Belive

ეტო'ო: "თუკი მესი წავა, ბარსელონას სახელი უნდა შევუცვალოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელის, კამერუნელი სამუელ ეტო'ოს განცხადებით, "ბლაუგრანას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა გუნდის ისტორიაში შავ ლაქად შევა, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები ვერასოდეს დაივიწყებენ.
"მესის წასვლის შემთხვევაში, "ბარსელონას" სახელი უნდა შევუცვალოთ. მესი და "ბარსელონა" ორი განუყოფელი ნაწილია," ამბობს კამერუნელი ფორვარდი, რომელიც "კამპ ნოუზე" 2004–2009 წლებში თამაშობდა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა და გუნდის ლეგენდამ კარიერა "ბარსელონას" აკადემიაში დაიწყო. ძირითად გუნდში ის 2004 წელს მოხვდა. მას შემდეგ ჩატარებულ 731 შეხვედრაში, მესის ანგარიშზე 634 გატანილი გოლი და 285 საგოლე გადაცემაა. 2019/20 წლების სეზონის უტიტულოდ დასრულების, "ბაიერნთან" ანგარიშით 2:8 განადგურების და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შემდეგ, ესპანურ მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ლიონელი "ბარსელონაში" კარიერას აღარ გააგრძელებს.
"მესი ჩემი შვილივით მიყვარს და მისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. ბარსელონაში ბედნიერები უნდა იყვნენ იმ ფაქტით, რომ გუნდში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არგენტინელმა კარიერა სწორედ აქ დაასრულოს," აღნიშნა ეტო'ომ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მომდევნო სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება - გუნდის ხელმძღვანელობამ კიკე სეტიენი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. მის სავარაუდო შემცვლელად ჰოლანდიელი რონალდ კუმანი განიხილება. ცნობილია, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკება 3-წლიან კონტრაქტს შეეხება.
94e4139a-10cb-4fdd-b12d-abf6f9fa50ac

როგორც ჰოლანდიურ მედიაში ვკითხულობთ, რონალდ კუმანს ეროვნულ ნაკრებთან გაფორმებულ კონტრაქტში ერთი პუნქტი აქვს ჩადებული: “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს ნაკრებთან კონტრაქტის გაწყვეტა და “ბლაუგრანაში” გადასვლა ნებისმიერ წამს შეუძლია. კუმანი “ბარსელონაში” 1989-1995 წლებში თამაშობდა და იოჰან კრუიფის “საოცნებო გუნდის” წევრი იყო. კუმანს მისი ამპლუისთვის არცთუ დამახასიათებელი თვისება ჰქონდა: მას გამანადგურებელი სიძლიერის დარტყმა ჰქონდა და ამ უნარს გოლის გასატანად ხშირად იყენებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1992 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში “ბარსელონამ” იტალიური “სამპდორია” სწორედ კუმანის გოლით დაამარცხა. 57 წლის კუმანს არაერთხელ უთქვამს, რომ “ბარსელონაში” მუშაობა მისთვის კარიერის მწვერვალი იქნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში, კუმანი კამპ ნოუზე მუშაობდა, როდესაც იგი ლუის ვან გაალის თანაშემწედ დაინიშნა.

სხვა სტატიები