Belive

ესტონეთთან ვაისის გარეშე - ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
Საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მე-6 ტურის შეხვედრაში, ეროვნულ გუნდს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ავრცელებს. Ცნობილი ხდება, რომ გადაწყვეტილება ორივე მხარის მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღებული, ესტონეთთან ჩასატარებელ მატჩში კი გუნდს მოედანზე 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე გაიყვანს. "გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. რაც შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს  ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

სხვა სტატიები