Belive

ევრო 2020: ყველაფერი, რაც პორტუგალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ

2 წლის წინ ფეხბურთი
19 წთ

პროფილი

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა:  1914 წლის 31 მარტს ფიფას წევრი: 1923 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან ფიფას რეიტინგი: 5 უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 3 (2010 წლის მაისიდან ივნისამდე, 2012 წლის ოქტომბერი, 2014 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 42 (1998 წლის აგვისტო) საშინაო არენა: ესტადიო ნასიონალი (ლისაბონი, პორტუგალია) მეტსახელი: სელესაო, მეზღვაურები მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში კაპიტანი: კრიშტიანუ რონალდუ (ტურინის "იუვენტუსი", 36 წლის) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: კრიშტიანუ რონალდუ (174) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: კრიშტიანუ რონალდუ (103) პირველი მატჩი: ესპანეთი - პორტუგალია 3:1 (1921 წლის 18 დეკემბერი, მადრიდი, ესპანეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: პორტუგალია - ლიხტენშტეინი 8:0 (1994 წლის 18 ნოემბერი, ლისაბონი, პორტუგალია), პორტუგალია - ლიხტენშტეინი 8:0 (1999 წლის 9 ივნისი, კურიტიბა, პორტუგალია), პორტუგალია - ქუვეითი 8:0 (2003 წლის 19 ნოემბერი, ლეირია, პორტუგალია) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: პორტუგალია - ინგლისი 0:10 (1947 წლის 25 მაისი, ლისაბონი, პორტუგალია)

მიღწევები და ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატი: მონაწილეობა - 7 (პირველად 1996 წელს) საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილი (1966) ევროპის ჩემპიონატი: მონაწილეობა - 8 (პირველად 1984 წელს) საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (2016) უეფას ერთა ლიგა: მონაწილეობა - 2 (პირველად 2019 წელს) საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (2019) კონფედერაციის თასი: მონაწილეობა - 1 (პირველად 2017 წელს) საუკეთესო შედეგი: მესამე ადგილი (2017)
The Portugal National Team Trip with Mascot Experience - CharityStars

