნირო ცხრილში გერმანია ვერაფერს შეცვლის. ისინი 2020-21 წლების სეზონში B დივიზიონში ითამაშებენ.

ისლანდიის ნაკრები

ისლანდიელებმა გულშემატკივარს თავი თავიანთი ბრძოლისუნარიანობითა და უმაღლესი დისციპლინით შეაყვარეს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე კუნძულელებმა ყველა მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი არგენტინის ნაკრებთან თავი გადადეს და არ წააგეს. ერთა ლიგაზე მათი ასეთი სუსტი გამოსვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. A დივიზიონის მეორე ჯგუფში ისლანდიელებთან ერთად შვეიცარია და ბელგია თამაშობს. კუნძულელებიც განწირულები არიან და 2020-21 წლებში B დივიზიონში იასპარეზებენ. გუნდმა ყველა მატჩი წააგო. გაიტანა 1 და გაუშვა 13 ბურთი. ჯგუფი კი შვეიცარიამ მოიგო და ფლეი-ოფში ითამაშებს.

პოლონეთის ნაკრები

A დივიზიონის მესამე ჯგუფიდან ასპარეზობას პოლონეთის ნაკრები გამოეთიშა. გუნდს ერთი თამაში ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, მატჩი არცერთი ნაკრებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. პორტუგალიელებს შემდგომ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვთ, პოლონელებს კი დაქვეითება უწერიათ. იერჟი ბრჟეჟეკის მომზადებულმა გუნდმა მხოლოდ 1 ქულა დააგროვა. გაიტანა 3 და გაუშვა 5 ბურთი. პრინციპში, ეს არ ყოფილა მოულოდნელი შედეგი, რადგან პოლონეთის ნაკრები პორტუგალიასა და იტალიასთან აუტსაიდერი იყო.

ხორვატიის ნაკრები

უმაღლესი დივიზიონის ბოლო, მეოთხე ჯგუფიდან მოულოდნელად გავარდა ხორვატია. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ. ინგლისი, ესპანეთი და ხორვატია. ამ სამი ერთმანეთზე ძლიერი ნაკრებიდან ნებისმიერი მათგანის გავარდნა რთულად აღსაქმელი იქნებოდა, თუმცა ხორვატიისგან, ასეთი მებრძოლი გუნდისგან მოულოდნელი იყო. ხორვატებმა 4 ქულა დააგროვეს. გაიტანეს 4 და გაუშვეს 10 ბურთი. ყველაზე დასანანი მარცხი კი ესპანეთში იწვნიეს, სადაც "ფურია როხასთან" 6:0 განადგურდნენ. ბოლო ტურში კი ინგლისს უგებდნენ და საბოლოოდ, 7 წუთიან მონაკვეთში წააგეს. ჯგუფი კი ინგლისმა მოიგო და ფლეი-ოფში ითამაშებს.   შეგვიძლია ვთქვათ, რომ A-დან B დივიზიონში ორი გრანდი დაქვეითდა, ხოლო ისლანდიისა და პოლონეთის დაქვეითება შედარებით მოსალოდნელი იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო, D დივიზიონიდან C-ში აღზევდა.

სხვა სტატიები