Belive

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: "ფეხბურთს სჭირდება ინტელექტი, ინტელექტს - კითხვა"

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
"ფეხბურთისთვის ინტელექტი მნიშვნელოვანი ასპექტია, ინტელექტის განსავითარებლად კი ზოგადად კითხვაა საჭირო და არა კონკრეტული წიგნები", - მწერალი, მსახიობი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. მართლაც, ლიტერატურას ისევე როგორც ადამიანის პიროვნულ განვითარებაში, სხვადასხვა სფეროში და მათ შორის სპორტში წარმატების მისაღწევადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ და სხვა საინტერესო საფეხბურთო თემებზე ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტის "წიგნების თაროს" წამყვანს ვესაუბრეთ, რომელიც ფეხბურთს 1996 წლიდან გულშემატკივრობს. როდის და როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფეხბურთი? ფეხბურთი ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა, მახსოვს, ჩემმა ძმამ რუდ გულიტის თოჯინა გააკეთა და ძალიან მიყვარდა ის თოჯინა, აქტიური გულშემატკივრობა კი 1996 წელს დავიწყე, ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრებს ვქომაგობდი. ეს პირადი არჩევანი იყო, რადგან ბავშვობიდან ანგლოფილი ვიყავი და მიყვარდა ყველაფერი ინგლისური. მერე კი 1998-ში, ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგა, რომელზეც ისევ ინგლისის სიყვარულით "მანჩესტერ იუნაიტედი" შევიყვარე და როგორც დაგვირგვინდა ის წელი, კი გახსოვთ. ბავშვობაში სპორტულ ლიტერატურას, ჟურნალებს და პლაკატებს აგროვებდი? ვაგროვებდი ჟურნალ "ფეხბურთს", კარგად მახსოვს. მერე პლაკატებისგან და პატარა წებოვანა პოსტერებისგან კოლაჟებსაც ვაკეთებდი და საწოლის თავთან მქონდა გაკრული. გჯერა სულშერის წარმატების? რა არის "ეშმაკების" ძველი დიდების დაბრუნების გასაღები? 2013-ის მერე სულ მინდოდა "მანჩესტერში" ფერგიუსონის მსოფლმხედველობის მწვრთნელი მოსულიყო, გუნდზე ორიენტირებული და არა ხმაურიან შენაძენებზე. ამიტომ, მჯერა სულშერის და მისი წარმატების და მგონია, რომ სწორედ ესაა, რაც სჭირდებოდა იუნაიტედს, თავდაჯერება, გუნდურობა და სათამაშო კომფორტი.
ინტელექტ-კლუბში შენს გუნდს "დინამო" ჰქვია. რა მოგონებები გაკავშირებს თბილისურ კლუბთან? თბილისის "დინამო" ჩემთვის ნომერი პირველი სიყვარულია. დეიდაჩემი ფეხბურთის დიდი ფანია და ბურთი აქვს 81-ის დინამოელთა ხელმოწერებით, ის ამბები გმირული ლეგენდებივით ჩამესმოდა ბავშვობაში. შემდეგ კი ეს სიყვარული განვითარდა და განვითარდა.
