Belive

ფერდინანდი: "წავიდეს პოგბა, მანჩესტერში გრილიში მინდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ და ამჟამად, Sky Sports-ის ანალიტიკოსმა, რიო ფერდინანდმა, ჯეკ გრილიშისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მისი სათამაშო სტილი მესისა და რონალდინიოს თამაშს შეადარა. ფერდინანდის სიტყვებით, მას სულაც არ ადარდებს, გააგრძელებს თუ არა პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერას. მისი თქმით, გუნდის სამიზნედ ჯეკ გრილიში უნდა იქცეს, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილას" მაისურით თამაშობს. აღსანიშნავია, რომ "ოლ ტრაფორდიდან" პოგბას წასვლაზე საუბრები განსაკუთრებით მინო რაიოლას განცხადების შემდეგ გააქტიურდა - პოგბას აგენტმა პირდაპირ მიუთითა, რომ მისი კლიენტის ადგილს, უახლოეს მომავალში, "ოლდ ტრაფორდზე ვერ ხედავს.
"არ მაინტერესებს, პოგბა გუნდში დარჩება თუ არა. გრილიში ჩემი კაცია. როდესაც ის თინეიჯერი იყო, მის შესახებ უკვე ვიცოდი. ის ჩემს რესტორანში იყო მოსული, მე კი მამამისს ორი ბილეთი გადავეცი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებით, გრილიში მოედანს მიღმაც ძალიან ბევრს ვარჯიშობს და დეტალებზე უზომოდ არის ორიენტირებული. მას გამორჩეული სათამაშო სტილი აქვს, მისი ყურებისას პაბლო აიმარი, არიელ ორტეგა, რონალდინიო და ლიონელ მესი მახსენდებიან. ნამდვილად არ ვამბობ იმას, რომ გრილიში უკვე ამ დონეზე დგას, თუმცა ის ფანტასტიკური ფეხბურთელია", - აღნიშნა რიომ.
მიმდინარე სეზონში, გრილიშმა ყველა ტურნირზე, ჯამში, 16 მატჩი გამართა, სადაც 6 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ასევე გეტყვით, რომ Transfermarkt-ის თანამმად, ამპლუით შემტევი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.  

სხვა სტატიები