Belive

გია გეგუჩაძე: "სლოვაკეთში არაფერი გადაწყდება, საბოლოო შედეგი ბათუმში დაფიქსირდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2022/23 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანი” წინააღმდეგ, სტუმრად, სლოვაკეთში გამართავს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს. მატჩის წინ, ბრატისლავაში აჭარული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"უდავოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენი მეტოქე როგორც ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, ისე გუნდურად ძალიან გამართული კლუბია.  ჩვენ ყველა თამაშისგან გამარჯვებას ველით, თუმცა ეს 2-რაუნდიანი დაპირისპირებაა და ვფიქრობ ხვალ არ გადაწყდება გამარჯვებულის ბედი -  საბოლოო შედეგი მაინც ბათუმში უნდა დაფიქსირდეს. ყველაზე კარგი შემფასებელი მინდორია. ხვალ გამოჩნდება თუ რამდენად შესაძლებელია რომ ჩვენ უპირატესობა მოვიპოვოთ როგორც სტუმრად, ისე ბათუმში გასამართ მატჩში. ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ საკუთარი ძალების რეალურად შეფასების შესაძლებლობაც გვექნება. ვერ გეტყვით კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება შემადგენლობაში და იგივე შემადგენლობა ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში, რომელიც მოედანზე "დინამო თბილისთან" იყო. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, მე და ვაისი ერთ დროს ვთანამშრომლობდით. იგი ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, მე კი 21-წლამდე ნაკრებს და საერთო საქმეს ვემსახურებოდით, რა დროსაც მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა და საკმაოდ დავახლოვდით ამ კუთხით. დღეს ის ჩვენი ოპონენტია, ისევე როგორც ის ფეხბურთელები, რომლებთანაც ვახლობლობთ, ეს შეიძლება ჩვენთვის კარგიც იყოს. გვიხარია, რომ ისინი სლოვაკური ფეხბურთის ღირსებას ასე წარმატებით იცავენ, თუმცა ჩვენ ხვალ ჩვენი დასამტკიცებელი მიზნები გვექნება", - თქვა გია გეგუჩაძემ.
ტეჰელნე არენაზე” “დინამო ბათუმისა” და ბრატისლავის “სლოვანის” დაპირისპირება 6 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები