Belive

ევრო 2020 - 5 გამორჩეული მომენტი ჯგუფური ეტაპიდან

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ევროპის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის - 26 ივნისს მერვედფინალური სერია ორი მატჩით გაიხსნა, დანიამ უელსს მოუგო, იტალიამ კი - ავსტრიას. Sporskeeda მკითხველს ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო მომენტებს ახსენებს.

5. ბენზემამ ორი გოლი ზუსტად ერთსა და იმავე დროს გაიტანა

ევროპის ჩემპიონატზე ,,სიკვდილის ჯგუფად'' მონათლულ F ჯგუფში, სადაც საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და უნგრეთი ასპარეზობდნენ, არაერთი საინტერესო რამ მოხდა. თუმცა, საფრანგეთისა და პორტუგალიის მატჩში უიშვიათესი ფაქტი დაფიქსირდა - ქარიმ ბენზემამ ორივე გოლი ზუსტად 46-ე წუთსა და 44-ე წამზე გაიტანა. შესაძლოა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა - ფრანგმა პირველად მეტოქის კარი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში აიღო, მეორედ კი - მეორე ტაიმის სტარტზევე. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა და მერვედფინალის საგზური ორივე ნაკრებმა გაიფორმა.


4. კრიშტიანუ რონალდუმ არაერთი რეკორდი დაამყარა

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპი პორტუგალიის ეროვნული კაპიტნისთვის - კრიშტიანუ რონალდუსთვის ისტორიული გამოდგა, 36 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე რეკორდის დამყარება შეძლო. პორტუგალიელმა უნგრეთთან მატჩში დუბლი გაიფორმა და 11 გოლით ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (რონალდუმ მიშელ პლატინის გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 9 გოლია). უნგრეთთან შეხვედრის შემდეგ კრიშტიანუმ კიდევ 3 გოლის გატანა შეძლო. ,,იუვენტუსის'' შემტევი, ასევე, არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქის კარი ევროპის 5 სხვადასხვა ჩემპიონატზე აიღო. გარდა ამისა, რონალდუ გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ევროპირველობაზე დუბლი გაიფორმა. და მთავარი რეკორდი - საფრანგეთთან გაფორმებული დუბლით, პორტუგალიელი ვარსკვლავი ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით (109) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ალი დაეის გაუთანარბდა.


3. გერმანიის ქამბექი 86-ე წუთზე

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ F ჯგუფში უნგრეთის ნაკრები ქულის მოპოვებას შეძლებდა, თუმცა მარკო როსის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 2 ქულით დაასრულა და თანაც, მერვედფინალში გასვლა ბოლო წუთამდე შეეძლო. დრამატული გამოდგა ,,სიკვდილის ჯგუფის'' ბოლო ტური, რომელშიც გერმანიამ ფლეიოფის საგზური უნგრეთის წინააღმდეგ 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა. ,,ბუნდესნაკრები'' ჯგუფის აუტსაიდერთან ორჯერ აგებდა, თუმცა გორეცკას გოლით ქულის მოპოვება მაინც შეძლო, ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალშიც გავიდა.


2. ესპანეთის გამოცოცხლება ბოლო ტურში

ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მძიმედ დაიწყო და პირველი ორი ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა. ,,ფურია როხა'' არაერთმა სპეციალისტმა და ფეხბურთელმა გააკრიტიკა. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა, ისიც თქვა, რომ ესპანელები საშინლად თამაშობდნენ. თუმცა, ესპანეთმა ჯგუფის ბოლო ტურში, სლოვაკეთთან მატჩში, ,,კლანჭები'' მაინც გამოაჩინა - მეტოქე 5:0 გაანადგურა და 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება - მატჩი ხვალ, 28 ივნისს, კოპენჰაგენში გაიმართება.


1. კრისტიან ერიქსენის კოლაფსი

დანიასა და ფინეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, ფეხბურთელი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს. უეფამ მალევე დაადასტურა, რომ ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო. ,,მსგავს სიტუაციებში სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერიქსენს ელექტროშოკის მისაღებად სულ 2-3 წუთი დასჭირდა, ეს კი ნიშნავდა, რომ მისი გადარჩენის შანსი მაღალი იყო. მან თვალები გაახილა და დამელაპარაკა. ინგლისურად ვკითხე: ,,დაბრუნდი?'' მან კი მიპასუხა: ,,კი, აქ ვარ.'' შემდეგ კი დაამატა: ,,ჯანდაბა, ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ.'' ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იყო და მას საფრთხე არ ემუქრებოდა, მან ნათქვამი გაიგო და ხელი მაშინვე მკერდზე დაიდო,'' - განაცხადა გერმანელმა ექიმმა, იენს კლიანფელდმა, რომელიც კოპენჰაგენში დანიისა და ფინეთის მატჩზე იმყოფებოდა, სადაც კოლეგებთან ერთად გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინსტრუქტაჟი ჩაატარა. ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ, ერიქსენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა: ,,მადლობა, არ დავნებდები! ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ, მინდა გავიგო, რა დამემართა. მსურს, ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ!'' ერიქსენის გუნდმა ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში რუსეთი გაანადგურა, შემდეგ კი რუსეთის ბედი უელსმა მერვედფინალში გაიზიარა - დანიელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და მერვედფინალის საგზური გაიფორმეს.

 

სხვა სტატიები