ევრა: “ნება მომეცით, გითხრათ – რატომ მიყვარს ეს თამაში”

არაფერი მქონდა. არაფერი გვქონდა.

მაგრამ ვცხოვრობდი ისე, თითქოს ყველაფერი გამაჩნდა.

ესაა ჩემი ცხოვრების საიდუმლო. ყველა ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი – ყველა ადამიანს შეუძლია, ეს თამაში უყვარდეს. ცხოვრების ამგვარი ხედვის გარეშე, მე ვერ ვიქნებოდი ადამიანი, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა – ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში, “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშა.

ცხოვრებაზე ასე რომ არ მეფიქრა, სავარაუდოდ, ვიჯდებოდი პარიზში, მაღაზიასთან ახლოს და გამვლელებს სენდვიჩის საყიდლად ფულს ვთხოვდი.

გავიზარდე ლეზ-ულისში, პარიზის გარეუბანში არსებულ კომუნაში. ვცხოვრობდი ჩემს მშობლებთან, ძმებთან და დებთან ერთად. მყავს 24 დედმაშვილი (არ ვხუმრობ). ასე რომ, ერთ სახლში ათობით ადამიანს გვიწევდა ცხოვრება. მამაჩემი ელჩად მუშაობდა და ფული ძირითადად მას შემოჰქონდა.

ევრა: "ნება მომეცით, გითხრათ - რატომ მიყვარს ეს თამაში" 1

ლეზ-ულისი: კომუნა, სადაც ევრა გაიზარდა

დავიბადე სენეგალში. შემდეგ აღმოვჩნდი ბრიუსელში, ბოლოს კი ლეზ-ულისში. 10 წლის რომ გავხდი, ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამაჩემმა სახლიდან ტახტი, ტელევიზორი და სკამებიც კი წაიღო.

მამაჩემი ისევ უზომოდ მიყვარს, მაგრამ მან ძალიან მძიმე სიტუაციაში მიგვატოვა. ერთ მატრასზე მე და ჩემ ორ ძმას გვეძინა – ერთ ჩვენგანს საპირისპირო მხარეს წოლა უწევდა, რათა სამივე მოვთავსებულიყავით. როდესაც სახლში საჭმელი მზადდებოდა, შენი წილის მოსაპოვებლად დასწრება იყო საჭირო. უფროსმა დებმა და ძმებმა დროთა განმავლოვაში სახლი დატოვეს, ბოლოს კი მხოლოდ მე, დედაჩემი და ჩემი უმცროსი და დავრჩით.

სწორედ ამ დროს მომიწია ქუჩაში გასვლა.

მეზიზღება, როდესაც ადამიანები სიტყვა “განგსტერს” იყენებენ. როდესაც იზრდები სივრცეში, სადაც სროლა და მკვლელობა ჩვეულებრივი მოვლენაა, გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებ… და მეც ვიბრძოდი: ვიპარავდი საკვებს, ტანსაცმელს, ვიდეო თამაშებს. ვიჯექი მაღაზიასთან და გამვლელებს ფულს ვთხოვდი.

ევრა: "ნება მომეცით, გითხრათ - რატომ მიყვარს ეს თამაში" 2ვამბობდი: “სერ, რამდენიმე ფრანკს ხომ არ მომცემთ?”

ისინი მპასუხობნდნენ: “დაახვიე, გგონია ფული ციდან ცვივა?”

ეს ჩემი ბავშვობა იყო. ეს იყო ლეზ-ულისი. მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი.

ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. ალბათ ჩემს Instagram-ზე გინახავთ ვიდეოები, სადაც ათას სიგიჟეს ვაკეთებ და ვამბობ: “მე მიყვარს ეს თამაში!” ჩემთვის, ამას რეალურად სხვა მნიშვნელობა აქვს. “მე მიყვარს ეს ცხოვრება.” ვიდეოები კი საუკეთესო გზაა, გაუზიარო შენი ბედნიერება სხვებს. თუმცა ამის კეთება პოპულარობის მოპოვების შემდეგ არ დამიწყია. ჩემ სახლში, ლეზ-ულისში, იგივეს ვაკეთებდი – ვცეკვავდი, ვმღეროდი და ჩემს დებს ვაცინებდი.

