Belive

ევრო 2020: ყველაფერი, რაც იტალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ 

2 წლის წინ ფეხბურთი
17 წთ

პროფილი

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა:  1898 წლის 26 მარტს ფიფას წევრი: 1905 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან პრეზიდენტი: გაბრიელე გავირია ფიფას რეიტინგი: 7 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 7 (1993 წლის ნოემბერი, 2007 წლის თებერვალი, 2007  წლის აპრილიდან ივნისამდე, 2007 წლის სექტემბერი) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 21 (2018 წლის აგვისტო) საშინაო არენა: სხვადასხვა მეტსახელი: სკუადრა აძურა, ლურჯები მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი კაპიტანი: ჯორჯო კიელინი (ტურინის "იუვენტუსი", 36 წლის) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ჯანლუიჯი ბუფონი (176) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ლუიჯი რივა (35) პირველი მატჩი: იტალია - საფრანგეთი 6:2 (1910 წლის 15 მაისი, მილანი, იტალია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: იტალია – აშშ 9:0 (1948 წლის 2 აგვისტო, ბრენტფორდი, ინგლისი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: უნგრეთი – იტალია 7:1 (1924 წლის 6 აპრილი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

მიღწევები და ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატი: მონაწილეობა – 18 (პირველად 1934 წელს) საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1934, 1938, 1982, 2006) ევროპის ჩემპიონატი: მონაწილეობა – 9 (პირველად 1968 წელს) საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1968) კონფედერაციის თასი: მონაწილეობა – 2 (პირველად 2009 წელს) საუკეთესო შედეგი: მესამე ადგილი (2013)
Italy New Squad UEFA Euro 2021 || Italy New And Young Players Euro 2021 - YouTube
 

