Belive

"გამოცდილება არ გვეყო",- პირლო ვერონასთან შეხვედრის შესახებ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სერია ა-ს 24-ე ტურში "ვერონამ" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში 49-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, თუმცა ტურინელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 77-ე წუთზე "ვერონამ" წონასწორობა აღადგინა, ტურინელთა კარში გოლი ანტონინ ბარაკმა გაიტანა და "ბებერ ქალბატონს" მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინა. "ვერონასთან" მატჩი შეაფასა "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ "ვერონასთან" მოსაგებად მის გუნდს გამოცდილება დააკლდა. DAZN-თან საუბარში პირლომ აღნიშნა:
"გულდასაწყვეტია, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. კარგად ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ჩვენ შეხვედრაში დაწინაურება შევძელით, რაც ყველაზე რთული ნაწილი იყო, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ". "ფეხბურთში არის პატარა დეტალები, რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას განსხვავებას ქმნის და ქულების აღებაში გეხმარება, მაგრამ სამწუხაროდ, ახლაგზრდა მოთამაშეებს ეს ჯერ არ ესმით". "როდესაც შეხვედრას იგებ, უნდა ეცადო, რომ მატჩი შენს სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენ ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლდა, ამიტომ ახალგაზრდა მოთამაშეებს მატჩის მიმდინარეობის გაგება გაუჭირდათ". "მათთან გასაუბრება რონალდუსა და ალექს სანდროს ვთხოვე, რომ რაღაცები აეხსნათ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა".
"ვერონასთან" შეხვედრაში ტურინულ გრანდს დაცვაში რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა. გუნდს ვერ ეხმარებოდნენ: ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, დანილო და კუადრადო. პირლოს კრიშტიანუს თაობაზეც დაუსვეს შეკითხვა. კითხვაზე, ზედმეტად ხომ არაა "იუვენტუსი" რონალდუზე დამოკიდებული, პირლომ უპასუხა:
"ჩვენ საგანგებო სიტუაცია გვაქვს. ვცდილობთ კარგად ვითამაშოთ ამ მომენტში ხელმისაწვდომი მოთამაშეებით. ალვარო მორატა და პაულო დიბალა მხოლოდ ჩვენთვის არ იქნებოდა დიდი დანაკლისი, ეს ორი მოთამაშე ნებისმიერ გუნდს ძალიან დააკლდებოდა".
"ვერონასთან" შეხვედრაში დაკარგული ქულების შემდეგ ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 23 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 46 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ კონტეს "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სერია ა-ს 21 შეხვედრაში 19 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები