Belive

"ეს შესაძლებელია" - ლივერპულს კვარაცხელიას შეძენას ურჩევენ

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"ნაპოლისა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ფენომენალური ასპარეზობის ფონზე, კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტს საუბრობენ.

liverpoolecho ერთ-ერთი უკანასკნელი მედია საშუალებაა, რომელიც საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ინგლისური გამომცემლობა, რომელიც ძირითადად ლივერპულის შესახებ ავრცელებს პუბლიკაციებს, აღნიშნავს, რომ მერსისაიდულ გრანდს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ურჩიეს.

"ლივერპულის" მესვეურებს მიანიშნეს, რომ მომავალში "ნაპოლის" შემტევის შესაძენად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ლივერპულის" დაპირისპირება უკვე შედგა. "დიეგო მარადონას" სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მერსისაიდელთათვის კოშმარულად დასრულდა. "ნაპოლიმ" მეტოქე 4:1 დაამარცხა - ხვიჩა კვარაცხელია კი ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. ნეაპოლიტანელთა რიგებში გატარებულ სადებიუტო სეზონში გამართულ 11 შეხვედრაში, კვარაცხელიამ 6 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.



კვარაცხელია, რომელიც "ნაპოლის" ზაფხულში შეუერთდა გუნდის გამორჩეულ წევრად ჩამოყალიბდა. ბრწყინვალე სტატისტიკის ფონზე, კვარას სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ლაშა სალუქვაძე, რომელმაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში 38 მატჩი გამართა, მიიჩნევს, რომ მომავალში კვარაცხელია შესაძლოა "ლივერპულის" ან მადრიდის "რეალის" წევრი გახდეს.

"ხვიჩას "ნაპოლის" რიგებში გატარებულ სადებიუტო სეზონში ფანტასტიკური სტარტი აქვს. კვარაცხელიას პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში გააქვს გოლი - როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. ვფიქრობ, მას შეუძლია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ბოლომდე იბრძოლოს. ვერ გეტყვით, მუდმივად და ყოველ სეზონში ამ დონეზე ასპარეზობას შეძლებს თუ არა, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, რომ კვარა გაჩერებას არ აპირებს.

შეძლებს კვარაცხელია მომავალ სეზონში "რეალში" გადასვლას? ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ის კვარაცხელიას აკვირდებოდა - ასე რომ ყველაფერია შესაძლებელი. არაა გამორიცხული, რომ მადრიდის "რეალმა" და "ლივერპულმა" კვარას ტრანსფერის თაობაზე, "ნაპოლის" ოფიციალური წინადადებით მიმართონ, თუმცა, ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია. "ნაპოლი" ძალიან კარგი გუნდია და ხვიჩას სჭირდება, რომ ნეაპოლში კიდევ 1-2 წლით დარჩეს", - აღნიშნა ლაშა სალუქვაძემ.

სხვა სტატიები