Belive

ესპანეთის პოლიცია - აბიდალმა შესაძლოა არალეგალური გზით მოპოვებული ღვიძლი გადაინერგა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

კატალონიური გრანდისა და ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ სევდიანი ისტორია, რომელსაც ზღაპრული დასასრული აღმოაჩნდა. 2012 წელს, "ბლაუგრანას" ფრანგ მცველს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - ერიკ აბიდალის სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციის ჩატარება და ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო. ერიკ აბიდალს მხსნელად მისი ბიძაშვილი მოევლინა, რომელმაც დონორობაზე თანხმობა განაცხადა - ოპერაცია ჩატარა და აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს, რის შედეგადაც ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა. სევდიანი ისტორიის უკეთეს დასასრულს ვერავინ ინატრებდა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა და შესაძლოა საქმე მძიმე დანაშაულთან გვქონდეს. ერიკ აბიდალი, მძიმე ბრალდების წინაშე აღმოჩნდა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ყოფილი მცველი შესაძლოა ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავონ. ესპანელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ 2012 წელს, ერიკ აბიდალმა შესაძლოა არალეგალური გზით მოპოვებული ღვიძლი გადაინერგა.

ერიკ აბიდალის ბიძაშვილმა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა: "დონორობაზე თანხმობა განვაცხადე, რის შემდეგაც ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის შემდეგ 1 თვეზე მეტი საავადმყოფოში გავატარე. როდესაც გავიგე, რომ ღვიძლი, რომელიც ერიკს გადაუნერგეს შესაძლოა, რომ ჩემი არ ყოფილიყო, გავოგნდი. ვერ წარმომედგინა, ვის შეიძლებოდა, რომ ასეთი ბარბაროსული ქმედება ჩაედინა. რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი კითხვა დამიგროვდა". "სასამართლოს წინაშე წარვსდექი, რადგან მინდა გავიგო, ჩემს მიერ უანგაროდ გაწეული დახმარებითა და დონორობით ვინმემ ფინანსური სარგებელი ხომ არ ნახა".
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი - სანდრო როსელი და ერიკ აბიდალი სასამართლო სხდომას დაესწრნენ, რომელიც ერიკ აბიდალისათვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის თაობაზე დაწყებული გამოძიების შემდეგ დაინიშნა. 2017 წლიდან, ესპანელი სამართალდამცველები ცდილობენ გამოიძიონ, რამდენად ლეგალურად მოხდა ოპერაციის ჩატარება. ოფიციალურ ცნობებში ღვიძლის დონორად ერიკ აბიდალის ბიძაშვილია დაფიქსირებული, თუმცა გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, ყოველგვარი კავშირი გამოირიცხა და დადგინდა, რომ აბიდალს მისი ბიძაშვილის ღვიძლი არ გადაუნერგავს. El Confidencial-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლესი ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, ერიკ აბიდალს კიდევ უფრო მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რის შემდეგად იგი შესაძლოა დააკავონ.

სხვა სტატიები