Belive

ევრო 2012 U17 - სად არიან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ახლა?

4 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
2012 წელს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და ურთულესი ჯგუფიდან (ინგლისი, ესპანეთი, უკრაინა) ევროპის ჩემპიონატზე  გავიდა. საქართველო ტურნირზეც უძლიერეს ჯგუფში მოხვდა (გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია) და იქიდანაც მოახერხა ნახევარფინალში გასვლა სადაც რუმინელი მსაჯის მარიუს ავრამის ავადსახსენებელი ქმედებების გამო მომავალ ჩემპიონ ჰოლანდიასთან 2:0 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მაშინ უძლიერესმა მეტოქეებმა ითამაშეს. საფრანგეთიდან: კლემენ ლენგლე, ენტონი მარსიალი, ერვინ ონგენდა, ტომას ლემარი. ჰოლანდიიდან: ტონი ვილჰენა, ნათან აკე. გერმანიიდან: ნიკლას ზულე, იულიან ბრანდტი, მაქს მეიერი. სამწუხაროდ უნიჭიერესი თაობის დიდმა ნაწილმა კარიერა შესაბამისად ვეღარ გააგრძელა, Live.ge გთავაზობთ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე განაცხადში მყოფ ფეხბურთელთა მოკლე ბიოგრაფიებს.  

ალექსანდრე ადამია

საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე საიმედოობით გამოირჩეოდა როგორც შესარჩევი ეტაპის ასევე ევროპის ჩემპიონატის დროსაც, სამწუხაროდ ახალგაზრდა მეკარის კარიერა ისე ვერ წარიმართა როგორც გულშემატკივარი ისურვებდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ადამია რუსთავის "მეტალურგის" აკადემიიდან "გაგრაში" გადავიდა, რის შემდეგაც კარიერაში ნახევარწლიანი შესვენება ჰქონდა, კარიერა კი "ტორპედოში" განაახლა. 2015 წლიდან ადამია ქვედალიგელ ხელვაჩაურის "მაჭახელაში" ირიცხება.  

ალექსანდრე ადამია ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, ევრო 2012 ელიტ რაუნდი, თბილისი,  28.03.12

 

ნიკა შერმადინი

ნაკრების მეორე მეკარეს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ჩატარება არ მოუწია. იქიდან მოყოლებული კი უამრავი კლუბი მოიარა, თუმცა ქვეყნის ფარგლებს არ გასცდენია, ამჟამად შერმადინი დუშეთის "არაგვის" ღირსებას იცავს.

ნიკა შერმადინი და ალექსანდრე ადამია

 

ოთარ კაკაბაძე

უნიჭიერესი მარჯვენა მცველი რომლის კარიერა გაცილებით უკეთესად წარიმართა ვიდრე მისი თანაგუნდელების დიდი უმრავლესობის.  ევროპის ჩემპიონატიდან 1 წლის შემდეგ კაკაბაძე თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში გამოჩნდა სადაც 2016 წლის ზაფხულამდე იასპარეზა. 2016 წელს კაკაბაძე ესპანეთის სეგუნდადივიზიონის "ხიმნასტიკმა" 325 000 ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, რასაც დანიურ "ესბიერგში" განათხოვრება მოჰყვა. 23 წლის კაკაბაძე ამჟამად შვეიცარიული "ლუცერნის" ღირსებას იცავს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადის მარჯვენა მცველია.  

ოთარ კაკაბაძე და მაქსიმილიან დიტგენი, 2012 წლის U17 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, საქართველო გერმანია.

 

ლაშა დვალი

ნიჭიერ ცენტრალური მცველი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უამრავ კლუბში ირიცხებოდა, აქედან ყველაზე ცნობილი კი ინგლისური "რედინგი" იყო, თუმცა "რედინგიდან" ის სხვადასხვა კლუბებში იყო განათხოვრებული .191 სმ სიმაღლის დვალს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი დაუგროვდა, ამჟამად კი უნგრული "ფერენცვაროშის" ღირსებას იცავს, სადაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.  

ლაშა დვალი მესუთ ოზილის წინააღმდეგ

 

ნიკა ჭანტურია

ნიკა 2012 წელს საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ნახევარფინალში ნიკა ჰოლანდიის წინააღმდეგ მე-16 წუთზე გააძევეს, ჩვენი ნაკრები ბოლო წუთებამდე უძლებდა ძლიერი მეტოქის შეტევებს, თუმცა მატჩის ბოლოს 2 გოლი გავუშვით და ფინალში ჰოლანდიელები გავიდნენ. ჭანტურიას სახელი შემდეგ თვეებში ლონდონის "არსენალს" დაუკავშირეს, თუმცა ცენტრალური მცველის ტრანსფერი საბოლოოდ გახშირებულმა ტრავმებმა შეაფერხა, და ისე მოხდა რომ ნიკას საქართველოს გარეთ არ უასპარეზია. ამჟამად ჭანტურია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს.  

