Belive

FIFA U17-ის "ოქროს ბიჭუნები" - სად არიან ისინი ახლა?

5 წლის წინ ფეხბურთი
14 წთ
მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლამდელებს შორის 1985 წლიდან ტარდება. გასული 17 ჩემპიონატის მანძილზე ტურნირზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა, თუმცა სამწუხაროდ მათ დიდ ნაწილს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია. პირველ სამ ჩემპიონატზე თასი 16 წლამდელებს შორის თამაშდებოდა. წელს ახალგაზრდა ფეხბურთელების მორიგ მუნდიალს ბრაზილია უმასპინძლებს. Live.ge გთავაზობთ გასული ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელების მოკლე ისტორიას.  

1985 წელი, ჩინეთი - ვილიამი (ბრაზილია)

იმ ნაკრებიდან რომელმაც ჩინეთის მსოფლიო ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა ვილიამ სეზარ დე ოლივეირა გამორჩეული იყო. მან ბომბარდირთა დავა 5 გოლით მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია. მისი საკლუბო კარიერა ისე არ აეწყო როგორც მას სურდა. 2002 წლამდე კოლუმბიურ, ბრაზილიურ და პერუს კლუბებში ითამაშა. კარიერა კი 34 წლის ასაკში, 2002 წელს ბრაზილიურ "ამერიკანოში" დაასრულა, ამის შემდეგ კი სამწვრთნელო საქმიანობა აღარ გაუგრძელებია.  

1987, კანადა - ფილიპ ოსონდუ (ნიგერია)

ნიგერიის ნაკრები ამ ასაკში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია, თუმცა 1987 წელს ისინი ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან დამარცხდნენ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ, ამას ხელი არ შეუშლია ნიგერიელი შემტევისთვის რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოეპოვებინა. ოსუნდომ ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა, ჯგუფურ ეტაპზე კი ბოლივიას ჰეთ-თრიქი შეუსრულა. მისმა საკლუბო კარიერამ ნაკლებად შთამბეჭდავად ჩაიარა, ძირითადად ფრანგულ და ბელგიურ კლუბებში, აქედან ყველაზე ცნობილი ანდერლეხტი იყო, თუმცა აღსანიშნავია რომ იქ თამაშის 7 წელში ფილიპმა მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, კარიერა კი 2004 წელს, 33 წლის ასაკში, სამოყვარულო კლუბ "მერხტემში" დაამთავრა.

1989, შოტლანდია - ჯეიმს ვილი (შოტლანდია)

1989 წლის ფინალი საუდის არაბეთსა და შოტლანდიას შორის გაიმართა. შოტლანდიელთა ამ ეტაპამდე მისვლა მათი მეკარის, ჯეიმს ვილის დიდი დამსახურება იყო, რადგან ფინალამდე მას მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გაშვებული. ფინალი ფრედ 2:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი საუდის არაბეთმა 5:4 გაიმარჯვა. ჯეიმსის კარიერა ინგლისში "არსენალსა" და "შეფილდში" იწყებოდა, თუმცა ამ ორ კლუბში მას 1 მატჩის არ უთამაშია. შემდეგ იყო "დანფერმლაინი" და სხვადასხვა სამოყვარულო კლუბები. კარიერა კი 2008 წელს 36 წლის ასაკში დაბალლიგელ "პიტერჰედში" დაასრულა.  

 1991, იტალია - ნიი ლამპტეი (განა)

