Belive

ევროტური ფრანგულად - საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს ერთმანეთში ბუქარესტი და ბუდაპეშტი აერიათ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ექვსმა ფრანგმა გულშემატკივარმა საფრანგეთისა და უნგრეთის შეხვედრა კურიოზული შეცდომის გამო გამოტოვა - ფრანგებს ერთმანეთში დედაქალაქები აერიათ და ბუდაპეშტის ნაცვლად, სადაც მატჩი უნდა ჩატარებულიყო, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩაფრინდნენ. ქომაგებმა საკუთარი შეცდომის შესახებ უკრაინელ ფანებთან ერთად ლუდის დალევისას შეიტყვეს, რომლებიც ბუქარესტში უკრაინისა და ავსტრიის მატჩისთვის იყვნენ ჩასულები.
,,თქვენ კიევიდან ხართ?'' - ჰკითხა მათ რუმინული გამოცემის - The Jurnalul National-ის ჟურნალისტმა, რაზეც გულშემატკივრებმა უპასუხეს, რომ მათ ქალაქები აერიათ და რეალურად საფრანგეთისა და უნგრეთის შეხვედრის ბილეთები ჰქონდათ, რომელიც ბუდაპეშტში ,,პუშკაშ არენაზე'' რამდენიმე საათში იწყებოდა. ექვს გზააბნეულ ფრანგს საბოლოოდ მაინც გაუმართლა, რადგან იმ იმედით, რომ მათი საყვარელი ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, მათ ბუქარესტში დარჩენა გადაწყვიტეს, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 28 ივნისს მერვედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდებიან - ,,სასაცილოა, რომ საფრანგეთის ნაკრები იქ მოდის, სადაც ჩვენ ვართ,'' - თქვა ერთ-ერთმა ქომაგმა - მანუელმა. ფრანგ გულშემატკივრებს შეცდომის გაცნობიერებაში ვერც რუმინეთის დროშა და ვერც აეროპორტში მოსმენილი განსხვავებული ენა დაეხმარა. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინის გულშემატკივრები უნგრეთის დროშას აფრიალებდნენ: ,,გვეგონა, რომ უნგრელი გულშემატკივრები იყვნენ, რომლებიც თამაშზე მიდიოდნენ და მათ გავყევით. ევროპის შესახებ მეტი უნდა ვისწავლოთ.'' საბოლოოდ ფრანგები ქალაქის ძველ უბანში აღმოჩდნენ, სადაც მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და საფრანგეთისა და უნგრეთის მატჩს ტელევიზორში უყურეს.
ბუდაპეშტი და ბუქარესტი ერთმანეთში მხოლოდ ამ ახალგაზრდებს არ არევიათ. ამ ორი დედაქალაქის ფონეტიკური მსგავსება დაბნეულობას ხშირად იწვევს. მაგალითად, 1992 წელს ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა, მაიკლ ჯექსონმა, რუმინეთში, კონცერტის წინ, ფანებს ქვეყნის პარლამენტის შენობის აივნიდან მიმართა: ,,გამარჯობა, ბუდაპეშტო!''

სხვა სტატიები