ისტორია

პორტუგალიის ნაკრები სხვა ევროპული გრანდებისგან განსხვავებით, შედარებით გვიან, 1921 წელს დაარსდა. თუმცა დიდი ტურნირზე მოსახვედრად საკმაოდ დიდი ხანი, ოთხ ათწლეულზე მეტი დრო დასჭირდა. მსოფლიო ფეხბურთის მთავარ რუკაზე პორტუგალიის ნაკრები 1966 წელს გამოჩნდა და ამაში მთავარი წვლილი იმ დროისთვის პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელს, ეუსებიოს და მის თაობას მიუძღვის. ოქროს ბურთის მაშინდელი გამარჯვებულის დამსახურებით, პირინეელებმა არამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა, არამედ ნახევარფინალამდე მიღწევა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხეს. ინგლისში გამართულ მუნდიალზე, პორტუგალიის ნაკრებს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა, რადგანაც ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 8 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები, ზედიზედ ორჯერ მსოფლიო პირველობაზე გაჩემპიონებული პელესა და სხვა ვარსკვლავების ბრაზილიის ეროვნული გუნდი (3:1), ასევე უნგრეთისა (3:1) და ბულგარეთის (3:1) ნაკრებები უშანსოდ დაამარცხა და ყველა მეტოქეს სულ მცირე 3 ბურთი გაუტანა. პლეი-ოფში, პირველი, მეოთხედფინალური ბარიერი პორტუგალიამ მარტივად დაძლია და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს - 5:3 აჯობა, აი ნახევარფინალში კი ტურნირის მასპინძელ და მომავალ ჩემპიონ ინგლისს ვეღარ სძლია და - 1:2 დამარცხდა. სამაგიეროდ, ეუსებიომ და კამაპნიამ საბჭოთა კავშირის ნაკრები პრესტიჟისთვის ბრძოლაში დაამარცხეს (2:1) და სამშობლოში ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ. თაობათა ცვლის შედეგად,  21-ე საუკუნემდე, პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, მექსიკაში 1986 წელს, უფერულად ითამაშა და ინგლისის, პოლონეთისა და მაროკოს წინააღმდეგ ყველა მატჩის წაგების შედეგად, ჯგუფში ბოლო ადგილით ჩარჩა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, მეოცე საუკუნეში აქ პორტუგალია მხოლოდ ორჯერ, 1984 და 1996 წელს გამოჩნდა. პირველ ჯერზე, მათ წარმატებულად დაიწყეს და საფრანგეთში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწიეს. რუმინეთთან (1:0) და დასავლეთ გერმანიასთან (1:0) გამარჯვებების გარდა, პორტუგალიელებმა მეზობელ ესპანეთთან ფრეც გააგორეს (1:1) და ამ უკანასკნელს მხოლოდ გატანილ/გაშვებული გოლების შეფარდებაში მინიმალური სხვაობით ჩამორჩნენ და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ. ნახევარფინალში პორტუგალიას მასპინძელ და იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს, საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირება მოუხდა. ამის მიუხედავად, პირინეელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ძირითად დროში ფრე -2:2 ითამაშეს, თუმცა მეორე დამატებითი ნახევრის ბოლოსწინა, 119-ე წუთზე მიშელ პლატინის გოლით წააგეს და დანიის ნაკრებთან ერთად, მესამე ადგილი დაიკავეს. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა თურქეთი (1:0) და ხორვატია (3:0) დაამარცხეს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ დანიას ფრე -1:1 ეთამაშეს და 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. პორტუგალიელებმა წინსვლა ვეღარ განაგრძეს, რადგან ჩეხოსლოვაკიის საკმაოდ ძლიერმა ნაკრებმა მათ ასპარეზობა მეოთხედფინალში (1:2) დაასრულებინა. პორტუგალიური ფეხბურთის ახალი და შესაძლოა ვუწოდოთ- ოქროს ხანა, 21-ე საუკუნიდან იწყება. 2000 წლის დადგომიდან დღემდე, "მეზღვაურებს" ევროპისა და მსოფლიოს პირველობის არცერთი გათამაშების ფინალური ეტაპი არ გამოუტოვებიათ. გამოუტოვებიათ კი არა, გადამწყვეტ მატჩებშიც მონაწილეობა არაერთხელ მიიღეს. ეს ყველაფერი მეტწილად გამორჩეულად ნიჭიერი თაობის აღზრდამ და რამდენიმე სუპერვარსკვლავის ჩამოყალიბებამ განაპირობა. ლუიშ ფიგუსა და კრიშტიანუ რონალდუს უდიდესი დამსახურებით, გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბოლო ორ დეკადაში ორჯერ ითამაშა და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტულებიც მოიპოვა. 2000 წლის კონტინენტის პირველობა, რომელიც ბელგიასა და ნიდერლანდებში გაიმართა, პორტუგალიის ნაკრებმა მესამე ადგილით დაასრულა. ნახევარფინალამდე მისასვლელ გზაზე, სადაც გუნდი ისევ მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან და ისევ დამატებით დროში, ამჯერად ოქროს გოლის წესით დამარცხდა, პორტუგალიამ სიკვდილის ჯგუფში, რუმინეთთან (1:0), ინგლისთან (3:2) და გერმანიასთან (3:0) სამივე შეხვედრის მოგება და პირველი ადგილის დაკავება მოახერხა, მეოთხედფინალში კი თურქეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გოლი, რომლითაც პორტუგალია ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, ზინედინ ზიდანის ანგარიშზეა. 4 წლის შემდეგ, პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატს უკვე თავად უმასპინძლა და ტრიუმფით დასრულებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ბედის ირონიაა, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირზე როგორც პირველი ისე ბოლო შეხვედრა ერთსა და იმავე გუნდთან წააგო. საბერძნეთის ეროვნული გუნდი მასპინძლებისთვის ღამის კოშმარად გადაიქცა. პირველ ტურში მათთან (1:2) მარცხმა მასპინძლები არ გატეხა და რუსეთსა და ესპანეთს გოლის გაუშვებლად, შესაბამისად 2:0, და 1:0 სძლია. მეოთხედფინალურ შეხვედრაში პორტუგალია ინგლისს დაუპირისპირდა და დაძაბული მატჩის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა. საბოლოოდ გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა - საფეხბურთო ლატარიაში უკეთესი მასპინძლები გამოდგნენ. ლისაბონში გამართულ ნახეარფინალში, პორტუგალიის ნაკრებმა ნიდერლანდებს - 2:1 აჯობა და სამშობლოში ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებდა. როგორც ზევით მოგახსენეთ, პორტუგალიას მეტოქედ აქაც საბერძნეთი ერგო და კვლავაც მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა. ისტორიული გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე, ანგელოს ხარისტიასმა მიითვალა. 2 წლის თავზე, გუნდი კიდევ ერთ ტიტულთან იყო ახლოს. 2006 წელს, გერმანიაში გამართულ მუნდიალზე პორტუგალიელებმა მექსიკის (2:1), ანგოლის (1:0), ირანის (2:0), ნიდერლანდების (1:0) და ინგლისის (0:0, 3:1 პენ.) დამარცხებით ნახევარფინალს უწიეს, სადაც კვლავაც ზინედინ ზიდანის გოლით (0:1) დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ. 2010, 2014 და 2018 წლების მუნდიალიდან პორტუგალიას არცერთი გამოუტოვებია და ბრაზილიური მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, ყველა დანარჩენზე მერვედფინალამდე მიაღწია. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, პორტუგალიამ შემდეგი სამი გათამაშებიდან ორის ნახევარფინალში ითამაშა. 2012 წელს, უკრაინა-პოლონეთში გამართულ ტურნირზე მათ იმ დროისთვის მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთან, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან უგოლო ფრეს შემდეგ, პენალტების სერიაში - 1:2 წააგეს, აი 2016 წელს კი საბოლოოდ, ტიტულის მოგება მოახერხეს. საფრანგეთის ნაკრებთან წლების წინ განცდილი მარცხის გამო, პორტუგალიელებმა შური მწარედ იძიეს და მათსავე ქვეყანაში გამართულ ტურნირზე ფინალურ შეხვედრაში დაამარცხეს. ამ მატჩს ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით, იქამდე კი მოდით კრიშტიანუ რონალდუსა და ბიჭების ტიტულამდე განვლილი გზა განვიხილოთ. საინტერესოა, რომ ფერნანდუ სანტუშის გუნდი ჯგუფიდან ისე გავიდა, რომ ერთი შეხვედრაც კი არ მოუგია. უელსთან (3:3), ავსტრიასთან (0:0) და ისლანდიასთან (1:1) ნათამაშები ფრეს შემდეგ დაგროვილი 3 ქულით პორტუგალია საუკეთესო მესამეადგილოსანთა რეიტინგის პირველ ნაწილში მოხვდა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ხორვატიას (1:0) აჯობა და პოლონეთს დაუპირისპირდა. ფრედ დასრულებული (1:1) ძირითადი და დამატებითი სათამაშო დროის შემდეგ, პენალტების სერიაში - 5:3 იმარჯვა და კვლავაც უელსს გადაეყარა. ამჯერად, რონალდუს გუნდმა ბეილისას ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში, როგორც ზევით ვახსენეთ, საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიას - 1:0 აჯობა. გამარჯვების გოლის ავტორი ედერი, პორტუგალია, არსებობის ისტორიაში პირველი ტიტულის მფლობელი, იმავე წელს, მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მომგები კრიშტიანუ რონალდუ კი - ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა. ევროპული ტრიუმფის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრები კიდევ უფრო გაძლიერდა და კიდევ ერთი, თანაც უეფას მიერ შექმნილი ახალი ტურნირის მოგება შეძლო. ერთა ლიგის პირველმა გამარჯვებულმა იტალიისა და პოლონეთის ჯგუფიდან 2 გამარჯვებისა და 2 ფრის შედეგად დაგროვილი 8 ქულით, A დივიზიონის ნახევარფინალში გააღწია, სადაც ცოტა ხნით ადრე დამარცხებულ შვეიცარიას კიდევ ერთხელ აჯობა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აქ რონალდუს გუნდმა ნიდერლანდები - 1:0 გონსალო გედეშის ერთადერთი გოლის მეშვეობით დაამარცხა და სამ წელიწადში მეორე ტიტულის მოგება მოახერხა. აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, პორტუგალიის ნაკრები ერთადერთია ევროპაში, რომელმაც კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდება ტურნირიდან ტურნირამდე არა 4, არამედ 5 წლით შეინარჩუნა, ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემია და გადადებული გათამაშებაა. პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერებულია, რაზეც ქვევით ვრცლად ვისაუბრებთ, ის კი რაზეც უდავოდ შეთანხმება შეგვიძლია, ფერნანდუ სანტუშის გუნდის მოახლოებულ ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსია.