ნიკა ჭანტურია და ენტონი მარსიალი. 2013 წლის U19 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური  ეტაპის მატჩი, საქართველო - საფრანგეთი

 

გიგა სამხარაძე

ნიჭიერ მარცხენა მცველი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დარციმელიას გამარჯვების გოლის დროს ასისტენტობა გაუწია. გიგა "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და საქართველოს გარეთ არ უასპარეზია. "დინამოდან" იგი  "დილაში" გადავიდა, ამჟამად კი ქვედალიგელი "გაგრას" ღირსებას იცავს.  

გიგა სამხარაძე და ლაშა დვალი ივან კალეროს წინააღმდეგ. ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის ელიტ-რაუნდის მატჩი, თბილისი, საქართველო - ესპანეთი

 

ჭიაბერ ჭეჭელაშვილი

საყრდენი ნახევარმცველი რომელმაც მთელი ჩემპიონატის მანძილზე ტოლი არავის დაუდო და საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე პენალტიც გაუტანა. ჭეჭელაშვილს უცხოეთში არ უთამაშია და სხვადასხვა ქართული კლუბები მოიარა, ამჟამად კი ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავს.

ჭეჭელაშვილის გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში

 

გიორგი პაპუნაშვილი

გიორგი ამ ნაკრებიდან ალბათ ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, მან ელიტ-რაუნდში ინგლისს უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა. და მთელი ჩემპიონატის მანძილზე დიდ პრობლემებს უქმნიდა მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს. სწრაფი, ტექნიკური ძლიერი დარტყმით - პაპუნაშვილი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბევრი გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა, თუმცა 2015 წლამდე თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა. შემდეგ კი ბრემენის "ვერდერში" გადავიდა, მაგრამ გერმანიაში კარიერა ვერ აიწყო და "დინამოში" დაბრუნდა, 2017 წლის ივლისში გიორგი "სარაგოსამ" 270 000 ფუნტად შეიძინა და პაპუნაშვილიც დღემდე ესპანური კლუბის ღირსებას იცავს. კლუბის მაისურით ჩატარებულ 45 მატჩში პაპუნაშვილს 11 გოლი აქვს გატანილი.  საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში გიორგის 2 გოლი აქვს გატანილი.

გიორგი პაპუნაშვილი ჯერემი დუზიაკის წინააღმდეგ, U17 ევრო 2012, ჯგუფურის ეტაპის მატჩი, საქართველო - გერმანია

   

ვანო წილოსანი

ტანმაღალი ცენტრფორვარდი, რომელმაც განსაკუთრებით ელიტ-რაუნდში დაგვამახსოვრა თავი. "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელმა კარიერის აწყობა თურქეთში სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამჟამად 23 წლის თავდამსხმელი ლანჩხუთის "გურიას" ღირსებას იცავს.  

ვანო წილოსანი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე

ნიკა ახვლედიანი

ნიკა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების "ათიანი" იყო. ზუგდიდის "ბაიას" ფეხბურთელი გარკვეული პერიოდის მანძილზე "ტორპედოსა" და "ლოკომოტივის" რიგებში თამაშობდა. თუმცა მისი ბოლო კლუბი წალენჯიხის "სქური" იყო, რომელიც 2017 წლის 17 ივლისს დატოვა და ამის შემდეგ მისი კლუბის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.

ნიკოლოზ ახვლედიანი

 

დავით ჯიქია

ნაკრების ცენტრფორვარდმა მთელი შესარჩევი ეტაპი ფენომენალურად ჩაატარა და გულშემატკივრებს არაერთხელ მოსწყვიტა აპლოდისმენტები. ჯიქია მეტოქის მცველებისთვის ნამდვილი სასჯელი იყო - სწრაფი, მოქნილი, ჭკვიანი. მისი კარიერა ქართულ კლუბებში მიმდინარეობს - "ტორპედო", "დინამო", "საბურთალო". ამჟამად დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს.

