გია ჯიშკარიანი: “მთელი დინამო აქციებზე დავდიოდით, შეკრებაზე გავიგეთ, რომ დამოუკიდებელი ჩემპიონატი გვექნებოდა”

1990 წლის 30 მარტს, “დინამო არენაზე”, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი დაიწყო.

გახსნის მატჩში “დინამო თბილისმა”, რომელიც მაშინ “იბერიას” სახელით გამოდიოდა, ფოთის “კოლხეთი” მიიღო და (0:1) დამარცხდა.

ისტორიული მატჩის გახსენება თბილისური კლუბის ვეტარან ფეხბურთელ გია ჯიშკარიანს ვთხოვეთ.

ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობიდან 30 წელიწადი შესრულდა. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს? რა განწყობა იყო გუნდში და ქალაქში?

საქართველოში რთული პერიოდი იდგა. მუდმივად მიტინგები იმართებოდა და ვარჯიშების შემდეგ, თითქმის ყოველდღე მთელი გუნდი აქციაზე მივდიოდით. თუმცა, მეორე დღეს ვარჯიში გვქონდა და შინ 12 საათზე ვბრუნდებოდით. 9 აპრილის ტრაგიკულ საღამოსაც იქ ვიყავით.

მაშინ ანტალიასა და უცხო ქვეყნებში შეკრებაზე წასვლა იშვიათი შემთხვევა იყო. ჩვენც აფხაზეთში, ლესელიძეძეში ვიყავით შეკრებილი, როცა გავიგეთ, რომ საქართველოში დამოუკიდებელი ჩემპიონატი ჩატარდებოდა. მახსოვს მაშინდელი ზეიმი ავტობუსში და ემოციებით დატვირთული გზა თბილისამდე, როცა დამუხტულები და შემართულები ვიყავით.

დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ხალხში ეს ფაქტი ბედნიერ ემოციების გამოიწვევდა. თანაც, მატჩი პირველი პრეზიდენტის სიტყვით გაიხსნა.

რა თქმა უნდა, ქალაქში საზეიმო და ემოციური განწყობა იყო. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევა გახლდათ, როცა ეროვნული ჩემპიონატის მატჩს 80 000 გულშემატკივარი დაესწრო. ზვიად გამსახურდიას გამოსვლაც დამატებითი მოტივაცია იყო.

გია ჯიშკარიანი: "მთელი დინამო აქციებზე დავდიოდით, შეკრებაზე გავიგეთ, რომ დამოუკიდებელი ჩემპიონატი გვექნებოდა" 1უშუალოდ შეხვედრას როგორ გაიხესნებთ?

პირადად მე ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ ძალიან მოტივირებული ვიყავი და დავით ყიფიანს, რომელიც მაშინ “დინამოს” მწვრთნელი იყო, ვთხოვე 1 წუთით მაინც ვეთამაშებინე. მართლაც, თამაშის ბოლოს, მოედანზე შევედი.

სამწუხაროდ, ის მატჩი წავაგეთ. სტარტი ცუდი გამოგვივიდა, მაგრამ შემდეგ ჩემპიონები გავხდით და ტიტულს 9 წლის განმავლობაში ვინარჩუნებდით.

როგორი იყო მაშინ კონკურენცია საქართველოს ჩემპიონატში?

ძალიან ძლიერი. პირველ ლიგაში ბევრი კარგი გუნდი იყო, იგივე “კოლხეთი”, ლანჩხუთის “გურია”, სოხუმის “დინამო”. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატშიც ანგარიშგასაწევნი იქნებოდნენ.

ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვიყავით, მაგრამ რამდენიმე წელიწადი ერთად გვქონდა ნათამაშები და ერთმანეთს კარგად ვიცნობდით.

გია ჯიშკარიანი: "მთელი დინამო აქციებზე დავდიოდით, შეკრებაზე გავიგეთ, რომ დამოუკიდებელი ჩემპიონატი გვექნებოდა" 2

გია ჯიშკარიანი და სოსო ჭედია 1990

იყვნენ კრიტიკოსებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ საბჭოთა ჩემპიონატში დარჩენა საქართველოს მეტ წარმატებას მოუტანდა. ეთანხმებით?

არა. შესაძლოა 1 ან 2 წელიწადი ჩემპიონატს გარკვეული დონე შეენარჩუნებინა, მაგრამ როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირი, გათამაშებაც დაშლის პირას იყო. სასიამოვნოა, რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც საბჭოთა ჩემპიონატიდან გამოვიდა.

რაც შეეხება დონეს, სამწუხაროდ, შიდა და გარე ომებმა, 90-იანი წლების სოციალურმა გაჭირვებამ როგორც მთლიანად ქვეყანას, ისე ქართულ ფეხბურთს თავისი კვალი დაამჩნია.

ამჟამად “დინამო თბილისში” მუშაობთ. კორონავირუსის გამო ჩემპიონატი შეჩერებულია. როგორ ემზადებით ასეთ პირობებში?

სამწუხაროდ სეზონის შეჩერება გახდა საჭირო. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ შეკრება, რომელიც გუნდებმა ზამთარში გაიარეს, ყველანაირ აზრს კარგავს. ამის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობთ ფორმის შენარჩუნებას. შევადგინეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც ფეხბურთელებს დავურიგეთ და ისინი სახლში, ფიზიკურად ემზადებიან. ასევე არის კომუნიკაცია ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის, თუმცა ცხადია, მომზადების ასეთი სქემა ჩვეული რეჟიმისგან შორსაა.

გია ჯიშკარიანი: "მთელი დინამო აქციებზე დავდიოდით, შეკრებაზე გავიგეთ, რომ დამოუკიდებელი ჩემპიონატი გვექნებოდა" 3არსებობს ვერსია, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი ორ წრედ ჩატარდეს. რამდენად მოგწონთ ეს გეგმა?

ეს ჩემპიონატის გაგრძლების ერთ-ერთი გზაა, ოღონდ, გააჩნია, სეზონის განახლებას როდის შევძლებთ. თუ ეს ზაფხულში მოგვიწევს, მაშინ ასეთი მიდგომა სწორი იქნება. გუნდებს ჯერ მხოლოდ 2 ტური აქვთ ნათამაშები, ევროტურნირებზე გამოსვლაც დაგვემატება და გადატვირთულ კალენდარს მივიღებთ, 18 მატჩს და თასის თამაშებს კი ადვილად გავანწილებთ.

ვნახოთ, იმედია ეს სიტუაცია მალე გადაივლის და საფეხბურთო მოედანს დავუბრუნდებით, რომელიც ძალიან მოგვენატრა. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში. ჯანმრთელობას გისურვებთ!

(1195)

გია ჯიშკარიანი: “მთელი დინამო აქციებზე დავდიოდით, შეკრებაზე გავიგეთ, რომ დამოუკიდებელი ჩემპიონატი გვექნებოდა”

სტატიის ავტორი
-