გზა ტურნირამდე

ევროპის მოქმედი ჩემპიონი მომდევნო გათამაშებაში ფაქტობრივად უპრობლემოდ მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის A დივიზიონი ჩემპიონობით დაასრულა, გუნდმა კონტინენტის პირველობაზე კვალიფიკაცია კლასიკური შესარჩევი ეტაპიდანაც მოახერხა. პორტუგალიის ნაკრები ისეთ ქვეჯგუფში მოხვდა, წესით და რიგით პირველი პოზიციის დაკავება არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მეტოქეებად ფერნანდუ სანტუშის გუნდს უკრაინის, სერბეთის, ლუქსემბურგისა და ლიეტუვის ნაკრებები ჰყავდა და საბოლოო ჯამში მეორე ადგილი დაიკავა. ეს იმის გამოისობით, რომ ანდრეი შევჩენკოს გუნდმა მეტოქეებს სიურპრიზი შესთავაზა და ჯგუფური ეტაპი წაუგებლად, ლიდერის პოზიციით დაასრულა. პორტუგალიელებმა გადამწყვეტი შეხვედრები სწორედ  უკრაინელებთან ჩატარეს და ერთში, სტუმრად - 1:2 წააგეს, მეორეში კი საშინაო კედლებში, უგოლო ფრე ითამაშეს და პირველ პოზიციას დაემშვიდობნენ. კრიშტიანუ რონალდუმ და კამპანიამ საერთო ჯამში, 8-დან 5 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა, შედეგად 17 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. მათ შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ყველაზე მეტი - 22 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 6 მიიღეს. ქვეჯგუფის საუკეთესო ბომბარდირი ცხადია კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მთლიანად შესარჩევ ტურნირზე გატანილი 11 გოლით (თავისი გუნდის გოლების 50%), ებრაელ ერენ ზაჰავისთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჰარი კეინს ჩამორჩა, რომელმაც ერთით მეტი ბურთი შეაგდო.

შემადგენლობა

საფეხბურთო სამყაროში ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ პორტუგალიის ნაკრებს დღეს გაცილებით კარგი გუნდი ჰყავს, ვიდრე ეს 2016 წელს, ტიტულის მოგებისას იყო. შეუძლებელია, ამ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ. პორტუგელიელებს რომ ნიჭიერი თაობის ახალი ტალღა ჰყავთ, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. უბრალოდ გადახედეთ სახელებს და გვარებს, კლუბებს, რომლებშიც ეს ფეხბურთელები თამაშობენ და იმასაც, თუ როგორ აკეთებენ ამას. პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი რუბენ დიაში, მშვენიერ ფორმაში მყოფი ჟოაო კანსელუ და დიოგო ჟოტა, ბერნარდუ სილვა და სხვები. იგივე ბერნარდუ სილვა, რომელმაც ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში 28 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა. საერთო ჯამში, იმ 26 ფეხბურთელის ჩამონათვალი, რომელმაც უახლოესი კვირების განმავლობაში ევროპის მოქმედი ჩემპიონის პრესტიჟი უნდა დაიცვას, ასეთია: მეკარეები: ენტონი ლოპესი (ლიონი), რუი პატრისიუ (ვულვზი), რუი სილვა (გრანადა). მცველები: ჟოაო კანსელუ (მანჩესტერ სიტი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ჟოზე ფონტე (ლილი), რაფაელ გერერო (დორტმუინდის ბორუსია), ნუნუ მენდეში (სპორტინგი), პეპე (პორტუ), ნელსონ სემედუ (ვულვზი). ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო (რეალ ბეტისი), დანილო (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), გონსალო გედეში (ვალენსია), ჟოაო მოუტინიო (ვულვზი), რუბენ ნევეში (ვულვზი), სერხიო ოლივეირა (პორტუ), ჟოაო რალჰინა (სპორტინგი), პოტე (სპორტინგი), რენატო სანჩესი (ლილი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი). თავდამსხმელები: ჟოაო ფელიში (მადრიდის ატლეტიკო), დიოგო ჟოტა (ლივერპული), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), ანდრე სილვა (ფრანქფურტის აინტრახტი), რაფა სილვა (ბენფიკა).
No description available.