დავით ჯიქია ნიკლას ზულეს წინააღმდეგ, U17 ევრო 2012, ჯგუფური ეტაპის მატჩი, საქართველო - გერმანია

 

გიორგი გოროზია

მშრომელი ნახევარმცველი, რომელმაც დიდი შავი სამუშაო შეასრულა მთელი კამპანიის განმალობაში. 2014 წელს გოროზია "ლოკომოტივიდან" ნორვეგიულ "სტაბეკში" გადავიდა.  "სტაბეკში" გოროზიამ ორწელიწადნახევარი ითამაშა და შემდეგ აზერბაიჯანულ "ზირას" შეუერთდა. ამჟამად გიორგი თბილისი "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს

გიორგი გოროზია ტომას ლემარის წინააღმდეგ, U17 ევრო 2012, ჯგუფური ეტაპის მატჩი, საქართველო - საფრანგეთი

 

გიორგი აბურჯანია

აბურჯანია ამ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იგი გორის "დილას" შეუერთდა საიდანაც მალე ჯერ "ლოკომოტივში" შემდეგ კი კვიპროსულ "ანორთოსისში" გადაბარგდა. წარმატებულ ისეზონნახევრის შემდეგ აბურჯანია "ხიმნასტიკმა" შეიძინა, საიდანაც გიორგი 1.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "სევილიამ" შეიძინა. აბურჯანიას ხოაკინ კაპაროსის გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ მისცემია, წინა სეზონში იგი სეგუნდადივიზიონის "ლუგოში" იყო განათხოვრებული. სად გააგრძელებს კარიერას ახალი სეზონიდან აბურჯანია ჯერჯერობით უცნობია, იგი "სევილიას" საკუთრებაში რჩება. გიორგის ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

აბურჯანია ნემანია მატიჩის წინააღმდეგ

 

დავით დარციმელია

დარციმელიამ ისლანდიას ფაქტობრივად ჯგუფიდან გამყვანი გოლი გაუტანა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მან უამრავი კლუბი მოიარა, მათ შორის უკრაინული "სევასტოპოლი", უნგრული "ნიირეგიჰაზა" და შვედური "ჰარნოსანდი", თუმცა კარიერა ვერსად ვერ აიწყო, ამჟამად დარციმელია ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავს.

დარციმელიას გოლი ისლანდიის კარში

   

 

მათე ცინცაძე

მათე ცინცაძე მათ რიგებს მიეკუთვნება ვისგანაც გაცილებით მეტს ველოდით და ველოდებით, ჭკვიანი და მებრძოლი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ჩემპიონატის დასრულებიდან 1 წელში თბილისის "ლოკომოტივიდან" ქუთაისის "ტორპედოს" შეუერთდა., შემდეგ კი თბილისის "დინამოში" გადავიდა და 3 წარმატებული წელიწადი გაატარა დედაქალაქურ კლუბში. 2018 წლის იანვარში მათე პოლონურ "პოგონში" გადავიდა და კლუბში ერთი წელი დაჰყო. ამჟამად ცინცაძე ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობს.

ცინცაძე (N13) ისლანდიასთან გამარჯვების შემდეგ

 

ალეკო მზევაშვილი

სწრაფი და ტექნიკური გარემარბი, რომელმაც უკრაინას გადამწყვეტი გოლი გაუტანა თბილისური ელიტ-რაუნდის ბოლო მატჩში. მზევაშვილი მთელი ტურნირის მანძილზე გამორჩეული იყო და მეტოქე გუნდის მცველებს ბევრ პრობლემას უქმნიდა. სამწუხაროდ მზევაშვილი, რომელიც მაშინ "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა ამის მერე დაიკარგა. "დინამო II", "იმერეთი" ბოლოს კი "ჭიათურა", მისი ნიჭის მფლობელისგან უფრო მეტს ველოდით ...  

მზევაშვილის გოლი უკრაინის კარში

გიორგი გაბაძე 

"ლოკომოტივის" აღზრდილს 17 წლამდელთან ნაკრებში სულ სამი მატჩი აქვს ჩატარებული და დღემდე ამ კლუბის ღირსებას იცავს.

გიორგი გაბაძე

 

არჩილ მესხი

მესხი ჩემპიონატზე სათადარიგო შემტევის რანგში იყო წაყვანილი და ბევრი არ უასპარეზია, მის საკლუბო კარიერას რაც შეეხება "დინამოს" აღზრდილი უამრავი კლუბის მოვლის შემდეგ  ამჟამად ს.კ. "გორის" ღირსებას იცავს.

არჩილ მესხი ადამ არნარსონის წინააღმდეგ, U17 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი, საქართველო  - ისლანდია

  მონაცემები აღებულია transfermarkt.co.uk - ის მიხედვით

სხვა სტატიები