Belive

განხეთქილება ინგლისის ნაკრებში - სტერლინგს აღარ ათამაშებენ 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისელ ფეხბურთელებს რაჰიმ სტერლინგსა და ჯო გომესს შორის კონფლიქტი მძვინვარებს. "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი და "ლივერპულის" ცენტრალური მცველი ერთმანეთს საკლუბო დონეზე, პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, სადაც "ქალაქელებმა" 1:3 წააგეს. მეორე დღეს, ორივე ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში გამოიძახეს, თუმცა კონფლიქტი იქაც გაგრძელდა და ფეხბურთელები "სამი ლომის" საწვრთნელ ბაზაზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინგლისის ნაკრების თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა ფეხბურთელებს შორის კონფლიქტის გახმაურება არ ისურვა, მაგრამ გუნდში არაჯანსაღი გარემოს არსებობა ვეღარ დამალა და დაამატა, რომ აღნიშნულის გამო, მონტენეგროს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში "სიტის" შვიდიანი არ ითამაშებს. "ხუთშაბათს, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში, სტერლინგის შემადგენლობაში შეყვანას არ ვაპირებ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ნაკრებში კლუბების მეტოქეობა სათანადოდ ვერ გავაცნობიერეთ.  სამწუხაროდ, ორი დღის წინანდელი მატჩის შემდეგ, გუნდში განსხვავებული ემოციები ტრიალებს, რაც ჯანსაღ გარემოს არღვევს.  ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მთავარია, რომ გუნდში მშვიდობიანი გარემო იყოს და მოახლოებულ მატჩებზე სრულად ვკონცენტრირდეთ",-თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, ინგლისის ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში მინიმუმ ქულის მოპოვება სჭირდება.

სხვა სტატიები