როგორ შემეძლო, ვყოფილიყავი ბედნიერი ასეთი მცირედით? ეს დედაჩემის დამსახურება იყო. ვხედავდი, თუ რამდენს შრომობდა ჩვენს დასახმარებლად და მივხვდი, რომ არაფრის გაპროტესტების უფლება არ მქონდა. ანდა, რა აზრი აქვს? რატომ არ უნდა იყო პოზიტიური? თუკი გჯერა, რომ რაღაც კარგი მოხდება შენს ცხოვრებაში, ასეც იქნება.

მაგალითს მოგიყვანთ: “სკოლაში, პირველ დღეს, უნდა წარმოგვედგინა, თუ რა სურდა ცხოვრებაში ეკეთებინა. ჩემმა კლასელებმა დაწერეს: “ადვოკატი, ექიმი…” მე დავწერე – “ფეხბურთელი.” მასწავლებელმა მკითხა: “შენ მართლა ფიქრობ, რომ 300 ბავშვიდან, შენ ერთადერთი იქნები, რომელიც ფეხბურთს ითამაშებს?”

მე ვუპასუხე: “დიახ.”

ყველას გაეცინა.

წლების განმავლობაში, ისე ჩანდა, რომ ჩემი მასწავლებელი მართალი იყო. კარგად ვთამაშობდი, თუმცა კონტრაქტს არავინ მთავაზობდა. თუმცა 1998 წელს, როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად შიდა ტურნირს ვთამაშობდი. უცებ ერთმა კაცმა “ტორინოში” სინჯებზე ჩასვლა შემთავაზა. მასზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პარიზში რესტორნის მფლობელი იყო, ასე რომ ვიფიქრე: “უნდა ვენდო?” გადავწყვიტე დავთანხმებოდი. მან მითხრა, რომ მეორე დღეს დამირეკავდა.

სახლში წავედი და გზაზე ვფიქრობდი, რომ ის არასოდეს დარეკავდა.

მან მეორე დღეს დამირეკა და ტურინში გაყოლა მთხოვა. გუნდმა არაფერი შემომთავაზა, თუმცა იქვე “მარსალას” დირექტორიც იმყოფებოდა – ეს არის სიცილიური გუნდი, რომელიც მესამე დივიზიონში ასპარეზობს. მან გუნდში გადასვლა შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი.

როდესაც პარიზში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რომ სიცილია ჩემთვის სამოთხის კარი გახდებოდა.

ევრა: "ნება მომეცით, გითხრათ - რატომ მიყვარს ეს თამაში" 3

თუმცა ჯერ ბევრი რამ იყო გადასალახი. ვიცოდი რომ ჩემს თანაგუნდელებს ჩრდილოეთ იტალიაში, მთებში ჩაფლულ სოფელში უნდა შევხვედროდი, სადაც ისინი წინასასეზონო მზადებას გადიოდნენ. უცხოეთში მარტო ნამყოფი არ ვიყავი, არც იტალიური ვიცოდი. პარიზიდან მილანში მატარებლით წავედი, სადაც გადაჯდომა მიწევდა. მილანის სადგურში, დიდ ეკრანზე სიტყვები სიტყვებს ცვლიდნენ, თუმცა მე არაფერი მესმოდა, ჩემი მატარებელი არსად ჩანდა.

შემდეგ ვიღაც მომიახლოვდა. ის სენეგალიდან იყო და ცალი თვალით ხედავდა – მხოლოდ ეს მახსოვს მის შესახებ. მან მკითხა: “როგორ ხარ ძმაო? დაიკარგე? სევდიანი ჩანხარ.”

ვუპასუხე: “კი, არ ვიცი სად უნდა წავიდე.”

მან ჩემი ბილეთი ნახა და თქვა: “შენი მატარებელი ნახევარი საათის წინ წავიდა.”

ის მფარველ ანგელოზს ჰგავდა: მან საკუთარ სახლში წამიყვანა და საჭმლით გამიმასპინძლდა. შემდეგ იატაკზე 8 უცხო ადამიანთან ერთად მეძინა. დილის 6 საათზე გამაღვიძა, სადგურზე წამიყვანა და პლატფორმამდე მიმაცილა. დღემდე არ ვიცი, ვინ იყო ეს ადამიანი, მისთვის სათანადო მადლობის გადახდა ვერ შევძელი.

მატარებელში ვიჯექი, თუმცა არ ვიცოდი, როდის უნდა ჩამოვსულიყავი. ვიცოდი მხოლოდ გაჩერების სახელი, რომელიც ბილეთზე კალმით ჩემმა მფარველმა ანგელოზმა დამიწერა. ასე რომ, ყველა გაჩერებაზე, ხალხს ვეკითხებოდი: “ახლა უნდა ჩამოვიდე?” ბოლოს ვაგონში მე და 3 მონაზონი დავრჩით.

საბოლოოდ, სწორ გაჩერებაზე ჩამოვედი. თუმცა იქ არაფერი დამხვდა, სკამიც კი არ იდგა. მხოლოდ ქარი ქროდა.

ვიფიქრე: “ახლა კი ნამდვილად დავიკარგე. არც ტელეფონი მაქვს, არც მფარველი ანგელოზია აქ, მონაზვნებიც წავიდნენ. რა გავაკეთო?”

გადავწყვიტე, დახმარებას დავლოდებოდი. გავიდა 5 წუთი. 10 წუთი. ნახევარი საათი. 1 საათი. ორი საათი. არავინ მოვიდა. ბნელდებოდა.

გავიდა 6 საათი.

მანქანის ფარები დავინახე – გუნდის დირექტორი მოდიოდა. “მაპატიე, გვეგონა რომ მატარებელმა გაგასწრო” (ბლა-ბლა-ბლა…).

მან სასტუმროში წამიყვანა. სარკეში ჩავიხედე და მივხვდი რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. დედას დავურეკე და ვუთხარი: “დედა, ეს ადამიანები მაჭმევენ!”

დედაჩემმა ტირილი დაიწყო.

არასოდეს დამავიწყდება პირველი დღე სიცილიაში. ადგილობრივი მამა-შვილი ჩემკენ თითს იშვერდა, შემდეგ ფოტოს გადაღება მთხოვეს. ვიფიქრე: “მე ჯერ ერთი თამაშიც არ მითამაშია და ისინი უკვე მიცნობენ.”

ვკითხე, რატომ უნდოდათ ჩემთან ფოტოს გადაღება. ბავშვმა მითხრა, რომ მას შავკანიანი ადამიანი არასოდეს ჰყავდა ნანახი.

ასე შემხვდა სიცილია.

ჩემი დანახვა გუნდელებსაც გაუკვირდათ – გუნდში მხოლოდ თეთრკანიანები თამაშობდნენ. მათ ფერადკანიანი ადამიანების შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. ეს არცოდნას უფრო ჰგავდა, ვიდრე რასიზმს. რეალურად, სიცილიელები ძალიან გულუხვები არიან – შემეძლო, უბრალოდ ქუჩაში გამევლო და მათ სახლში სადილზე დავეპატიჟებინე. ისინი მეუბნებოდნენ: “შენ უკვე ჩვენიანი ხარ.”

სიცილიაში ყოფნას უარყოფითი მხარეც ჰქონდა: ადგილობრივები ჩემს დანახვაზე ვირის ხმასაც გამოსცემდნენ და ბანანებს მესროდნენ. ეს ძალიან რთული იყო, თუმცა მე ლეზ-ულესში გაზრდილი ვიყავი. მათი საქციელი უბრალოდ მაბრაზებდა.

ევრა: "ნება მომეცით, გითხრათ - რატომ მიყვარს ეს თამაში" 4

ერთი წლის შემდეგ, მე სერია ბ-ში, “მონცას” შემადგენლობაში დავიწყე თამაში. შემდეგ სეზონში კი, უკვე საფრანგეთში, “ნიცას” შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემი პოზიცია თავდამსხმელი იყო, თუმცა მოხდა ისე, რომ გუნდში მარცხენა მცველი დაიმტვრა. გუნდის მწვრთნელმა, სანდრო სალვიონიმ დაცვაში თამაში დამავალა.

“ამას ვერ იზამთ, მე თავდამსხმელი ვარ!”

ჩემი პრობლემა იყო ის, რომ თავდასხმაში თამაში კარგად გამომდიოდა, ამიტომაც არ მინდოდა უკან ჩამოსვლა. ერთ დღესაც, სალვიონიმ მითხრა: “პატ, იცი რატომ თამაშობ დაცვაში ასე კარგად? იმიტომ რომ ეს გძულს!”

მართალიც იყო. დაცვიდან შეტევაში ვერთვებოდი, რათა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ თავდამსხმელი ვიყავი. მთელი ჩემი ბრაზი თამაშში გადამქონდა. მეორე წელს, წლის საუკეთესო შემადგენლობაში მოვხვდი. გუნდი ლიგა 1-ში აღზევდა, მე კი საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს გუნდს, “მონაკოს” შევუერთდი. ეს იყო დღე, როდესაც პირველად ავიღე დიდი ანაზღაურება.

დედაჩემს სახლი ვუყიდე.

ევრა: "ნება მომეცით, გითხრათ - რატომ მიყვარს ეს თამაში" 5

წინ კვლავ ბევრი სირთულე მელოდებოდა. ვითამაშე საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც მოწინააღმდეგემ ფეხი ცუდად დამაბიჯა და ტრავმა მომაყენა. საავადმყოფოში “მონაკოს” მწვრთნელს, დიდიე დეშამს ვუთხარი: “ძალიან მტკივა, ვერ ვითამაშებ, სიარულიც არ შემიძლია.”

გავიდა დრო და 2006 წელს მე “მანჩესტერ იუნაიტედმა” შემიძინა. შეიძლება გახსოვთ, რომ ჩემი დებიუტი “მანჩესტერ სიტის” წინააღდეგ შედგა. დიდი დერბი. თამაში შუადღისას, 12:45-ზე დაიწყო, რაც ფრანგისთვის ძალიან უჩვეულო სიტუაციაა. ტრადიციული საუზმეების არაფერი გამეგება, ასე რომ არ ვიცოდი, რა უნდა მომემზადებინა. შევჭამე პასტა და ლობიო. გული ამერია. ოთახში ავედი და ფიქრი დავიწყე.

“ვუთხრა ფერგიუსონს, რომ ცუდად ვარ და თამაში არ შემიძლია? არა, ასე არ შეიძლება. შეშინებული ვჩანვარ. უნდა ვითამაშო.”

სტადიონისკენ მიმავალ გზაზე, ავტობუსში მღელვარებამ ამიტანა. მზიანი დღე იყო, ცხელოდა. ეს მანჩესტერი იყო. თამაშისას, ვცადე სტევორ სინქლერისთვის თავური ორთაბრძოლა მომეგო. სახეში იდაყვი მომხვდა, ყველგან სისხლს ვხედავდი. ჩემთვის ვფიქრობდი: “ღმერთო, ეს ბიჭები მეტისმეტად წრაფად დარბიან, თან ძლიერებიც არიან. რა კარგი იყო მონტე კარლოში…”

შესვენებაზე ანგარიშით 2:0 ვაგებდით. ფერგიუსონი გაცეცხლებული იყო. “შენ კი, პატრის, გეყოფა თამაში, დაჯექი და უყურე, რას ნიშნავს ინგლისური ფეხბურთი.” ის თამაში 3:1 წავაგეთ.

რამდენიმე თვის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობა დაასახელა. ჩემი თანაგუნდელები, ლუის საჰა და მიკაელ სილვესტრი გუნდში მოხვდნენ, მე კი განაცხადს გარეთ დავრჩი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი. მთელი ზაფხული სავარჯიშო ოთახში გავატარე და ვუყურებდი, თუ როგორ გავიდნენ ჩემი თანაგუნდელები 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში… ფინალში! ვიცოდი, რომ იქ თამაში შემეძლო. მინდოდა ირგვლივ ყველაფერი გამენადგურებინა. და მეც ვვარჯიშობდი გაუჩერებლად, თითქმის არ დამისვენია.

