Belive

Gazzetta dello Sport: "კვარაცხელია სტანდარტებს ანგრევს, ის მენტალურად გამარჯვებულია"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სპორტული მედია-საშუალება Gazzetta dello Sport-ი ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც ქართველ ამომავალ ვარსკვლავს სხვადასხვა ასპექტში განიხილავს.

"ჩვენ გვყავს 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ხასიათით და მენტალობით არაფრის დათმობას არაა მიჩვეული. სიარულის მანერა, ჩამოშვებული წინდები, წვივები დამცავის გარეშე, თითქოს ეს ყველაფერი მეტოქეს გამოწვევას უმზადებს.

მოდით "ტორინოს" წინააღმდეგ მის მიერ გატანილ გოლსა და აღნიშვნას დავუბრუნდეთ. ეს გოლი სხვა ყველა წინასგან განსხვავებული იყო. მან ნახევარსაათიანი შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, ბურთი საკუთარი მხრების გამოყენებით მოიპოვა და მეტოქის კარისკენ დაიძრა, გაიმარჯვა ორთაბრძოლაში და საქმე გოლით დაასრულა. მოკლედ, ჩვენ არამხოლოდ კვარავაჯოზე, არამედ იმ სპორტსმენზე ვსაუბრობთ, რომელმაც იცის თუ როგორი სხეულის ფორმა შეინარჩუნოს, რომ მცველების წინააღმდეგ გამკლავებისთვის მზად იყოს.

შემდეგ კი იყო აღნიშვნა იმ გოლისა, რომლის დარტყმაც ბილიარდის თამაშს მოგვაგონებდა. მან ძლიერად დაარტყა ბალახს - გაბრაზებული რეაქცია, რომელიც აჩვენებს ადამიანის ხასიათს, რომელსაც არასოდეს სურს დანებება, არ კმაყოფილდება კონკრეტულ მომენტში მიღწეულით და კიდევ უფრო მეტი სურს. ქართველი ფეხბურთელი ერთმანეთის მიყოლებით არღვევს ხარისხიანი მოთამაშის სტანდარტებს.

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ლუჩიანო სპალეტი მას ყოველთვის აკრიტიკებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მწვრთნელი მასში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების პოტენციალს ხედავს. მას სურს, რომ კვარამ ნაკლები შეცდომა დაუშვას და მეტი ისწავლოს", - წერს Gazzetta dello Sport-ი.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 19 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ ქართველ ფეხბურთელს 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს, რა მაჩვენებლითაც ბომბარდირთა დავაში მხოლოდ “ბოლონიას” ლიდერს, მარკო არნაუტოვიჩს ჩამორჩება, რომლის აქტივშიც 6 გოლია. 

შემდეგ შეხვედრას “ნაპოლი” “აიაქსის” წინააღმდეგ 4 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გამართავს.

სხვა სტატიები