ისტორია

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ნაკრები 1910 წელს დაარსდა და იმავე წელს ჩატარებულ პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული გუნდი უხვგოლიან შეხვედრაში - 6:2 სძლია. "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებულია, ასევე ორჯერ ვერცხლის, ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორი და ერთხელ მეოთხეადგილოსანი. იტალიელთა კოლექციაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ინახება და ამ ტურნირზეც "ლურჯებმა" 2 ფინალი წააგეს. აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრები პირველი და დღემდე ბრაზილიასთან ერთად ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო - 1934 და 1938 წლებში, მაშინ გუნდს ჯუზეპე მეაცა ლიდერობდა, რომლის სახელსაც დღეს მილანში არსებული სტადიონი ატარებს, რომელსაც ხშირად "სან სიროდაც" მოიხსენიებენ და რომელზეც "მილანი" და "ინტერი" მონაცვლეობით თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში პირველ მუნდიალზე "აძურას" მონაწილეობა არ მიუღია, შემდეგი ორი ტრიუმფით დაასრულა.
ხსენებული ორი ტურნირიდან პირველს იტალიამ თავად უმასპინძლა და ფინალამდე ისე მივიდა, რომ გზად აშშ (7:1), ესპანეთი (1:0) და ავსტრია (1:0) დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიას აჯობა (2:1). 4 წლის შემდეგ, მუნდიალი უკვე მეზობლად, საფრანგეთში ჩატარდა და იქ მოქმედმა ჩემპიონმა ტიტული ღირსეულად დაიცვა. ჯგუფური ეტაპი ამჯერადაც არ გვქონია და იტალიელებმა ასპარეზობა სხვების მსგავსად მერვედფინალიდან დაიწყეს, სადაც ნორვეგიას (2:1) აჯობეს, შემდეგ მასპინძელთა ბარიერიც მარტივად (3:1) გადალახეს და ნახევარფინალში ბრაზილიას მოუგეს - 2:1. ფინალურ შეხვედრაში იტალიას მეტოქედ უნგრეთი ერგო, თუმცა უპრობლემოდ - 4:2 აჯობა და ზედიზედ მეორე ტიტულს დაეუფლა. ამრიგად, მსოფლიოს პირველობაზე, 8 წლის განმავლობაში იტალიელებს არცერთი მატჩი წაუგიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ შუაში, 1936 წელს მათ ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის მოგებაც მოახერხეს. მეორე მსოფლიო ომის და პოლიტიკური კრიზისის დასრულების შემდეგ პირველი მუნდიალი 1950 წელს შედგა და იტალია ამჯერადაც მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ინარჩუნებდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია - 16 წელი. ტურნირს ბრაზილიამ უმასპინძლა, თუმცა იტალიელები მას შესუსტებული შემადგენლობით შეხვდნენ, ჯგუფში შვედეთისა და პარაგვაის ნაკრებებთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა მეორე ადგილი დაიკავეს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, 1949 წელს ავიაკატასტროფის შედეგად აპენინელთა ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა დაიღუპა. ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლობა 4 წლის შემდეგაც განმეორდა - შვეიცარიაში ჩატარებულ ტურნირზე იტალია მასპინძლებმა, ინგლისმა და ბელგიამ ჩატოვეს - საბოლოოდ კი რეგრესი იქამდე მივიდა, რომ 1958 წლის მუნდიალი იტალიამ საერთოდ გამოტოვა. თუმცა, შემდეგი 60 წლის განმავლობაში, ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა დიდმა ტურნირმა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის გარეშე ჩაიარა. ავიაკატასტროფით გამოწვეული პრობლემების შემდეგ, 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან იტალიის ნაკრებისთვის აღმავლობის ახალი ხანა დაიწყო. გუნდი დიდ ტურნირებს 1962 წელს დაუბრუნდა, თუმცა ეს და შემდეგი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ ჯგუფურ ეტაპზე გამოჩენით შემოიფარგლა. პირველ შემთხვევაში იტალიას დასავლეთ გერმანიამ და ჩილემ, შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა დდ ჩრდილოეთ კორეამ აჯობა. აი 1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი იტალიელებმა ისტორიაში მესამე ტიტული მოიგეს და დიდ საფეხბურთო რუკაზე ხმაურიანად დაბრუნდნენ. რიგით მესამე გათამაშებაში იტალიამ მონაწილეობა პირველად, თანაც მასპინძლის სტატუსით მიიღო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 4 ქვეყანა გამოვიდა, ნახევარფინალში მათ საბჭოთა კავშირის ბარიერი გადალახეს, თუმცა ეს ძალზედ და ალბათ ისტორიაშიც ყველაზე უცნაურად მოხდა. სათამაშო დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის ბედი არა პენალტების სერიამ ან განმეორებითმა მატჩმა, არამედ მსაჯის მიერ მონეტის აგდებამ გადაწყვიტა. იტალიას გამარჯვება ფინალშიც გაუჭირდა, სადაც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისის დამმარცხებელი ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან პირველი მატჩი ფრედ - 1:1 დაასრულეს და ჩემპიონის გამოვლენას განმეორებითი მატჩი დასჭირდა, რომელშიც იტალიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. სამაგიეროდ, 2 წლის შემდეგ, გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ღირსეულად გააღწია. მექსიკაში ჩატარებულ ტურნირზე იტალიელებმა შვედეთს (1:0) აჯობეს ურუგვაისთან (0:0) და ისრაელთან (1:1) კი ფრე ითამაშეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მასპინძლებს - 4:1 სძლიეს, ნახევარფინალში კი დასავლეთ გერმანიასთან (3:3) პენალტების სერიაში (4:2) იმარჯვეს და ფინალს მიაღწიეს. აქ იტალიელებმა პელეს, კარლოს ალბერტოს, ზაირჟინიოს და სხვების დიდებულ ბრაზილიას ვერაფერი დაუირისპირეს და - 1:4 წააგეს. შემდეგი ტიტულის მოპოვება იტალიელებმა 1980-იან წლებში შეძლეს. ეს 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. ესპანეთში იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი სამხრეთამერიკული გრანდი, არგენტინა (2:1) და ბრაზილია (3:2) ჩატოვა, ნახევარფინალში პოლონეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალში დასავლეთ გერმანიას უპრობლემოდ (3:1) აჯობა.
