Belive

გიგაშვილმა ტამბოვი დატოვა - მოლაპარაკებას რუსულ და თურქულ გუნდებთან აწარმოებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, ზურაბ გიგაშვილმა "ტამბოვი" დატოვა. მისმა გუნდმა წელს რუსეთის პრემიერ ლიგაში დარჩენა ვერ მოახერხა, რის გამოც ახალგაზრდა მცველმა კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.
„სეზონი დასრულდა და „ტამბოვიდან“ წამოვედი. გუნდი ლიგიდან გავარდა და დარჩენა აღარ მსურდა“, – განაცხადა გიგაშვილმა.
ცენტრალური მცველი ზურაბ გიგაშვილი 2001 წლის 20 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 19 წლის ტანმაღალი (189 სმ) მცველი 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე „კაიოლუსპორის“ აკადემიაში თამაშობდა, 2015–2018 წლებში – „ანკარაგუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში, 2020 წლის თებერვალში კი რუსულ კლუბ „არმავირში“ გადავიდა, მაგრამ არ უთამაშია. 28 სექტემბერს ხელშეკრულება გააფორმა „ტამბოვთან“. მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა. გიგაშვილის თქმით, მოლაპარაკებები ახლაც ამ ორი ქვეყნის გუნდებთან მიმდინარეობს:
„ჯერ არ ვიცი, ახალ სეზონში სად ვითამაშებ. მოლაპარაკებები თურქულ და რუსულ კლუბებთან მიმდინარეობს და მალე მეცოდინება, რომელ გუნდში გადავალ“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ახლა თურქეთშია და ინდივიდუალურად ემზადება:
„სეზონის დასრულების შემდეგ თურქეთში წამოვედი. ახალი სეზონისთვის ვემზადები. აქ ისეთი მწვრთნელები მყავს, რომლებიც ბავშვობიდან მავარჯიშებენ და მათთან უფრო კარგად ვემზადები“.
რამაზ სვანაძემ 19 წლის მცველი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 29 მარტს გორში ბელარუსთან გამართულ მატჩში გამოიძახა და გიგაშვილის დებიუტი სწორედ ბელარუსთან შედგა.

წყარო: 1tv.ge