Belive

გარეთ ბეილს შესაძლოა ესპანეთში ცხოვრების უფლების მოპოვება მოუწიოს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უელსელ ვარკსკვლავსა და მადრიდის "რეალის" გარემარბს, გარეთ ბეილს, შესაძლოა მადრიდის "რეალში" თამაშის უფლება აღარ მიეცეს - ეს უბრალო ჭორი არ არის და ამ მოსაზრებას რეალური საფუძველი გააჩნია.

რა არის BREXIT და რა კავშირი აქვს ამას გარეთ ბეილთან?

2016 წლის 23 ივნისს, ბრიტანელმა მოსახლეობამ ევროკავშირისგან გამოყოფა გადაწყვიტა - მათი არჩევანი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის  შედეგებში აისახა: ბრიტანელების 51.89%-მა ევროკავშირისგან გამოყოფას მისცა ხმა. სიტყვა Brexit-ი ორი სიტყვის, Britain-ისა და Exit-ის გაერთიანებით შეიქმნა, ევროკავშირისგან ოფიციალურად გამოყოფის პროცესი კი 29 მარტსაა დაგეგმილი. დავუბრუნდეთ გარეთ ბეილს - უელსელი ფეხბურთელი იმ 800,000 ბრიტანელს შორისაა, რომელიც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან ერთ-ერთში ცხოვრობს (დიდი ბრიტანეთის გამოკლებით). ბრიტანული მედიის თანახმად კი, ამ ადამიანებს ევროკავშირში მუშაობის უფლება შეიძლება ჩამოერთვათ.

რამდენად რეალურია საფრთხე?

მადრიდში არსებული ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლების განცხადებით, 2018 წელს შემუშავებული შეთანხმების თანახმად, ბრიტანელ მოქალაქეებს მსგავსი საფრთხე არ შეექმნებათ და ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მუშაობასა და ცხოვრებას თავისუფლად შეძლებენ. თუმცა - სიტუაცია კვლავ გაურკვევლად რჩება, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება ბრიტანეთის პარლამენტს ჯერ არ მოუხდენია.

გარეთ ბეილის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით

უელსელი ფეხბურთელის აგენტის, ჯონათან ბარნეტის განცხადებით, მისი კლიენტი "მოვლენათა განვითარებას ელოდება და იმედოვნებს, რომ პოლიტიკოსები ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც მის მადრიდულ კარიერას არ დააზარალებს."

თუკი ბეილის იმედები არ გამართლდება...

ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლების განმარტებით, "ევროკავშირისგან გამოყოფის შეთანხმების" რატიფიცირების ჩავარდნის შემთხვევაში, გარეთ ბეილს მუშაობისა და ცხოვრების უფლების მიღება მოუწევს. ამას Navas & Cusi Abogados Madrid-ის იურისტი, ხუან იგნასიო ნავასიც ადასტურებს: "მარტივად რომ ვთქვათ, გარეთ ბეილს ესპანეთში მუშაობის ლიცენზიის მოპოვება დასჭირდება," განაცხადა მან.      

სხვა სტატიები