  1991 წელს განელებმა პირველად მოახერხეს ჩემპიონობის მოპოვება, ამავდროულად ეს იყო პირველი ჩემპიონატი რომელიც 17 წლამდელთა ეგიდით ჩატარდა. ფინალში განამ უძლიერეს ესპანეთს სძლია. ლამპტეიმ კი საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ისეთ მოთამაშეებს შორის მოიპოვა როგორებიც ალესანდრო დელ პიერო, ხუან სებასტიან ვერონი და მარსელო გალიარდო იყვნენ. იმავე წელს ლამპტეიმ განას ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო, სადაც 1996 წლამდე 38 მატჩი ჩაატარა და 8 გოლიც გაიტანა. მისი სანაკრებო კარიერა კი უკან 1996 წლის აფრიკის თასის ნახევარფინალის შემდეგ წავიდა სადაც ნიი სამხრეთ აფრიკასთან მატჩის დროს გააძევეს, საბოლოოდ კი განელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს. საკლუბო კარიერის მანძილზე ლამპტეიმ ისეთ კლუბებში ითამაშა როგორებიც "ანდრელეხტი", "პსვ" და "ასტონ ვილა" არიან, უამრავი სხვადასხვა ქვეყნის მოვლის შემდეგ კი კარიერა 34 წლის ასაკში 2008 წელს სამხრეთ აფრიკულ "ჯომო კოსმოსში" დაასრულა. ამჟამად ლამპტეის განაში საკუთარი ფერმა აქვს, სადაც ცხვარს უვლის, იგი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისას განის ერთ-ერთ ტელევიზიაში კომენტატორიც იყო.  

1993 წელი, იაპონია - დანიელ ადო (განა)

იაპონიაში განელებმა ფინალი ნიგერიასთან 1:2 დათმეს. ამის მიუხედავად დანიელ ადოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაში ვერავინ შეეცილა. ადო განას ნაკრებში 15 წლის ასაკში 1991 წელსაც ირიცხებოდა, თუმცა ორი წლის შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა. მისი საკლუბო კარიერა გერმანიაში წარიმართა "ფორტუნაში" და "კარლსრუეში" მან ჯამში 46 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ასევე იგი ირიცხებოდა "ლევერკუზენშიც" სადაც ის როგორც ვუნდერკინდი ისე მივიდა, მაგრამ "ბაიერში"  ადოს ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. დანიელმა ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 1994 წელს მოირგო და ქვეყნის მთავარ გუნდში 6 წელი გაატარა სადაც 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა. დანიელ ადომ კარიერა 2007 წელს სამშობლოში, "სეკონდი ჰასააკასის" რიგებში დაასრულა.  

1995, ეკვადორი - მოჰამედ ამარ ალ-ხატირი (ომანი)

ომანის ნაკრებმა ეკვადორში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა ალ-ხატირი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე მაინც გახდა. მისი კარიერა ვარსკვლავურად არ გაგრძელებულა და აქტიურ მოთამაშეობის მთელი პერიოდი მან სამშობლოში "ალ-ნასრსა" და "მირბატში" გაატარა.  

1997, ეგვიპტე - სერხიო სანტამარია (ესპანეთი)

1997 წელს ესპანელები მესამე ადგილზე გავიდნენ. სერხიო სანტამარიამ კი საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში რონალდინიოს, გაბრიელ მილიტოს და სებასტიან დაისლერს აჯობა.  ესპანელმა შემტევმა მთელი კარიერა ესპანეთში გაატარა, "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდებში თამაშის შემდეგ მან ძირითად გუნდში 6 მატჩი ითამაშა. კარიერის მანძილზე ის სხვადასხვა დივიზიონის კლუბებში ასპარეზობდა, კარიერა კი 2011 წელს "ალჰორინ ტორეში" დაასრულა. აღსანიშნავია რომ სანტამარიას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში არასდროს უასპარეზია .

1999 , ახალი ზელანდია - ლენდონ დონოვანი (აშშ)

ამ ფეხბურთელის შესახებ ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის. ლენდონის ამობრწყინება სწორედ ახალ ზელანდიაში დაიწყო. შეერთებული შტატების ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. დონოვანმა კარიერის მანძილზე მიუნხენის "ბაიერნსა" და "ევერტონშიც" იასპარეზა. ამჟამად კი "სან დიეგო სოქერსში" ირიცხება.  აშშ-ს ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით დონოვანი მხოლოდ კობი ჯონსს ჩამორჩება, 2000-2014 წლებში მან ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური 157 მატჩში მოირგო და 57 გოლი გაიტანა.  ლენდონმა 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და დამსახურებულად ითვლება ამერიკული ფეხბურთის ლეგენდად.