შენი აზრით, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი? არ ვფიქრობ, რომ ასე გამოყოფა შესაძლებელია. ეპოქები იცვლება, სათამაშო სტილი, სირთულე, ყველაფერი იცვლება, ამიტომ რთულია არათუ სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელების, არამედ ერთმანეთის თანამედროვე მოთამაშეების შედარებაც კი. მე ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანის თამაშით აღვფრთოვანებულვარ, სტაბილურად საუკეთესო კი ალბათ ლეონელ მესია. მწვრთნელზე უფრო მარტივად გავცემ პასუხს - რა თქმა უნდა, ბოსი. და მაინც, მესი, თუ რონალდუ? მიუხედავად რონალდუს მანკური წარსულისა, მესი. ვინ არის ფეხბურთის ყველაზე დიდი რევოლუციონერი? რომელ სამწვრთნელო სკოლას ანიჭებ უპირატესობას? მგონია, რომ ტოტალური ფეხბურთი იყო საუკეთესო რამ, რაც ფეხბურთში მომხდარა, ტიკი-ტაკასგან განსხვავებით, რომელმაც ყველაფერი მოკლა რაც ფეხბურთში მიყვარს. ამიტომ, მიხელსი და მაშინდელი ჰოლანდიური სკოლა. ფეხბურთის მთავარი ინტელექტუალური ლაბორატორია ჩემთვის ჰოლანდიაში მდებარეობს, დღესაც. ხშირად კამათობენ თანამედროვე და ძველ ფეხბურთზე, შენ რომელ მხარეს ირჩევ? თანამედროვე ფეხბურთი უფრო ინტენსიურია, უფრო რთული და მრავლისმომცველი, თუმცა ძველი თითქოს მეტად თავისუფალი და ჭუჭყიანი იყო და ეს ჭუჭყი უხდება სპორტს, შეცდომები, მოულოდნელი გაბრწყინებები და ა.შ. მწვრთნელი რომ ყოფილიყავი, ყველაზე ხშირად რომელ სქემას აირჩევდი? ალბათ, მეტ აქცენტს ნახევარდაცვაზე გავაკეთებდი. თანამედროვე ფეხბურთში კარდინალურად გაიზარდა ფლანგის მცველების მნიშვნელობაც, ამიტომ ეს ყოველივე საშუალებას იძლევა ითამაშო 3-5-2 (ან თუნდაც 5-3-2) ტაქტიკით, რომელშიც ფლანგის მცველები მკვეთრად იწევიან მაღლა და ცენტრს თავისუფლად თამაშის საშუალებას აძლევენ. 3 ცენტრალური მცველი, 2 ფლანგი (გინდ მცველი დავარქვათ, გინდ ნახევარმცველი), 2 ცენტრი, 1 გამთამაშებელი და 2 თავდამსხმელი. იტალიური დაცვა, ესპანური ნახევარდაცვა თუ ბრაზილიური თავდასხმა? ჯიჯი ბუფონი
სუარესი თუ ლევანდოვსკი? ვინ არის თანამედროვეობის საუკეთესო თავდამსხმელი? ლევანდოვსკი. ჩემპიონთა ლიგა თუ მსოფლიო ჩემპიონატი? ხარისხით - ჩემპიონთა ლიგა, საყოველთაო მასშტაბითა და საერთაშორისო მნიშვნელობით - ცხადია მსოფლიო ჩემპიონატი. თუმცა, ფაქტია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების კონცენტრაცია მაინც ჩემპიონთა ლიგაზე ხდება. როგორ ფიქრობ, რატომ დაკარგა მუნდიალმა ძველი ხიბლი? ზედმეტი კომერციალიზაციის გამო. მეორე რანგის ქვეყნებმა დაკარგეს კარგი საფეხბურთო ჩემპიონატები. შედეგად ნაკლებად ჩნდებიან ასეთ ქვეყნებში დიდი ფეხბურთელები. ამან გამოიწვია სანაკრებო დონეზე დეგრადაციაც. საუკეთესო ტურნირი, რომელიც გინახავს? შარშანდელი ჩემპიონთა ლიგა ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ტურნირი, რაც მინახავს. ასევე, გამოვყოფდი 1998-ის მუნდიალს. რომ შეგეძლოს, რომელი ფეხბურთელი იქნებოდი? როცა ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რა საოცარი იქნებოდა მთელი კარიერა ერთ გუნდში გამეტარებინა. ამის გათვალისწინებით, პოლ სქოულზი ვიქნებოდი.