შემდეგი ორი დეკადა იტალიელებისთვის არცისე წარმატებული იყო, თუმცა 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან გუნდისთვის წარმატების ახალი ხანა დადგა. 1994 წლის მუნდიალზე გუნდმა კიდევ ერთ ფინალს მიაღწია. აშშ-ში ჩატარებულ ტურნირზე იტალიამ ურთულესი ჯგუფიდან გააღწია. შემდეგ ეტაპზე სამი გუნდი გადიოდა, საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ მექსიკამაც, ირლანდიამაც, იტალიამაც და ნორვეგიამაც 4-4 ქულა დააგროვა, იტალიელებმა კი შემდეგ ეტაპზე გატანილ/გაშვებული ბურთების უკეთესი ბალანსით მესამე ადგილით გააღწიეს. იქ მათი მეტოქე ნიგერიის ნაკრები აღმოჩნდა, რომელსაც დამატებითი დროის შედეგად - 2:1 აჯობეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. აქ მათ გაცილებით რთული მეტოქეს, ესპანეთის ნაკრები ელოდათ, "სკუადრა აძურამ" ესპაენთს - 2:1 აჯობა და ფინალამდე მისასვლელ გზაზე ბულგარეთს დაუპირისპირდა, რომელსაც ანალოგიური ანგარიშით აჯობა და გადამწყვეტი შეხვედრის თამაშის უფლება მოიპოვა. აქ ისინი კვლავ ბრაზილიას შეხვდნენ და "სელესაოსთან" ფინალის წაგება კიდევ ერთხელ იწვნიეს. ძირითადი და დამატებითი დრო გოლის გარეშე დასრულდა, პენალტების სერია და ლეგენდარული რობერტო ბაჯოს აცილება კი ყველას კარგად ახსოვს.
21-ე საუკუნეში იტალიის ნაკრებმა ჯამში სამ ფინალში ითამაშა, საიდანაც ორში დამარცხდა, ერთი კი გამარჯვებით დაასრულა. პირველი გადამწყვეტი შეხვედრა 2000 წელს შედგა და იგი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა. ნიდერლანდებსა და ბელგიაში ჩატარებულ ტურნირზე იტალიამ 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც უკან მასპინძელი ბელგია (2:0), შვედეთი (2:1) და თურქეთი (2:1) მოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მეორე მატჩი იტალიისა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირება გახლდათ, ისევე როგორც ეს მოახლოებული ტურნირის გახსნით შეხვედრაში მოხდება. პლეი-ოფში ინძაგის, დელ პიეროს, ტოტის, მალდინისა და სხვათა თაობამ რთული გზა განვლო და სამ ევროპულ ქვეყანასთან მოუწია დაპირისპირება. მათ რუმინელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, შემდეგ მეორე მასპინძელი ნიდერლანდებიც პენალტების სერიაში (3:1) დაამარცხეს და ტიერი ანრის, ზინედინ ზიდანის და სხვათა საფრანგეთს დაუპირისპირდა, მათი ბარიერი დინო ძოფის გაწვრთნილმა გუნდმა ვეღარ გადალახა და დამატებით დროში, დევიდ ტრეზეგეს გოლით დამარცხდა. სამაგიეროდ, 6 წელიწადში იტალიელებმა რევანში აიღეს, თანაც არა კონტინენტის, არამედ მსოფლიოს პირველობაზე. გერმანიაში გამართულ მუნდიალზე იტალიელებს უძლიერესი გუნდი ჰყავდათ და ფინალამდეც დამაჯერებლად მივიდნენ. გამოცდილი ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით ნიჭიერი ახალგაზრდებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც ჯგუფურ ეტაპზე განას (2:0) და ჩეხეთის (0:2) დაამარცხა და აშშ-სთან ფრე (1:1) ითამაშა. პლეი-ოფში მარჩელო ლიპის გუნდმა ავსტრალიას (1:0), უკრაინას (3:0) და მასპინძელ გერმანიას დამატებით დროში - 2:0 აჯობა. ფინალი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გამოვიდა, ზინედინ ზიდანის ბოლო მატჩი, პენალტების სერია და ლეგენდარული იტალიის ტრიუმფი, რასაც ფეხბურთის ისტორიაში მეორე შემთხვევა მოჰყვა, როცა ოქროს ბურთი ცენტრალურმა მცველმა, ფაბიო კანავარომ მოიგო. 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატს, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში გაიმართა, იტალიური ფეხბურთი ე.წ. "გაყიდული მატჩების" სკანდალით შეხვდა და მათგან დიდ წარმატებას ცოტა თუ მოელოდა, თუმცა ვინჩენცო მონტელას გუნდმა ფინალამდე მიაღწია. საინტერესოა, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფის პირველსავე ტურში იმ გუნდს შეხვდა, რომელსაც ფინალში დაუპირისპირდა. ესპანეთის ნაკრებთან პირველი მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა, მეორე და მესამე ტურში კი "სკუადრა აძურამ" ანალოგიური ანგარიში დააფიქსირა ხორვატიასთან და ირლანდიის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.  მეოთხედფინალში იტალიელებმა ინგლისს აჯობეს და ეს პენალტების სერიაში (4:2) შეძლეს. უკვე ნახევარფინალში მათ მარიო ბალოტელის დუბლით - 2:1 მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები გამოთიშეს ასპარეზობას და ფინალამდე მიაღწიეს. სადაც კვლავაც მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ "ფურია როხას" დაუპირისპირდნენ და უშანსოდ - 0:4 დამარცხდნენ. ამის შემდეგ იტალიურ ფეხბურთში მცირე რეგრესის ხანა დადგა, რაც უმეტესწილად ლეგენდარული "მილანის" შემადგენლობის გადაბერებამ და თაობათა ცვლამ გამოიწვია. 2010 და 2014 წლების მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალი და 60-წლიანი პაუზის შემდეგ, მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ვერ გადალახვა. იტალიის ნაკრები დიდ ფეხბურთში ახალი გუნდით, ახალ მწვრთნელთან ერთად, 5-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. რობერტო მანჩინის გუნდს 27-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს მისი გუნდი 2018 წელს დამარცხდა. ამრიგად, იტალიის ნაკრები მოახლოებული ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და მათგან სიურპრიზები ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს.
No description available.

