Belive

გაიცანით ჰარვი ელიოტი - ლივერპულის ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც რამოსი სძულს

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
როდესაც 17 წლის ფეხბურთელი ხარ და შენი შეძენა მადრიდის "რეალს" სურს, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. გასულ ზაფხულში, ინგლისელი გარემარბი მადრიდში იმყოფებოდა. "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებმა, ელიოტს "სანტიაგო ბერნაბეუ" დაათვალიერებინეს და გუნდის შეცვლაზე ესაუბრებოდნენ. როდესაც ისინი, გუნდის მუზეუმში, სერხიო რამოსის მაისურს მიუახლოვდნენ, ელიოტს შესთავაზეს: "გინდა გუნდის კაპიტანს შეხვდე?"
"არა, მადლობა. მას შემდეგ, რაც რამოსმა მო სალაჰს გაუკეთა, მე ის გულზე არ მეხატება," უპასუხა ელიოტმა. მისი მასპინძლები, ამ პასუხს ნამდვილად არ ელოდებოდნენ.
ელიოტი ბავშვობიდან "ლივერპულის" ქომაგია. კიევში გამართულ 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ახალგაზრდა ფეხბურთელი მამასთან ერთად დაესწრო. სწორედ ამ ფინალში, რამოსისა და სალაჰის "ჭიდაობის" შედეგად, ეგვიპტელმა მხარი მოიტეხა. გულშემატკივრების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, რამოსმა ეს ყველაფერი განზრახ გააკეთა და ელიოტიც მათ აზრს იზიარებს.  
harvey-elliott-liverpool-champions-league-kiev-salah-e1590859602974-1536x1018

ელიოტით არამარტო "რეალი," არამედ სხვა დიდი გუნდებიც ინტერესდებიან - "პსჟ," "სიტი," "ჩელსი" და "არსენალი" იმ გუნდებს შორის არიან, რომლებიც ახალგაზრდა ინგლისელის გადაყვანაზე დღესვე მოაწერდნენ ხელს. თუმცა "ფულჰემის" აკადემიაში ნავარჯიშებ ელიოტს წამითაც არ უფიქრია, როდესაც მისით საყვარელი გუნდი, "ლივერპული" დაინტერესდა. საქმე მხოლოდ გუნდის სიყვარულში არაა - იურგენ კლოპი სწორედ იმით არის ცნობილი, რომ ახალგაზრდა ტალანტებისგან იგი მსოფლიო ვარსკვლავებს აყალიბებს. "ელიოტი გამორჩეული ტალანტი და ძალიან კარგი ბიჭია. რომ ნახოთ, როგორ ვარჯიშობს, ამაში მაშინვე დარწმუნდებით. მას ნებისმიერ გუნდში შეეძლო თამაში, მაგრამ მან ლივერპული აირჩია," აღნიშნავს გერმანელი სპეციალისტი. ჯერჯერობით ელიოტს "ლივერპულთან" პროფესიონალური კონტრაქტი არ აქვს გაფორმებული - ის ახალგაზრდული გუნდის წევრია. 17 აპრილს, მას 17 წელი შეუსრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტზე მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, "ფულჰემი" კი კომპენსაციის სახით დაახლოებით £7 მილიონს მიიღებს.

პირველი ფოტო "ენფილდზე" ელიოტს 2006 წლის აგვისტოში აქვს გადაღებული - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ლივერპული" "მაკაბის" ეთამაშებოდა. პატარა ჰარვი სტადიონზე მამამ, სკოტმა მიიყვანა და სამახსოვრო ფოტოც გადაუღო.

"ელიოტი ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. ის ბურთს საოცრად ამუშავებდა ბავშვობიდან პროფესიონალი ფეხბურთელის მენტალიტეტით გამოირჩეოდა. გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი ის იყო, თუმცა პატივისცემას იმსახურებდა. მახსოვს, "ჩელსისთან" 4:1-ს ვაგებდით. მეორე ტაიმში ჰარვიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩი 4:4 დასრულდა. თავი ფილმში მეგონა," ამბობს მისი პირველი მწვრთნელი, სკოტ ჩიკელდეი.
მოჰამედ სალაჰის მსგავსად, ელიოტს მარცხენა ფლანგიდან უყვარს თამაში და საჯარიმოში სწრაფად შეჭრა ახასიათებს. "მო მეფეა. ვარჯიშზე მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. სავარჯიშო დარბაზში ყოფნისას, ის ყურადღებას მაქცევს და რჩევებს მაძლევს. მას ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს," ამბობს ელიოტი. ელიოტის თქმით, მისი კუმირი სტივენ ჯერარდია: "ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჯერარდის დონის ფეხბურთელი გავხდე. მინდა რომ მასსავით ლეგენდარული ვიყო." არცთუ მცირე ამბიციაა, თუმცა აშკარაა, რომ ბიჭს, რომელმაც ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში უკვე 2 რეკორდი დაამყარა, დიდი პოტენციალი აქვს. ამბიციის გარეშე არსებული პოტენციალი კი იგივეა, რაც ჩიტი ფრთების გარეშე, თუკი სალვადორ დალის გამოთქმას მცირედით დავაკორექტირებთ.

სხვა სტატიები