Belive

FIFA-ს საუკეთესოს ჯილდოთა მფლობელების ვინაობა ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ფიფა-ს საუკეთესოთა საფეხბურთო დაჯილდოება დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულთან ერთად, გამარჯვებული კიდევ 10 ნომინაციაში გამოვლინდა. FIFA-ს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, "წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის" მფლობელი მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც 45 გოლის გატანა და 5 ტიტულის მოგება შეძლო. პოლონელის გარდა, ტიტულისათვის "ბარსას" კაპიტანი, ლეო მესი და "იუვენტუსის" ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუც იბრძოდნენ.

  როგორც მოსალოდნელი იყო, წლის მეკარის ნომინაცია "ბაიერნის" კედელმა, მანუელ ნოიერმა მიიღო, რომელმაც ალისონ ბეკერი და იან ობლაკი დაამარცხა. გერმანელი წარმატებას შემდეგნაირად გამოეხმაურა:
"კარიერაში ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. თუმცა, ახლა ყველას რთული პერიოდის გავლა გვიწევს. განსაკუთრებით, გულშემატკივრების გამხნევება გვაკლია, რასაც, ზოგადად, მეკარეები ყველაზე მეტად გრძნობენ.
მორიგი ნომინაცია წლის საუკეთესო მწვრთნელი იყო, რომელიც "ლივერპულის" თავკაცს, იურგენ კლოპს გადაეცა. მასთან ერთად პრეტენდენტთა შორის "ლიდსის" პროგრესში და პრემიერ ლიგაში დაბრუნების მთავარი სულისჩამდგმელი, მარსელო ბიელსა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი, ჰანს ფლიკი იყვნენ.
"შესანიშნავი და მარტივი წელი იყო, ვინაიდან, ეს "ლივერპულია. გულწრფელად რომ ვთქვა, მადლობა ბევრი ადამიანისთვის მაქვს გადასახდელი, განსაკუთრებით კი, ჩემი ასისტენტებისთვის. გულშემატკივრების გარეშე ჩატარებული მატჩების განწყობას ვერ აგიხსნით. როდესაც საშინაო არენაზე ვთამაშობთ, დიდად დანაკლისი არ გვემჩნევა, მაგრამ მხარდამჭერები ყოველთვის დიდებულ ატმოსფეროს გვიქმნიდნენ.", - აცხადებს თავკაცი
FIFA-ს 2020 წლის პუშკაშის ჯილდოსთვის (საუკეთესო გოლი) ბრძოლაში ლონდონის „ტოტენჰემის“ კორეელმა ფეხბურთელმა, ჰეუნგ მინ სონმა გაიმარჯვა. 28 წლის შემტევმა წლის საუკეთესო გოლად დასახელებული ბურთი „ბარნლისთან“ შეხვედრაში, შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ გაიტანა.

იხილეთ გოლი


 

სხვა სტატიები