გზა ტურნირამდე

იტალიის ნაკრები ბელგიასთან ერთად ის გუნდია, რომელმაც შესარჩევი ეტაპი საუკეთესოდ, ქულათა მაქსიმუმით დაასრულა. 10-დან 10 გამარჯვება და ორ-ორჯერ დამარცხებული საბერძნეთის, სომხეთის, ლიხტენშტეინის, ბოსნიის და ჰერცოგოვინის და ფინეთის ეროვნული გუნდები. საერთო ჯამში, იტალიელებმა 6-გუნდიან J ჯგუფში 37 გოლი გაიტანა და მხოლოდ სამი მიიღო.

შემადგენლობა

იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ თაობათა ცვლის პროცესს დასაბამი მისცა და ამაში რობერტო მანჩინიმ მთავარი როლი შეასრულა. დღეს გუნდის მთავარი ფიგურები ჯიჯი დონარუმა, ჟორჟინიო, ფედერიკო კიეზა, ლორენცო ინსინიე, ანდრეა ბელტოი და ჩირო იმობილე არიან. რა თქმა უნდა, აქ არის დაცვის ცენტრის გამოცდილი დუეტით, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის სახით, რაც საბოლოო ჯამში ძალზედ დაბალანსებულ გუნდს აყალიბებს. იტალიის ნაკრების სრული, 26-კაციანი შემადგენლობა ასეთია:  მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), ალექს მერეტი (“ნაპოლი”), სალვატორე სირიგუ (“ტორინო”). მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (“ლაციო”), ალესანდრო ბასტონი (“ინტერი”), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (ორივე “იუვენტუსი”), ჯოვანი დი ლორენცო (“ნაპოლი”), ემერსონი (“ჩელსი”), ალესანდრო ფლორენცი (“პსჟ”), ლეონარდო სპინაცოლა (“რომა”), რაფაელ ტოლოი (“ატალანტა”). ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (“ინტერი”), ბრაიან კრისტანტე (“რომა”), ჟორჟინიო (“ჩელსი”), მანუელ ლოკატელი, (“სასუოლო”), ლორენცო პელეგრინი (“რომა”), სტეფანო სენსი (“ინტერი”), მარკო ვერატი (“პსჟ”). თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ჩირო იმობილე (“ლაციო”), ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა (ორივე “იუვენტუსი”), დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), ჯაკომო რასპადორი (“სასუოლო”).

