Belive

EURO U19 2017 - სად არიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ახლა?

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
2017 წელს 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და შვედეთთან ერთად მოხვდა და საბოლოო ჯამში მესამე ადგილი დაიკავა. ეს ტურნირი გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე ასპარეზობით დაგვამახსოვრდა. Live.ge  გთავაზობთ 2017  წლის ევროპის ჩემპიონატზე განაცხადში მყოფ ფეხბურთელთა მოკლე ბიოგრაფიებს.

გიორგი ჩოჩიშვილი

ტანმაღალმა მეკარემ საქართველოს ნაკრების კარი სამივე შეხვედრაში დაიცვა, რასაც მისი ტრანსფერი მოჰყვა პრაღის "სლავიაში". გიორგიმ ჩეხური გრანდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო და სლოვაკურ "მორავცეში" გადავიდა. ჩოჩიშვილმა კარიერა ვერც სლოვაკეთში აიწყო და სამშობლოში დაბრუნდა, ამჟამად 195 სანტიმეტრი სიმაღლის მეკარე "შევარდენის" ღირსებას იცავს.  

ნიკოლოზ მალი

  მარჯვენა მცველმა სამივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მალი კვლავ "საბურთალოს" აღზრდილია და დღემდე ამ კლუბის ღირსებას იცავს.  

შალვა ბურჯანაძე

ცენტრალური მცველი რომელმაც ასევე ყველა მატჩი ითამაშა და ჩეხეთთან მატჩში ყვითელი ბარათიც მიიღო. შალვას საზღვარგარეთ არ უთამაშია და ამჟამად წყალტუბოს "სამგურალის" ღირსებას იცავს, სადაც მშობლიური "ტორპედოდან" გადავიდა.  

დავით კობოური

კობოური ნაკრების კაპიტანი გახლდათ და სამივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. კობოური დინამოს აკადემიის აღზრდილია და დღეს "დინამო თბილისის" ძირითად გუნდში ასპარეზობს.  

გიორგი კუცია 

კუცია ამ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. საყრდენი ნახევრამცველი რომელმაც ბევრი გულშემატკივრის სიმპათია დაიმსახურა. კუცია დინამოს აკადემიის აღზრდილია და ამჟამად იჯარის წესით გორის "დილაში" ასპარეზობს.  

გიორგი კოხრეიძე

სწრაფი და ტექნიკური შემტევი, რომელმაც შვედეთთან ანგარიში მესამე წუთზე გახსნა. ნაკრების 7-იანისგან გაცილებით მეტს მოელოდნენ, მაგრამ კოხრეიძე მშობლიურ კლუბ "საბურთალოში" დარჩა და დღემდე იქ ასპარეზობს და ჩატარებულ 101 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.  

კოხრეიძის გოლი შვედეთის კარში

 

დავით სამურკასოვი

სამურკასოვი ევროპის ჩემპიონატზე ნახევარდაცვის ცენტრს ამაგრებდა. დავითმა სამივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სამურკასოვი მთელი კარიერის მანძილზე თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობს და 78 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.  

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი იმ ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავი და ალბათ საუკეთესო გოლის ავტორია. ჩაკვეტაძე დღესაც ქართული ფეხბურთის მთავარი იმედია და ეფექტური თამაშით უკვე არაერთხელ გაახარა ქართველი გულშემატკივარი. გიორგი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და 2017 წლიდან ბელგიურ "გენტში" ასპარეზობს სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. გიორგის სახელი აქამდე არაერთ კლუბს მათ შორის გრანდებსაც დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს ჩაკვეტაძე მომავალი სეზონის მინიმუმ პირველ ნახევარს კვლავ  ბელგიაში გაატარებს.

გიორგი ქოჩორაშვილი

ქოჩორაშვილი 2 მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო ხოლო ერთხელ შეცვლაზე შემოვიდა. შვედეთთან მატჩში ქოჩორაშვილი გააფრთხილეს კიდეც. "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი 2017 წელს ესპანურმა "ჟირონამ" შეიძინა, თუმცა  დაბალლიგელ "პერალადაში" ისე გადავიდა რომ ძირითად გუნდში ერთი მატჩი არ უთამაშია.

გიორგი არაბიძე

უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი რომლისგანაც გაცილებით მეტს მოველით ვიდრე იგი დღეს გვანახებს. "ლოკომოტივის" აღზრდილი მალევე აღმოჩნდა დონეცკის "შახტარში" და ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ "შახტარის" ფეხბურთელის რანგში წარსდგა. 2018 წელს გიორგი "შახტარიდან" პორტუგალიურ "ნასიონალში" გადავიდა, და დღემდე ამ კლუბის ღირსებას იცავს.  

ლუკა ლაკვეხელიანი

უსწრაფესი მარცხენა მცველი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატიდან მცირე ხანში საქართველოს ჩემპიონატში სისწრაფის რეკორდი დაამყარა. ლუკა "საბურთალოს" აღზრდილია და დღემდე ამ კლუბში ასპარეზობს.  

ლუკა გუგეშაშვილი

იმ ნაკრების მეორე მეკარე სულ ცოტა ხნის წინ "ლა ლიგის"  "გრანადაში" ჩაირიცხა, რაც ალბათ ამ სატრანსფერო ფანჯრისას ყველაზე წარმატებული ტრანსფერია ქართულ ფეხბურთში. ლუკა "დინამოს" აღზრდილია, უთამაშია პოლონურ "იაგელონიაში", გორის "დილასა" და ასევე პოლონურ "პოდლასიეში".

ალექსანდრე კახიძე

ნაკრების მცველს იმ ჩემპიონატზე არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. კახიძეს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს და მის ბოლო კლუბად ესპანეთის "მონტანესაა" მითითებული. ]

ვატო არველაძე

არველაძეების დინასტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი. ვატომ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი სულ ცოტა ხნის წინ გაიტანა და დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემტევად ითვლება საქართველოში. 35-ე სკოლის აღზრდილი ამჟამად პოლონურ "კორონაში" ასპარეზობს.

გაბრიელ საღრიშვილი

საღრიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ შემოვიდა შეცვლაზე, ჩეხეთთან და შვედეთთან. 21 წლის ფეხბურთელი ამჟამად წყალტუბოს "სამგურალის" ღირსებას იცავს.  

თომა ხუბაშვილი

ხუბაშვილი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია, მხოლოდ ერთადერთ მატჩში, შვედეთთან, 88-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, ამჟამად 20 წლის ხუბაშვილი "საბურთალოს" მეორე გუნდის ღირსებას იცავს.  

ნიკა კვანტალიანი

ნიკა კვანტალიანი მადრიდის "ატლეტიკოს" აკადემიაში ასპარეზობდა და იქიდან აღმოჩნდა  ბათუმის "დინამოში". ევროპის ჩემპიონატზე ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, ისიც შეცვლაზე. კვანტალიანი პოლონურ კლუბებში "ტერმალიკასა" და "ვიძევში" ასპარეზობდა. ამჟამად ნიკა "შუქურას" ღირსებას იცავს.  

თემურ ჩოგაძე

ჩოგაძე მოედანზე ორჯერ გამოჩნდა პორტუგალიასთან და ჩეხეთთან. ჩოგაძე საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და 2018 წლის 31 იანვრიდან "რუსთავის" ღირსებას იცავს. ეროვნულ ლიგაში ჩოგაძეს 18 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები