Belive

გატუზო, ალეგრი, ჟარდიმი და სხვები - ხოჭოლავას გუნდისთვის ტოპ მწვრთნელს არჩევენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2016 წლის შემდეგ პირველად, დონეცკის "შახტარმა" უკრაინის ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა და ტიტულს სწორედ ამ გუნდის ყოფილი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ ახალ კლუბთან, კიევის "დინამოსთან" ერთად დაეუფლა. ამ ფაქტის შემდეგ, დონეცკელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის კასტროს მუშაობის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. უკრაინულ პრესაში იწერება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელი სპცეიალისტი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და მისი სავარაუდო შემცვლელთა გვარებიც უკვე ჟღერდება. იმ კანდიდატთა საკმაოდ ფართო სიაში, რომელიც მომავალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას გუნდს სათავეში უნდა ჩაუდგეს, უმაღლესი დონის მწვრთნელთა გვარებმაც გაიჟღერა, მაგალითად ისეთების, როგორებიც მასიმილიანო ალეგრი, ლეონარდო ჟარდიმი და ჯენარო გატუზო არიან. აქტიურად განიხილება გუნდის ყოფილი კაპიტნის, დარიო სრნას საკითხიც - 39 წლის ხორვატი "შახტარში" სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს. ცნობილია ისიც, რომ ყველაზე აქტიურად მოლაპარაკებები რინო გატუზოასთან მიმდინარეობს, რომლის შემთხვევაშიც თითქმის გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს "ნაპოლის" დაემშვიდობება. 43 წლის მწვრთნელს ქართველებთან მუშაობის გამოცდილება წარსულშიც ჰქონია, ის სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთ პირველ ნაბიჯებს 2013 წელს, გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის კრეტას "ოფისთან" ერთად დგამდა. უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, 28 წლის ქართველი ფეხბურთელი კი, რომელიც უკრაინულ გრანდში 2017 წლის შემდეგ ირიცხება, სეზონს უტიტულოდ პირველად დაასრულებს. მიმდინარე სეზონში, ხოჭოლავამ ყველა ტურნირზე ჯამში 10 შეხვედრაში ითამაშა, აქედან 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე.

სხვა სტატიები