"ოცნებათა თეატრში" რომელ საფეხბურთო პიესას იხილავდი? შექსპირის "ჭირვეულის მორჯულებას", კატარინას როლში - ლივერპულის მონაწილეობით. მთავარი საფეხბურთო ოცნება? თბილისის "დინამო" - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, საქართველოს ნაკრები - მუნდიალზე. საუკეთესო მატჩი, რომელზეც ყოფილხარ. რომელ შეხვედრას დაესწრებოდი? "ჩესტერი" - "გლოსტერი" 4-0 (ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონი), ისე კი სიამოვნებით დავესწრებოდი ფერგის ნებისმიერ მნიშვნელოვან ქამბექს. რა არის კომენტატორის მაგია და რა როლი აქვს მას ფეხბურთში? როგორი უნდა იყოს კარგი კომენტატორი?  კომენტატორი ფაქტობრივად თარჯიმანია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. კარგი კომენტატორი უნდა იყოს ემოციური, თამაშის თანადროული და შემოქმედებითი - კარგი იუმორითა და ინტელექტით. შექმენი იდეალური ფეხბურთელი... იბრას აღნაგობა, კანტონას ჟინი, რონალდუს გამძლეობა და სისწრაფე, მესის ტალანტი, ინიესტას ინტელექტი, ბექჰემის ვიზუალი, ბერგკამპის ტექნიკა, ვან პერსის ელეგანტურობა. ქართველი ფეხბურთელები ბოლო პერიოდში ლიტერატურას აქტიურად კითხულობენ, რომელ წიგნს ურჩევდი მათ? ვურჩევდი ნებისმიერ წიგნს, რომელიც მოცემულ მომენტში ესიამოვნებოდათ, რადგან ფეხბურთისთვის ინტელექტი მნიშვნელოვანი ასპექტია, ინტელექტის განსავითარებლად კი ზოგადად კითხვაა საჭირო და არა კონკრეტული წიგნები. გიყვარს სპორტული ლიტერატურა? რომელ წიგნს გამოარჩევდი? გამოვყოფდი ანდრეა პირლოს წიგნს "ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ".
რა არის ფეხბურთელის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი - ნიჭი თუ პროფესიონალიზმი? პროფესიონალიზმი. თუმცა ცოტა ნიჭის გარეშე ძალიან გაუჭირდება. როგორც ეს შენი პიესის "კუნძულის" დასასრულში ხდება, ახალ ერაში ერთი ფეხბურთელის დატოვება რომ შეგეძლოს, ვის აირჩევდი? მას, ვინც ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ნახა და ყველაზე მეტის გადაცემას შეძლებდა მომავალი თაობებისთვის, შესაბამისად რომელიმე ვეტერანს, ვისაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები. რომელია ფეხბურთის ყველაზე დრამატული პიესა? ჰო, ფეხბურთში ხშირია ასეთი პიესები, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ამბები. მიუნხენის ტრაგედია, ჰილსბრო, მარადონას ნარკოტიკებზე შეჯდომა, ზიდანის და მატერაცის ინციდენტი და ა.შ. ყველაზე პოეტური და რომანტიული ფეხბურთელი? ალბათ, ჯორჯ ბესტი და იოჰან კრუიფი. ფეხბურთსა და ლიტერატურას შორის პარალელი რომ გავავლოთ, რომელ პერსონაჟს რომელ საფეხბურთო ფიგურასთან გააიგივებდი? მე ალექს ფერგიუსონსა და ალბუს დამბლდორს შევადარებდი. ასეთი შედარებები ჩემი საყვარელი გასართობია და უსასრულოდ შემიძლია ვითამაშო, მოდი რამდენიმე ვარიანტი განვიხილოთ: ზლატან იბრაჰიმოვიჩი მაგონებს დონ კიხოტს, შუა საუკუნეების რაინდული საგიდანაა გადმოსული და ქარის წისქვილებს ებრძვის. ხავი-ინიესტა-ბუსკეტსი იყვნენ სამი მუშკეტერი, შესაბამისად არამისი, ათოსი და პორთოსი, რომლებმაც გენიალურად ჩაიძმაკაცეს დარტანიანი - მესი. ალექს ფერგიუსონი უფრო გენდალფია, ბოლო წამის ქამბექებს თუ გავითვალისწინებთ. და ბოლოს, დევიდ ბექემი დორიან გრეია, მგონი დროა უკვე რომ დაბერდეს ხო?
როგორია შენი საყვარელი ფეხბურთელებით შედგენილი სიმბოლური თერთმეტეული?
team_11.04

სხვა სტატიები