მწვრთნელი

რობერტო მანჩინიმ მეტნაკლებად საკმაოდ წარმატებული საკლუბო კარიერის შემდეგ, ბოლო 3 წელიწადია სანაკრებო ფეხბურთში გადაინაცვლა. "ლაციო", "ფიორენტინა", "ინტერი", "მანჩესტერ სიტი", "გალათასარაი" და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი", ეს ის კლუბებია, რომელშიც 56 წლის სპეციალისტმა კარიერის განმავლობაში იმუშავა და სამჯერ იტალიის ჩემპიონობა "ნერაძურისთან" ერთად, ერთხელ ინგლისის პრემიერ ლიგა, იტალიის თასი ოთხივე იტალიურ გუნდთან ერთად, ინგლისის ასოციაციისა და სუპერთასები და თურქეთის თასი. იტალიის ეროვნულ გუნდს მანჩინი 2018 წლის 14 მაისიდან ხელმძღვანელობს და ამ პერიოდში გუნდს თავისი ხელი ნამდვილად დაატყო. იტალიელები გამართულ და სწორ ფეხბურთს თამაშობენ, რაც შედეგშიც ნათლად აისახება. წაუგებლად ჩატარებულ შესარჩევ ეტაპზე ზევით უკვე მოგახსენეთ და იმასაც დავამატებთ, რომ მანჩინის ხელში იტალიამ 30-დან 21 მატჩი მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორჯერ, ისიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტებთან, საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. ყველაზე ხშირად გამოყენებული ტაქტიკა: 4-4-3.
Roberto Mancini: "Inter Are Serie A's Best Team, No Europe Is A Big Advantage"

ვარსკვლავი

ბოლო დეკადის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის საწყის წლებში სათანადო დონეზე გახსნა ვერ მოახერხა და საამისოდ რამდენიმე გრანდის გამოცვლა დასჭირდა. "იუვენტუსში", "ჯენოა", "პესკარა", "ტორინო", დორტმუნდის "ბორუსია" და "სევილია" იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელშიც იმობილემ თავდაპირველად ითამაშა, თუმცა ის ფეხბურთი ვერ აჩვენა, რომელსაც მისი გულშემატკივრები ელოდნენ. სამაგიეროდ, 2016 წლიდან იმობილე არამხოლოდ "ლაციოს" ლიდერად, არამედ თილისმად იქცა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დააბრუნა და ბოლო წლებში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გოლეადორად გადაიქცა. 2014 წლიდან დღემდე ის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი სამჯერ გახდა და "არწივებთან" ერთად იტალიის თასი ად ორჯერ სუპერთაისს მოგებაც მოახერხა. იმობილეს ცხოვრებასა და კარიერაში ახალ ეტაპზე გადასასვლელად სანაკრებო წარმატებას განსაკუთრებული როლი ექნება. აშკარაა, რომ რობერტო მანჩინის ფორმაციის ახალ იტალიის ნაკრებში მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ იმობილეა, რომლის აქტივშიც 46 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
Euro 2020: Italy's Star Player - Profiling Gli Azzurri Striker Ciro Immobile | 90min

კალენდარი

11 ივნისი, თურქეთი - იტალია, სტადიო ოლიმპიკო, რომი, იტალია, 23:00 საათი 16 ივნისი, იტალია - შვეიცარია, სტადიო ოლიმპიკო, რომი, იტალია, 23:00 საათი 20 ივნისი, იტალია - უელსი, სტადიო ოლიმპიკო, რომი, იტალია, 20:00 საათი

რომი - იტალიის დედაქალაქი

File:Colosseum in Rome, Italy - April 2007.jpg - Wikipedia
No description available.
The Ultimate Guide to Rome's Best Food, Drinks, Art, and History | Here Magazine @ Away

სტადიო ოლიმპიკო - რომი

No description available.
Stadio Olimpico (Roma) - Wikipedia
Travel ban for Italy fans | Football News | Sky Sports
Italy: Inter Milan win first Serie A title in 11 years | Football News | Al Jazeera

სხვა სტატიები