Belive

გარეთ ბეილი | ჩემპიონის ღირსეული წასვლა

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ფინალში ჯამურად 3 გოლი გაიტანა, "ბარსელონას" შემოურბინა, ჯარიმებიც ბევრი გაიტანა, ურტყამდა ყველა კუთხიდან და გაჰქონდა კიდეც, ულიდერა უელსს და დიდი ხნის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა. ბოლო პერიოდში, ფეხბურთს თითქოს ნაკლები ინტერესით თამაშობდა და 33 წლის ასაკში, მაშინ, როდესაც მორიგ მრავალმილიონიან კონტრაქტს ხელს თავისუფლად მოაწერდა, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

ფეხბურთიდან წასვლა გულშემატკივარს სოციალური ქსელით შეატყობინა. თქვა, რომ რთული გადაწვეტილება იყო, მაგრამ ოცნების ახდენა შეძლო და დიდი ფეხბურთი ითამაშა. ხვდებოდა, რომ უკვე დრო იყო, რომ ფორმა დაკარგული ჰქონდა. მეტიც, ცხოვრების ახალ ეტაპზე პრიორიტეტები შეცვლილი ჰქონდა, ასე რომ, ნამდვილად წასვლის დრო იყო.

უელსის ისტორიაში, ეროვნული საფეხბურთო მაისურით ამდენი მატჩი არავის ჩაუტარებია (111), არც ამდენი გოლი გაუტანია ვინმეს (40). იყო გამოკვეთილი ლიდერი, ითამაშა ევრო 2016-სა და ევრო 2020-ზე. უკვე ფორმადაკარგულმა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავი ვეღარ გამოიჩინა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მუნდიალზე უელსმა უკანასკნელად 1958 წელს იასპარეზა.

ყოველთვის იგრძნობოდა, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. არადა, ვინ არ ინატრებდა მისი დონის კარიერას? თითქოსდა, მისი მიღწევები სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო.

#10 | საჯარიმო დარტყმა, რომელმაც უელსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა

უელსი კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის დამარცხების შემდეგ მოხვდა. მატჩი დიდ მნიშვნელობას ატარებდა: ერთ მხარეს იყო ომით დაზარალებული გუნდი, რომლისთვისაც მცირედი წარმატებაც კი, ემოციური თვალსაზრისით, იმაზე გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე წარმოგვიდგენია. მეორე მხარეს კი იდგა გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას 1958 (!!!) წლის შემდეგ, უშედეგოდ ცდილობდა.

მატჩის შედეგი გარეთ ბეილმა გადაწყვიტა, რომელსაც მისი უკრაინელი 'კოლეგა', ანდრეი იარმოლენკო წაეხმარა: უკრაინელთა კაპიტანს ბურთის ჩაჭრა სურდა, თუმცა ეს უხერხულად გამოუვიდა და მეკარეც დააბნია.

ერთი სიტყვით, ეს ბეილის საუკეთესო გოლი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა უელსელების გონებიდან მას დიდი ხანი ვერ ამოშლით.


#9 | აშშ-სთან გატანილი გოლი

კი, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე უელსმა კრახი განიცადა, მაგრამ ბეილმა თავისი გასაკეთებელი ერთხელ მაინც გააკეთა: უიმედო მატჩში, პენალტი გამოიმუშავა და ცხადია, მეტ ტერნერის კარის აღებაც შეძლო.


#8 | გოლი, რომლითაც ტოტენჰემს პირველად დაემშვიდობა

დიდებული გოლი იყო. 90-ე წუთზე, ბურთი მიიღო, ცენტრისკენ შეიგდო და სიმონ მინოლეს აუღებელი დაურტყა. "ტოტენჰემმა" 72 ქულა დააგროვა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ბეილმა კარიერა "მადრიდის რეალში", ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსით გააგრძელა.

"ტოტენჰემში" თამაშისას, პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ (2010/11, 2012/13) ორჯერ დასახელდა. შეუჩერებელი გახდა და ჩანდა, რომ მას უფრო მეტის მოგების პოტენციალი ჰქონდა.

