Belive

ევრო U21-ის "ოქროს ბიჭუნები" 1994 წლიდან დღემდე, სად არიან ისინი ახლა?

5 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
მიმდინარე წლის 16-30 ივნისს იტალია და სან-მარინო 21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. წლების მანძილზე ტურნირზე არაერთმა მომავალმა ვარსკვლავმა ითამაშა და ბევრმა მათგანმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიიღო.

1994 წელი, საფრანგეთი - ლუიშ ფიგუ (პორტუგალია)

Soccer - 1994 FIFA World Cup Qualifier - UEFA – Group 1 - Portugal v Malta - Das Antas
ამ ადამიანს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ლეგენდარული პორტუგალიელისთვის ევრო 1994-ზე მოპოვებული ვერცხლის მედალი შესანიშნავი ტრამპლინი გამოდგა სამომავლო კარიერისათვის. ამ წარმატებიდან 1 წელში იგი "ბარსელონამ" შეიძინა რასაც 5 წლის შემდეგ შემდეგ მადრიდის "რეალი" და უამრავი ტიტული მოჰყვა. მან კარიერა 2009 წელს "ინტერში" დაასრულა, პორტუგალიის ნაკრებში კი 127 შეხვედრა ჩაატარა.  

1996 წელი, ესპანეთი - ფაბიო კანავარო (იტალია)

1994 წლის მსგავსად იტალიელებმა 1996 წელსაც მოახერხეს ევროპირველობის მოგება, რაც დიდწილად დაცვის ცენტრში აღმართული კედლის - ფაბიო კანავაროს დამსახურება იყო. კანავარო "ნაპოლიდან" უკვე ცნობილი გახლდათ საზოგადოებისათვის, თუმცა წარმატებულ ჩემპიონატს მისი "პარმაში" ტრანსფერი და უეფას თასის ჩათვლით 4 ტიტულიც მოჰყვა, ფაბიო "პარმას" კაპიტანიც გახლდათ. 1999 წელს ფაბიო "ინტერში" გადაბარგდა რასაც 2 წელში "იუვენტუსი" მოჰყვა. 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად კანავარო მსოფლიო ჩემპიონი გახდა, იმავე წელს კი ოქროს ბურთი მოიგო. მან კარიერა 2011 წელს "ალ-აჰლიში" დაასრულა, ამჟამად კი ჩინეთის ნაკრების დამრიგებელია.  

1998, რუმინეთი - ფრანსესკ არნაუ (ესპანეთი)

მიუხედავად იმისა რომ არნაუმ "ბარსაში" 6 წელი გაატარა მისი სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება. არადა 1998 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან ესპანელთა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, განსაკუთთრებით გამოსარჩევი იყო მისი ასპარეზობა ფინალში, სადაც ესპანელებმა ბერძნებს 1:0 სძლიეს.  არნაუ 2001 წელს მალაგაში გადავიდა სადაც 131 მატჩი ჩაატარა, მისი კარიერია 2011 წელს ისე დასრულდა რომ ესპანეთის ნაკრებში 1 შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია...

2000, სლოვაკეთი - ანდრეა პირლო (იტალია)

პირლო უკვე მილანის "ინტერის" წევრი იყო, როდესაც ევრო - 2000-ზე მან იტალიას ულიდერა. აღსანიშნავია ისიც რომ სამი წლის მანძილზე პირლომ "ინტერში" მხოლოდ 22 მატჩი ითამაშა, სრული პოტენციალი კი მხოლოდ "მილანში" გამოავლინა, სადაც 2001 წელს გადაბარგდა. ანდრეამ  "მილანში" 10 წელი ითამაშა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ სერია ა და ასევე უამრავი სხვა ტიტული. 2002 წლიდან მოყოლებული "მაესტრომ" იტალიის ნაკრებში 115 მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. შემდეგ იყო "იუვენტუსი" , კარიერის დაისი კი პირლო "ნიუ იორკ სიტიში" გაატარა, 2017 წელს კი კარიერა დაასრულა.  

2002, შვეიცარია - პეტერ ჩეხი (ჩეხეთი)

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი ვარსკვლავი - პეტერ ჩეხი. ჩეხეთის ნაკრები პირველად დაეუფლა ამ ტიტულს ჩეხი კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. იმ პერიოდში ჩეხი "რენში" თამაშობდა, სადაც, მიუხედავად გრანდების დიდი ინტერესისა, კიდევ 2 წელი ითამაშა. 2004 წელს ჟოზე მოურინიოს "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალს" აჯობა და ჩეხი მეკარე გაიფორმა.  ჩეხმა პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო, შემდეგ კი "სტემფორდ ბრიჯი" დატოვა და "არსენალში" გადაბარგდა. ამჟამად პეტერმა ძირითადში ადგილი ბერნდ ლენოს დაუთმო. გავრცელებული ხმების თანახმად იგი კლუბს მომავალ ზაფხულში დატოვებს.  

2004, გერმანია - ალბერტო ჯილარდინო (იტალია)

ალბერტო ნამდვილად შეგვიძლია დავასახელოთ ფეხბურთელად რომელიც ვერ გაიხსნა. ჯილარდინომ კარიერა "ფიორენტინაში", "მილანსა" და "პარმაში" გაატარა, თუმცა გულშემატკივარს ის ვერ უჩვენა რასაც მისგან მოელოდნენ. 2005 წელს ჯილარდინო მილანში გადაბარგდა და 90 მატჩში 36 გოლი გაიტანა.  უამრავი სხვადასხვა კლუბის შემოვლის შემდეგ ჯილარდინომ კარიერა 2018 წელს "სპეციაში" დაასრულა.  