მწვრთნელი

ფერნანდუ სანტუში საკმაოდ გამოცდილი და ბევრის მნახველი მწვრთნელია, რომელიც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ ქვეყანაში, სამშობლოსა და საბერძნეთში მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში, სანტუში სამივე მთავარ პორტუგალიურ გრანდს, "პორტუს", "ბენფიკასა" და "სპორტინგს" თავკაცობდა, თუმცა ტიტულები მხოლოდ "დრაკონებთან" ერთად 1998-2001 წლებში მოიგო, როცა ქვეყნის ჩემპიონატის ერთხელ, თასის და სუპერთასის გამარჯვებული კი ორ-ორჯერ გახდა. კარიერის საწყის წლებში იგი "ეშტორილსა" და "ესტრელასაც" თავკაცობდა, შუალედებში კი საბერძნეთში მუშაობდა. მისი კარიერა ფაქტობრივად მონაცვლეობით წარიმართა და საბერძნეთსა და პორტუგალიას შორის მოგზაურობდა. 66 წლის სპეციალისტი თავისი სამშობლოს მსგავსად, საბერძნეთშიც სამ გრანდს, "პაოკს", "აეკსა" და "პანათინაიკოსში" უმუშავია. 2010 წლიდან უკვე სანაკრებო ფეხბურთის დრო დადგა და სანტუშს ამ ეტაპზეც იგივე ქვეყნერბთან გადაკვეთა მოუწია, მას ჯერ საბერძნეთის, შემდეგ კი პორტუგალიის ნაკრები ანდეს. 2010-14 წლებში, უძველესი ცივილიზაციის ქვეყნის ნაკრებს მან 49 შეხვედრაში უხელმძღვანელა და ამ პერიოდში მისმა გუნდმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ითამაშა და შესაბამისად მერვედფინალსა და მეოთხედფინალს უწია. მისი თავკაცობით საბერძნეთმა 26 შეხვედრა მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 7-ში დამარცხდა. 2014 წლიდან სანტუში თავისი სამშობლოს მთავარ საფეხბურთო გუნდს ხელმძძღვანელობს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკრების ისტორიაში ცალსახად ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მისი თავკაცობით პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი და უეფას ერთა ლიგა მოიგო და კონფედერაციის თასზე მესამე ადგილი დაიკავა. 7-წლიან პერიოდში, რომელიც მის სამწვრთნელო კარიერაში ერთ კონკრეტულ გუნდში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი ხანაა, "მეზღვაურებმა" 83 შეხვედრა ჩაატარეს, 52 მოიგეს, 18-ში დამარცხდნენ და 13 ფრედ დაასრულეს. ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმაცია: 4-3-3.
Fernando Santos | UEFA EURO 2020 | UEFA.com

ვარსკვლავი

კრიშტიანუ რონალდუზე ამ რამდენიმე აბზაცში ისეთს ვერაფერს დავწერთ, რომ თქვენი გაოცება გამოვიწვიოთ, ან რა სიახლე უნდა გაცნობოთ, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ არ იცით, უბრალოდ 5 ოქროს ბურთისა, ამდენივე ჩემპიონთა ლიგის, პორტუგალიის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის ჩემპიონისა და სხვა არაერთი ტიტულის არაერთხელ მომგები ფეხბურთელის სტატისტიკას ეროვნულ გუნდში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. 36 წლის სუპერვარსკვლავი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოდან თამაშობს და ამ პერიოდის განმავლობაში თავისი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი, ყველაზე მეტი გოლის გამტანი, ევროპის ჩემპიონატის ორი ფინალის მონაწილე და ორი ტიტულის მომგები გახდა. რთულია ისაუბრო იმ ადამიანის მოტივაციაზე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, გუნდურ თუ ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც თეორიულად შესაძლებელი იყო, თანაც არაერთხელ და რომლის მიზანდასახულობაც ასაკის მატებასთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ იმატებს. რა გასაკვირია, რომ მისი მიზანი ტიტულის დაცვა იქნება და საამისოდ მცდელობას არც პარტნიორები დააკლებენ, თუმცა მას კიდევ ერთი რეკორდის დამყარების შესაძლებლობა ექნება - კიდევ ერთი გოლი კონტინენტის პირველობაზე და რონალდუ ლეგენდარულ მიშელ პლატინის (9) გადაასწრებს და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 10 შეგდებული ბურთით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ერთპიროვნულად გახდება.
I was a little drunk' - Ronaldo reveals he celebrated with champagne after Portugal's Euro 2016 win | Goal.com

კალენდარი

15 ივნისი, უნგრეთი - პორტუგალია, პუშკაშ არენა, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 20:00 საათი 19 ივნისი, პორტუგალია - გერმანია, ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია, 20:00 საათი 23 ივნისი, პორტუგალია-საფრანგეთი, პუშკაშ არენა, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 23:00 საათი

ლისაბონი - პორტუგალიის დედაქალაქი

No description available.
Hot Spots to Enjoy in Lisbon, Portugal - Gavel International
How to visit Lisbon without leaving home | The Independent | The Independent
Fake drugs “threaten tourism in Lisbon” - Portugal Resident

ესტადიო ნასიონალი - ლისაბონი

El Estadio Nacional postula a recibir las próximas finales de la Libertadores y la Sudamericana - La Tercera
Estadio Nacional no es incluido en recintos aptos para el regreso del fútbol: Estos son las 15 canchas autorizadas
Portugal Fans Photos and Premium High Res Pictures - Getty Images

სხვა სტატიები