“ერთით ნოლი გოლ!” – დავით მინაშვილმა ხორვატიასთან მოგებული მატჩის ემოცია გაიხსენა

476
ნახვა

2011 წლის 26 მარტს ხორვატიის ნაკრებთან გამარჯვება ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ახსოვს. თემურ ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა: 5 მატჩის შემდეგ, 9 ქულით, გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებდა. ლევან კობიაშვილის მიერ ბოლო წუთს გატანილი გოლის შემდეგ მატჩის კომენტატორმა, დავით მინაშვილმა ემოციები ვერ შეიკავა და გოლის გატანის სიხარული მაქსიმალურად გამოხატა.

video

 

ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან ზუსტად 8 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები დუბლინში იმყოფება, სადაც “ჯვაროსნები” ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თამაშის დაწყებამდე, ჩვენ დავით მინაშვილს დავუკავშირდით და მას სწორედ ის ემოციები გავახსენეთ, რომელიც კობიაშვილის მიერ გატანილი გოლის შედეგად მიიღო.

“ემოცია რა თქმა უნდა განსაკუთრებული იყო – ხორვატია მაშინ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო, FIFA-ს ათეულში შედიოდა და ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. საქართველოში ასეთი გუნდის ჩამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა მატჩის ბოლოს რაც მოხდა, ასეთი რამ ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მახსენდება: ბოლო წამზე უმნიშვნელოვანესი გოლი გავიდა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

როგორც მახსოვს, 2009-ში წაუგებელი სერია ჰქონდა საქრთველოს. იმ დროს ნაკრების ფეხბურთელები კალაძე, კობიაშვილი და სხვები კარგი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც ძლიერი გუნდების რიგებს იცავდნენ. თამაშის დროს არაფერი დაგვითმია, ღირსეულად ვითამაშეთ და გამარჯვებაში დიდი წვლილი გულშემატკივარმაც შეიტანა. მახსოვს რომ მარცვალაძე შემოვიდა შეცვლაზე და კარგად ითამაშა, გამოვარჩევდი ასევე გოგუას, ამისულაშვილს, კალაძეს და რევიშვილს” – ამბობს მინაშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს საქართველოს ნაკრების პროგრესს, დავით მინაშვილი შემდეგ პასუხს გვცემს: “ძნელია თქმა, პროგრესი შეინიშნება თუ არა. გავიდა 8 წელი – არც მანამდე ხდებოდა რაიმე განსაკუთრებული და არც მას შემდეგ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პროგრესი არის. მაგალითისთვის ავიღოთ ერთა ლიგის თამაშები – დღეს საქართველოს ნაკრები სუსტ მეტოქესთან ცუდად აღარ თამაშობს და ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. 

მჯერა რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდი აუცილებლად ითამაშებს – ეს ოპტიმიზმი გამოწვეულია იმით, რომ ნაკრებმა ერთა ლიგაზე კარგად ითამაშა, წინ ორი მატჩია დარჩნილი და გვაქვს საფუძველი რომ ეს ვიფიქროთ. შესარჩევიდან გასვლა კი ძალიან რთული იქნება და ამ ეტაპზე ჩემი აზრით, პრიორიტეტული ერთა ლიგა უნდა იყოს. გვაქვს პოტენციალი, შესაძლებლობა და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ,” განაცხადა დავით მინაშვილმა.

(476)

“ერთით ნოლი გოლ!” – დავით მინაშვილმა ხორვატიასთან მოგებული მატჩის ემოცია გაიხსენა

სტატიის ავტორი
-