კარგად არ მესმოდა, რას ნიშნავდა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში თამაში. მე ვფიქრობდი, რომ გუნდში რაღაცას წარმოვადგენდი, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედი” ყველაფერზე მაღლა დგას. “იუნაიტედმა” შეიძლება მეხუთე დივიზიონის გუნდთან ითამაშოს, სტადიონზე კი 76,000 მაყურებელი მოვიდეს. “მონაკოში” 6,000 მაყურებლის წინ ვთამაშობდი. სტადიონზე ისეთი სიჩუმე იყო, რომ ტელეფონის ზარის ხმაც კი ისმოდა. არ ვხუმრობ, მართლა ასეა.

ჩემმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო – წინასასეზონო პერიოდში, “მანჩესტერ იუნაიტედს” საუკეთესო ფორმაში შევუერთდი. მართლა შეუჩერებელი ვიყავი. ამის მიღწევაში ჩემი წარსული დამეხმარა. “სიტისთან” მომხდარი შემთხვევა ჩემთვის სახელმძღვანელოდ იქცა, მე თავი არარაობად უნდა მეგრძნო. სწორედ ამის შედეგად გავიაზრე, რომ წარმატებისთვის ძალიან დიდი შრომა მჭირდებოდა.

ევრა: "ნება მომეცით, გითხრათ - რატომ მიყვარს ეს თამაში" 6

“იუნაიტედში” ჩემი თავი აღმოვაჩინე. მოდი კარგად აგიხსნით: თამაშისამდე, გასახდელში მთელი გუნდი მღეროდა და ცეკვავდა. მე დიჯეი ვიყავი – ვუკრავდი როკს, რეპს, რიტმ & ბლუზს. შემდეგ ფერგიუსონი შემოვიდოდა და იტყოდა: “ეს რა ჯანდაბაა?” – და მე მისთვის ფრენკ სინატრას ვრთავდი. გასახდელში ნამდვილ წვეულებას ვაწყობდით თუმცა თამაშის დაწყების წინ, ბოსი ჩაახველებდა და სიჩუმე ისადგურებდა: ჩვენ მებრძოლებად გადავიქცეოდით და თავგანწირვისთვის ვიყავით მზად, ეს საოცარი გარდასახვა იყო.

ასეთი ხასიათი და მიდგომა გვქონდა “იუნაიტედში.” ჩვენ ვერთობოდით, მაგრამ როდესაც შრომა იყო საჭირო, ბევრს ვმუშაობდით. ეს ჩემი დნმ იყო, სწორედ ამით ვუკავშირდებოდი გუნდს. იმ პერიოდში, გუნდს უფრო მეტად ვუძღვნიდი საკუთარ თავს, ვიდრე ოჯახს. ხანდახან ვფიქრობდი, რომ მეტისმეტიც კი მომდიოდა.

“მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. მაგალითად, გუნდში გადასვლისთანავე, გუნდის ისტორია შევისწავლე. როდესაც ახალ გუნდში მიდიხარ, იქაურობას კარგად უნდა იცნობდე, რადგან შენ ხარ ის, ვინც გუნდის ღირსებას მომავალში დაიცავს.

მანჩესტერს 2014 წელს დავემშვიდობე და ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთ დღეს, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტს მოვყვები, თუმცა გეტყვით, რომ გუნდიდან წასვლა სხვანაირად მინდოდა.

თუმცა, “იუვენტუსში” ძალიან კარგი 18 თვე გავატარე. “იუვენტუსში” ვიგრძენი, რომ “მანჩესტერში” თამაში არდადეგებზე წასვლას ჰგავდა. თუკი გუნდი კარში გოლს არ უშვებდა, გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მეტოქემ ბევრი კუთხური მოიპოვა. ერთხელ, სერია ა-ს 15 ქულით ვლიდერობდით და “ტორინოსთან” დავმარცხდით. მეორე დილით, ვარჯიშზე ისეთი განწყობა სუფევდა, თითქოს ვიღაც გარდაიცვალა. ერთ-ერთ ვარჯიშზე, კლაუდიო მარკიზიოს გული აერია და დასვენება მოუწია. როდესაც გუნდმა ვარჯიში დაასრულა და გასახდელში გადაინაცვლა, მწვრთნელებმა მარკიზიოს მიუთითეს: “შენ ჯერ ვერ დაისვენებ.” მარკიზიო ცუდად იყო, მაგრამ ვარჯიში მაინც ბოლომდე მიიყვანა.