2001, ტრინიდადი და ტობაგო - ფლორენ სინამა პონიოლი (საფრანგეთი)

2001 წელს საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალე სტილში მოიგო , თუმცა კარიერულად მეტ-ნაკლებ წარმატებას იმ გუნდის მხოლოდ ორმა წევრმა, ფლორენ სინამა პონიოლმა და ენტონი ლე ტალეკმა მიაღწიეს. სინამა პონიოლი გარდა საუკეთესო ფეხბურთელობისა საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 9 გოლით.  მიუხედავად იმისა რომ ფლორენს კარიერის გარიჟრაჟზე მსგავსი წარმატებები ჰქონდა მთავარ ნაკრებში მხოლოდ 7 წლის შემდეგ 2008 წელს ტუნისთან ითამაშა, ეს მის კარიერაში ერთადერთი მატჩი აღმოჩნდა სადაც მან ეროვნული ნაკრების მაისური მოირგო. საკლუბო კარიერა სინამა პონიოლმა "ლივერპულში"  დაიწყო სადაც 5 წელში მხოლოდ 38 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ამ დროის მანძილზე იგი "ლე ავრში" და "ბლექბერნშიც" იყო განათხოვრებული. ამის შემდეგ კი დაიწყო მისი მოგზაურობა, 12 წლის მანძილზე სინამა პონიოლმა 10 კლუბში იასპარეზა კარიერა კი 2018 წელს ტაილანდურ "ჩაინატ ჰორნბილში" დაასრულა სადაც 62 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

2003, ფინეთი - სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი)

ფინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანელების ტიტულისკენ სვლის შეჩერება მხოლოდ ბრაზილიელებმა შეძლეს და ისიც ფინალში. სესკ ფაბრეგასი კი პირველად სწორედ მაშინ გამჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე.საუკეთესო მოთამაშეობის გარდა იგი ტურნირის ბომბარდირიც გახდა 5 გოლით. მისი კარიერის შესახებ ყველამ კარგად იცის, ჩვენ კი მხოლოდ იმას დავამატებთ რომ სესკი ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა და ამ დრომდე 110 მატჩი აქვს ჩატარებული. ამჟამად 31 წლის სესკი "მონაკოს" ღირსებას იცავს.  

2005, პერუ - ანდერსონი (ბრაზილია)

ფინალში მექსიკასთან მარცხმა და კარლოს ველას ბომბარდირულმა თვისებებმა ანდერსონის ბრწყინვალე ასპარეზობა ვერ გადაფარა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჩემპიონატის ოქროს ბურთი ჯოვანი დოს სანტოსთან და ნური შაჰინთან ბრძოლაში მოიპოვა. 1 წლის შემდეგ კი "გრემიოდან" "პორტოში" გადავიდა. ამის შემდეგ კი იყო "მანჩესტერ იუნაიტედი" და ტრიუმფის ჩემპიონთა ლიგის მოსკოვურ ფინალში. 2015 წელს ანდერსონმა ინგლისი დატოვა, ამჟამად კი თურქეთში "ადანა დემირსპორის" ღირსებას იცავს. ბრაზილიის ნაკრებში მისი დებიუტი 2007 წელს, "კოპა ამერიკაზე"  მექსიკასთან შედგა. იმ მატჩში "სელესაო" 0:2 დამარცხდა.

2007, სამხრეთ კორეა - ტონი კროოსი (გერმანია)

კროოსი ალბათ ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია ვისაც ეს ტიტული აქვს მოგებული.  გერმანიის ნაკრებმა სამხრეთ კორეაში მესამე ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ მატჩში კროოსმა გოლიც გაიტანა და მთელ ტურნირზე დირიჟორობდა საკუთარ ნაკრებს, დანარჩენი კი როგორც იტყვიან ისტორიაა, "ბაიერნი" და "რეალი" მოგებული 4 ჩემპიონთა ლიგა და უამრავი სხვა ტიტული, 92 მატჩში გატანილი 14 გოლი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ეს ის შედეგებია რომელსაც ნებისმიერი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა. კროოსი დღემდე რჩება თანამედროვეობის გამორჩეულ ფეხბურთელად.

