Belive

ესპანეთმა გერმანია გაანადგურა - ლიოვის ეპოქის დასასრული ახლოვდება?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
გერმანიის ნაკრები ესპანეთმა უშანსოდ გაანადგურა. არა, ვცდები: გერმანიას ერთი შანსი ჰქონდა, როდესაც სერჟ გნაბრის დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა. ტონი კროოსმა ზუსტად აღნიშნა: "ჩვენ ნამდვილი გაკვეთილი ჩაგვიტარესო". კი, ნამდვილი გაკვეთილი იყო, რომელიც შესაძლოა ისტორიის დასასრული და შესაბამისად, ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს. იცით, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს, 1931 წლის შემდეგ, 6-ბურთიანი სხვაობით არ წაუგია? იოახიმ ლიოვი გუნდს სათავეში უკვე 14 წელია უდგას, მაგრამ ასეთი დაბნეული არასოდეს მინახავს - მაშინაც კი, როდესაც სამხრეთ კორეასთან მარცხის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპიდან გამოემშვიდობა, გერმანელი უფრო დამაჯერებელი იყო. ლიოვი ჰგავდა გერმანულ ავტობანზე, საცობში მდგომ ადამიანს, რომელსაც წინ წასვლა არ შეეძლო, უკნიდან კი ახალ-ახალ შეჯახებებს გრძნობდა. "ეს ძალიან ცუდი დღე იყო, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო", - აღნიშნა ლიოვმა.

გერმანული Bild-ის ცნობით, გერმანელებმა ლიოვს, მარცხის მიუხედავად, ნდობა გამოუცხადეს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ლიოვის ყოფნა-არყოფნის საკითხი უკვე განიხილება და მას ბოლო შანსი ეძლევა. ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ლუის ენრიკე გუნდის გაახალგაზრდავებასა და ახალი ბირთვის ჩამოყალიბებას ცდილობს და ეს შესანიშნავად გამოსდის: გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვა იყო ქაოტური და უენერგიო, არ ჩანდა გერმანული ჟინი და სულისკვეთება, მითუმეტეს - ორგანიზაციული მიდგომა, სადაც წესით, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს. თამაშის დასრულების შემდეგ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, ასეთი რამ თქვა: "გუნდს არ გააჩნია სტრუქტურა, მითითებებს არავინ გასცემდა", - აღნიშნა მან სატელევიზიო ეთერში.

იოახიმ ლიოვს მთავარი გამოცდა წინ ელოდება: ევრო 2020, რომელიც კორონავირუსიდან გამომდინარე, 2021 წელს გაიმართება. გერმანელებს ჯგუფიდან გასვლისთვის საფრანგეთთან და პორტუგალიასთან მოუწევთ ბრძოლა. ასევე აღსანიშნავია ჯგუფის აშკარა აუტსაიდერი უნგრეთი, რომლისგანაც სიურპრიზს უნდა ველოდოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიოვს ჯერჯერობით ნდობას უცხადებენ, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კრახის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლობას, მითუმეტეს ესპანეთთან ასეთი მარცხის ფონზე, ლიოვს აღარ აპატიებენ. ლიოვი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის. მანამდე, 2 წლის განმავლობაში, ის იურგენ კლინსმანის თანაშემწე იყო. ამ წლების განმავლობაში, ლიოვის ტიტულები ასეთია:
  • მსოფლიო ჩემპიონატი: გამარჯვებული (2014); მესამე ადგილი (2010);
  • კონფედერაციის თასი: 2017;
  • ევროპის ჩემპიონატი: 2008.

სხვა სტატიები