ასეთი იყო “იუვენტუსი.”

თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედი…” ეს სხვა გუნდია. “იუნაიტედი” ის არის, რაც მე.

ახლა 38 წლის ვარ და კარიერის დასრულების დროა.

ჩემი ერთადერთი მიზანია, ვიყო საუკეთესო ადამიანი.

შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სენეგალში 2 თავშესაფარი გავხსენი, სადაც 400-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს და სკოლაში დადის. ეს ჩემი კარიერის მთავარი მიღწევაა. მე კვლავ გადავიღებ ვიდეოებს და გეტყვით: “მე მიყვარს ეს თამაში,” იმიტომ რომ მინდა, ჩემი ბედნიერება გაგიზიაროთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ, როდესაც ვინმე მეუბნება: “პატრის, მე მამა გარდამეცვალა, თუმცა შენმა ვიდეომ მაინც გამაღიმა.”

ევრა: "ნება მომეცით, გითხრათ - რატომ მიყვარს ეს თამაში" 7

რამდენიმე ვიდეოში, მე პანდასთან ერთად ვჩანვარ ან პანდას კოსტიუმი მაცვია. მე ვცეკვავ, ვმღერი და ვამბობ: “იყავით პანდას მსგავსი! მე ვარ შავიც და თეთრიც, უთხარით არა რასიზმს!

ეს ძალიან ძლიერი გზავნილია. იმედი მაქვს, პანდა ადამიანებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, რომ ჩვენ შეგვიძლია, დედამიწა უკეთესი ადგილი გავხადოთ. ნუ განსჯით ადამიანებს მათი წონის, კანის ფერის, ვარცხნილობის ან თვალის ფერის მიხედვით. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ჩვენ ვართ ძმები და დები, ერთი ოჯახი.

პანდა მახსენებს ფერგიუსონის სიტყვებს, რომელიც მან ჩვენ “ჩელსისთან” გასამართი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გვითხრა (მოსკოვი 2008). ჩვენ გასახდელში ვიყავით, ბოსი შემოვიდა და ჩვეულებისამებრ, მუსიკა გაჩერდა. მან თქვა: “უკვე გავიმარჯვე.”

ერთმანეთს გადავხედეთ.

მან თქვა: “უკვე გავიმარჯვე, ამ თამაშის ჩატარება საჭირო არ არის.”

ვიფიქრეთ: “რას ამბობს? თამაში ჯერ არც კი დაწყებულა.”

შემდეგ ფერგიუსონი ჩემსკენ შემობრუნდა: “შეხედეთ პატრისს. მას 24 დედმამიშვილი ჰყავს. წარმოიდგინეთ, რისი გადატანა უწევდა დედამისს, რომ მაგიდაზე საკვები ყოფილიყო…”

შემდეგ უეინ რუნისკენ შეტრიალდა: “შეხედეთ უეინს. ის ლივერპულის ერთ-ერთ უღარიბეს ნაწილში გაიზარდა.”

შემდეგ ჯი-სუნგ პარკს გახედა: “მან სამხრეთ კორეიდან ჩვენამდე მოაღწია…”

ბოსი ჩვენზე საუბრობდა და მივხვდით, რომ ჩვენ უბრალო გუნდი არ ვიყავით – ეს იყო მსოფლიოს სხვადახვა ნაწილებიდან გაერთიანებული ხალხი, რომელიც სხვადასხვა კულტურას, რელიგიასა და რასას წარმოადგენდა. იმ წამს კი იქ ვიყავით, მოსკოვში, სადაც საერთო მიზნისთვის ვიბრძოდით. ფეხბურთის საშუალებით, ჩვენ ძმები ვიყავით.

ეს ჩემი გამარჯვებაა!” – თქვა ფერგიუსონმა.

ყველას დაგვაჟრიალა. შემდეგ მოედანზე გავედით და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

ეს “მანჩესტერ იუნაიტედია.”

სწორედ ამიტომ მიყვარს ეს თამაში.

ევრა: "ნება მომეცით, გითხრათ - რატომ მიყვარს ეს თამაში" 8

(2061)

ევრა: “ნება მომეცით, გითხრათ – რატომ მიყვარს ეს თამაში”

სტატიის ავტორი
-