2009, ნიგერია - სანი ემანუელი (ნიგერია)

ნიგერია შინაურ კედლებში შვეიცარიასთან დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა. სანიმ 5 გოლი გაიტანა და რომაული "ლაციოს" ყურადღებაც მიიპყრო. რომში მან 4 წელი გაატარა, მაგრამ ძირითადად განათხოვრებული იყო ან ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. ამის შემდეგ იყო წარუმატებელი ასპარეზობა იერუსალიმის "ბეითარში" და შვედურ "ოსკარსჰამნსში".  23 წლის ასაკში სანიმ ისე დაასრულა კარიერა, რომ ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩიც არ ჩაუტარებია.

2011, მექსიკა - ხულიო გომესი (მექსიკა)

მექსიკის ბრწყინვალე ნაკრების კიდევ უფრო ბრწყინვალე ნაწილი გახლდათ ხულიო გომეს გონსალესი, გამოსარჩევია მისი ასპარეზობა ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებთან. გონსალესმა მესამე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.  76 წუთზე მექსიკელები 1:2 მარცხდებოდნენ როდესაც ესპერიკუეტამ კუთხურიდან ჩაახვია და ანგარიში გაათანაბრა, ამ მომენტში ხულიომ თავის ტრავმა მიიღო მაგრამ რადგან მექსიკელებს შეცვლა აღარ ქონდათ დარჩენილი ის მოედანზე დაბრუნდა და 90-ე წუთზე მაკრატელათი გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ფინალში მექსიკელებმა ურუგვაის 2:0 სძლიეს და ამ ასაკში მეორეჯერ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონობა. ხულიო ამჟამად 24 წლისაა და არასდროს უთამაშია მექსიკის გარეთ. ის ოფიციალურად "პაჩუკას" ეკუთვნის, თუმცა 2014 წლის შემდეგ რიგით მეშვიდე კლუბშია განათხოვრებული.

გერმანია - მექსიკა. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი.

 

2013, არაბთა გაერთიანებული საამიროები - კელეჩი იჰეანაჩო (ნიგერია)

ნიგერიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ მატჩების უმრავლესობაში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ნიგერიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა კი კელეჩი იჰეანაჩო იყო. 6 გოლთან ერთად მან საკუთარ ანგარიშზე 7 საგოლე პასი ჩაიწერა. 1 წლის შემდეგ იჰეანაჩოს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებშიც, სვაზილენდის ნაკრებთან იგი შეცვლაზე შევიდა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ "მანჩესტერ სიტიში" ტუმცა 2 წელში ჩატარებული 46 მატჩისა და 12 გოლის შემდეგ იგი "ლესტერში" გადავიდა სადაც დღემდე ასპარეზობს.  

2015, ჩილე - კელეჩი ნვაკალი (ნიგერია)

ნიგერიამ ზედიზედ მეორედ მოახერხა ახალგაზრდული მუნდიალის მოგება გუნდის სული და გული ვიქტორ ოსიმჰენთან ერთად გუნდის კაპიტანი, კელეჩი ნვაკალი გახლდათ რომელიც დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ.  კელეჩიმ ამჟამად ლონდონის "არსენალის" საკუთრებაა და იჯარით თამაშობს "პორტო ბ"-ში.  

2017, ინდოეთი - ფილ ფოდენი (ინგლისი)

  ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისელთა ტრიუმფით დასრულდა, ფილ ფოდენისა და რაიან ბრიუსტერის ლიდერობით ინგლისმა ის თამაში აჩვენა რასაც მთგან ელოდნენ. ამ ნაკრების ფეხბურთელების ნისლიან ალბიონზე ნამდვილად ეიმედებათ. ფოდენმა ფინალში ესპანეთთან 5:2 მოგებულ მატჩში დუბლი გაიფორმა, და ზოგადად იგი "მანჩესტერ სიტის" სრულუფლებიანი წევრია და თამაშიც ხშირად უწევს, აღსანიშნავია რომ ფოდენი სწორედ "სიტის" აკადემიის აღზრდილია. გასულ წელს  მას დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდულ ნაკრებში და სავარაუდოდ არც ეროვნულ ნაკრებში დებიუტია შორს.

სხვა სტატიები