#7 | გარეთ ბეილი - მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

2013 წელს, მადრიდის "რეალმა" უელსელი გარემარბი €100 მილიონად შეიძინა, რითაც მან კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი დაამყარა. ცნობილია, რომ ბეილს იმდენად სურდა "რეალში" გადასვლა, რომ ტრანსფერის გაოფიციალურებამდე, "ტოტენჰემის" ზაფხულის შეკრებაზე აღარც გამოცხადდა.


#6 | გოლი MLS-ის თასის ფინალში

ბეილს აშშ-ში დიდი დრო არ გაუტარებია, თუმცა თავისი კვალი MLS-ის საფეხბურთო ისტორიას მაინც დაუტოვა: თასის ფინალში, თამაში ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, გოლის გატანა შეძლო.


#5 | პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში

აი იმ დაუვიწყარ ფინალში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, სადაც სერხიო რამოსმა მატჩი სულ ბოლო წუთზე შემოაბრუნა.

დამატებით დროში, ანხელ დი მარიამ (მატჩის MVP) ფრენა გააგრძელა, თუმცა მისი დარტყმული მაშინ ჯერ კიდევ "ატლეტიკოს" მეკარემ, ტიბო კურტუამ მოიგერია.

დამატებაზე პირველი სწორედ უელსელი აღმოჩნდა, რომელმაც ცარიელ კარში, თუმცა მაინც უხერხული სიტუაციიდან შეძლო გოლის გატანა.

#4 გოლი ბარსელონას წინააღმდეგ

კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება. ბურთი გაიგდო და იმისთვის, რომ ბარტრასთვის შემოერბინა, სათამაშო ზონის მიღმა გადავიდა. შემდეგ, თითქოსდა ბურთს უხეშად მიათრევდა, მაგრამ გოლი გარდაუვალი იყო.

მისი სოლორეიდის წყალობით, მადრიდულმა კლუბმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა და კატალონიელების დამარცხება კრიშტიანუ რონალდუს გარეშე შეძლო.

#3 განადგურებული მაიკონი

ჯგუფურ ეტაპზე, "სან-სიროზე" "ინტერს" 3 გოლი გაუტანა - ამასაც გავიხსენებთ, მაგრამ საშინაო მატჩშიც არანაკლებ გაიბრწყინა: მისი მთავარი მსხვერპლი იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი, ბრაზილიელი მაიკონი გახდა. გარდა იმისა, რომ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ინდივიდუალური პერფორმანსი შემოგვთავაზა, რომან პავლიუჩენკოსა და პიტერ კრაუჩის მიმართ საგოლე გადაცემებიც არ დაიშურა.

#2 ჰეთ-თრიქი ინტერის წინააღმდეგ

მისი კარიერის ერთ-ერთი მთავარი "ჰაილაითი", ცხადია, სწორედ ის სამი გოლია, რომლითაც გარეთ ბეილის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო.

2010 წლის ოქტომბერში, "ინტერი" საშინაო მოედანზე "ტოტენჰემს" მშვიდად, 4:0-ს უგებდა, როდესაც მანქანა, სახელწოდებით "გარეთ ბეილი" ჩაირთო და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მისი გამორთვა მხოლოდ მსაჯს საფინალო სასტვენს შეეძლო.

#1 გოლი ლივერპულის კარში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში

მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და რამდენიმე წუთში, "ლივერპულის" კარი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი დარტყმით აიღო. იმასაც ამბობენ, რომ ზიდანის გოლს სჯობდა და ეს საკამათო საკითხია, მაგრამ პირველობასა თუ მეორე ადგილოსნობას აქ არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია - ბეილმა საუცხოო სილამაზის, დაუვიწყარი გოლი შემოგვთავაზა, რაც თითქოს მთელი მისი კარიერის ამსახველი იყო.

ყოველთვის ცდილობდა, რაღაც განსაკუთრებული შეექმნა და რაღაც განსაკუთრებული გამოსვლოდა, შორიდან გაეტანა, მოედნის მიღმა თუ მის ფარგლებში ყველაზე სწრაფად ერბინა და ეს შეძლო კიდეც: მისი გოლების კომპილაციები YouTube-ზე, Instagram-ის რილსებსა და Tiktok-ზე კიდევ დიდხანს იქნება პოპულარული.

...და კი, მისი კარიერის მთავარი გვირგვინი სწორედ ლიგის ფინალში ის დაუვიწყარი გოლი გახლავთ.

სხვა სტატიები