2006, პორტუგალია - კლაას იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია)

ჰოლანდიის ნაკრების ტრიუმფის შემდეგ, 2006 წელს ჰუნტელაარი მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს, მისი ბრწყინვალე საგოლე ალღოს გამო. ტურნირის შემდეგ კლაასი "აიაქსში" გადაბარგდა და მალევე იქცა ევროპული კლუბების მთავარ სამიზნედ. იგი დიდი თანხის სანაცვლოდ 2009 წელს "რეალში" გადაბარგდა თუმცა ვერ გაამართლა და კარიერია იტალიაში, კერძოდ კი "მილანში" გააგრძელა. ამის შემდეგ იყო 7 წლიანი კარიერა "შალკეში", რომლის შემდეგაც ჰუნტელაარი "აიაქსს" დაუბრუნდა სადაც წარმატებულად ირჯება.  

2007 წელი, ჰოლანდია - როისტონ დრენტე (ჰოლანდია)

2007 წლის ევროპის ჩემპიონატის შესანიშნავად ჩატარების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა. რაიან ბაბელთან ერთად, "ნარინჯისფერებს" როისტონ დრენტემ ულიდერა, რომელიც ზაფხულში "ფეიენოორდიდან" თვით მადრიდის "რეალმა" შეიძინა. მიუხედავად იმისა რომ დრენტემ 2 სეზონში 46 მატჩი ითამაშა იგი მალევე გაანათხოვრეს ჯერ "ჰერკულესში" შემდეგ კი "ევერტონში" ამას კი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ტრანსფერი მოჰყვა. "რედინგის", "შეფილდ უენსდის", "კაისერის" და "ბანიიასის" შემდეგ როისტონი ამჟამად სამშობლოში, როტერდამის "სპარტას" ღირსებას იცავს. გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთ დროს პერსპექტიულმა ფლანგელმა იმედები ვერ გაამართლა.  

2009, შვედეთი - მარკუს ბერგი (შვედეთი)

2009 წლის ტურნირზე 4 შეხვედრაში გატანილი 7 გოლის შემდეგ ბერგი დამსახურებულად დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ. იმ პერიოდში შვედი ჰოლანდიაში "გრონინგენის" ღირსებას იცავდა, თუმცა მის შესანიშნავ ასპარეზობას მალევე მოჰყვა ტრანსფერი "ჰამბურგში". ბერგმა ბუნდესლიგაში 4 წელი გაატარა და 70 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. 2013 წლიდან 4 წლის მანძილზე იგი საბერძნეთში "პანათინაიკოსში" ირჯებოდა. 2017 წელს კი აბუ დაბის "ალ-აინში" გადავიდა სადაც დღესაც საკმაოდ წარმატებულად თამაშობს.  

2011, დანია - ხუან მატა (ესპანეთი)

2011 წელს ესპანეთმა დამაჯერელად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. გუნდში კი ანდერ ერერასა და ტიაგოს გვერდით ხუან მატა ბრწყინავდა. შემტევმა ნახევარმცველმა მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა რასაც მოჰყვა კიდევ ტრანსფერი "ვალენსიადან" "ჩელსიში". მიუხედავად იმისა რომ ის ზედიზედ გახდა კლუბის საუკეთესო მოთამაშე, 2014 წელს "არისტოკრატებმა" იგი "მანჩესტერში" გაყიდეს სადაც მატა ამ დრომდე თამაშობს, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ხუანი "ოლდ ტრაფორდს" ამ ზაფხულში დატოვებს.

2013, ისრაელი - ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი)

Soccer - UEFA European Under 21 Championship 2013 - Final - Italy v Spain - Teddy Stadium
2013 წელს ისრაელში ტიაგო ალკანტარამ საფეხბურთო სამყაროს თავისი საუკეთესო თვისებები აჩვენა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი "ბარსელონას" ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად, რის გამოც ტიაგო "ბაიერნში" პეპ გუარდიოლასთან გადაბარგდა და მიუნხენურ კლუბში ამ დრომდე ირჯება. 2011 წლიდან ტიაგომ 31 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრებში.  

2015 წელი, ჩეხეთი - უილიამ კარვალიო (პორტუგალია)

მიუხედავად იმისა რომ კარვალიომ ფინალში, შვედეთთან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რაც საბოლოო ჯამში პორტუგალიას ოქროს მედლების დაკარგვად დაუჯდა, მისი სათამაშო ხარისხი იმდენად მაღალი იყო რომ იგი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შემდეგ მის სახელთან პრემიერლიგის კლუბების დააკავშირეს თუმცა 2018 წლამდე კარვალიო "სპორტინგში" თამაშობდა, მანამ სანამ "ბეტისის" მაისური არ მოირგო.  

2017 წელი, პოლონეთი - დანი სებალიოსი (ესპანეთი)

მიუხედავად იმისა რომ მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი საულ ნიგესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, საუკეთესოდ მაინც სებალიოსი დაასახელეს. მისი თამაში გახდა იმის მიზეზი რომ დანი "რეალმა" შეიძინა, თუმცა მას ძირითადისთვის ბრძოლა უწევს. მის ჯილდოებში უკვე ნახავთ ჩემპიონთა ლიგის თასს, თუმცა დანის ყველაფერი წინ აქვს ის მხოლოდ 22 წლისაა.  

სხვა სტატიები