Belive

გაიცანით ქართული კლუბების მეტოქეები ევროტურნირებზე

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
10-11 ივლისს ქართული კლუბები UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავენ. "საბურთალო" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. "დინამო თბილისი", "ტორპედო" და "ჩიხურა" UEFA-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევას შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ქართულ კლუბებს შორის ყველაზე რთული მეტოქე "საბურთალოს" ჰყავს.

"შერიფი" (მოლდოვა) Vs. "საბურთალო" (საქართველო)

10 ივლისი, 21:00 საათი ტირასპოლის "შერიფი" თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მოლდოვის საუკეთესო გუნდად. გასული სეზონის ჩემპიონი, მიმდინარე სეზონშიც დამაჯერებლად ლიდერობს მოლდოვის ჩემპიონატს და მდევარს 11 ქულიანი სხვაობით უსწრებს. "შერიფი" 17-ჯერ გახდა მოლდოვის ჩემპიონი და 10-ჯერ დაეუფლა მოლდოვის თასს. სხვადასხვა დროს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე "შერიფმა" 66 მატჩი გამართა (21 მოგება, 14 ფრე და 31 მარცხი). "შერიფმა" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მატჩების 31.82% მოიგო.

"დინამო თბილისი" (საქართველო) Vs. "ენგორდანი" (ანდორა)

11 ივლისი, 21:00 საათი საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან კლუბს გაუმართლა და ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა. "ენგორდანის" საუკეთესო მაჩვენებელი ანდორის ჩემპიონატში მეორე ადგილია. ევროტურნირებზე "ენგორდანი" მეორედ ასპარეზობს. გასული სეზონის ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ენგორდანი" ყაზახურ "კაირათთან" ორი შეხვედრის ჯამში 1:10 განადგურდა. UEFA-ს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ენგორდანი" "ლა ფიორიტას" დამარცხების შემდეგ მოხვდა.

"ორდაბასი" (ყაზახეთი") Vs. "ტორპედო" (საქართველო)

11 ივლისი, 18:00 საათი ფინანსურ პრობლემებში გახვეული ქუთაისის "ტორპედო" წელს რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. UEFA-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, ქუთაისელები ყაზახური გუნდის წინააღმდეგ გამართავენ, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის. "ორდაბასი" 1998 და 2001 წლებში გახდა ყაზახეთის პირველი დიზივიონის გამარჯვებული. რაც შეეხება ევროტურნირებს - "ორდაბასი" ქართულ კლუბს პირველად უპირისპირდება. ევროტურნირებზე "ორდაბასმა" საუკეთესო მაჩვენებელი 2012/13 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა შეძლო.

"ფოლა" (ლუქსემბურგი) Vs. "ჩიხურა" (საქართველო)

11 ივლისი, 21:30 საათი UEFA-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, "ფოლა" "ჩიხურას" უმასპინძლებს. შეიძლება ითქვას, რომ "ჩიხურას" არც ისე სახარბიელო მეტოქე ჰყავს. ლუქსემბურგის 7-გზის ჩემპიონს ევროტურნირებზე ასპარეზობის საკმაო გამოცდილება აქვს. ევროტურნირებზე საუკეთესო მაჩვენებელი "ფოლამ" 2017/18 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც UEFA-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფოლა" "ოსტერსუნდსთან" ორი შეხვედრის ჯამში 1:3 დამარცხდა.

სხვა სტატიები