Belive

გიორგი ჩაკვეტაძე: "აღარაფერი მაწუხებს, თავს კარგად ვგრძნობ"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ვარჯიში ინდივიდუალურად, საქართველოში დაიწყო, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის თქმით, ჯანმრთელობის მხრივ ის თავს კარგად გრძნობს და ახალი სეზონისთვის ემზადება.

გამოჯანმრთელება

"ჩემი აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. "დინამო თბილისის" ბაზაზე ინდივიდუალურად, ბელგიელ მწვრნელთან ერთად ვვარჯიშობ, რათა შემდეგი სეზონისთვის მზად ვიყო. თბილისში 12 ივნისამდე ვიქნები, შემდეგ ბელგიაში გავემგზავრები და გუნთან ერთად საწვრთნელ პროცესში ჩავერთვები. ახლა აღარაფერი მაწუხებს და თავს კარგად ვგრძნობ.

დარჩება თუ არა "გენტში"

"გენტთან" კიდევ 2 წლიანი კონტრაქტი მაქვს. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხნით ვაპირებ აქ ყოფნას, რადგან ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მთავარია, რომ ვარჯიში და თამაში დავიწყო.

"გენტის" მთავარ მწვრთნელზე

ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელიც "გენტში" მაშინაც მუშაობდა, როდესაც მე იქ გადავედი. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

ნანობს თუ არა გენტში გადასვლას

მაშინაც ვამბობდი, რომ ბევრი წინადადება მქონდა, მაგრამ სათამაშო დროის გამო "გენტი" ვამჯობინე. ტრავმის მიღებისა და მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ხალხმა დაიწყო იმის თქმა, რომ "გენტში" არ უნდა გადავსულიყავი. თუმცა, როდესაც ვთამაშობდი და ყველაფერი კარგად იყო, არავინ არაფერს ამბობდა. მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ოპერაციის დაგვიანება

როდესაც ტრავმა მივიღე, პირდაპირ მერაბ ვარძუკაშვილს დავუკავშირდი. მან თავიდანვე მითხრა, რომ ოპერაცია საჭირო იყო. "გენტში" ჩემმა ექიმებმა და პრეზიდენტმა სურათი სხვადასხვა ექიმთან გააგზავნეს. მათი პასუხი იყო, რომ შესაძლოა, მდგომარეობიდან ვარჯიშითაც გამოვსულიყავი. მსგავსი პრობლემა ერთი ფეხბურთელსაც ჰქონდა, მას კი სწორედ ვარჯიშების შედეგად, ოპერაცია აღარ დასჭირდა. ასე იყო ჩემ შემთხვევაში, მეც ვფიქრობ, რომ ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ ვცადეთ და არ გამოვიდა.

იყო თუ არა რეციდივი რაპიდთან მიღებული ტრავმა

არა, დატვირთვებს კარგად ვუძლებდი, მაგრამ მეკარეს მუხლით ცუდად შევეჯახე და ტრავმა ამან განაპირობა.

ერთა ლიგის ფინალზე

ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც თამაშს ტელევიზორიდან ვუყურებდი. მაშინ ბელგიაში ვიყავი და ძალიან მინდოდა, რომ ბიჭების გვერდით ვყოფილიყავი და მათ რაღაცით დავხმარებოდი. მაგრამ, არაუშავს, ფეხბურთია, წინ უკეთესი პერიოდი გველოდება.

ვილი სანიოლზე

ჩემი აზრით, კარგი მწვრთნელია, პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. რასაც ვაკვირდები, ნაკრებს სწორ ფეხბურთს ათამაშებს. ასეთ მოკლე პერიოდში უკვე გაიცნო ქართველი ფეხბურთელები. ძალიან მონდომებულია, უნდა, რომ ყველაფერი შეისწავლოს საქართველოზე. ასევე, დროებით საქართველოში ცხოვრებას აპირებს და მგონია, მასთნა ერთად შევძლებთ და ვასახელებთ საქართველოს.

ეროვნული ნაკრების თამაშები ბათუმში

ამ დროისთვის უკვე ჯანმრთელად ვიქნები და ნაკრებს შევუერთდები. მეც ძალიან მინდა ამ სტადიონზე თამაში, რადგან ყველა ამბობს, რომ გასაოცარი ატმოსფერო და გამორჩეული გულშემატკივრობაა.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მომწონს მისი თამაშის ყურება. ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით ერთი-ერთზე შეტევისას, მეტოქე უშანსოდაა. კვარაცხელიას ვგულშემატკივრობ და ახლა მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან მისი ტრანსფერის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმაა. დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იქნება.

"დინამო თბილისი"

არამხოლოდ "დინამო თბილისის", არამედ ეროვნული ლიგის ბევრ თამაშს ვუყურებ, რადგან ჩემპიონატში ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს. რა თქმა უნდა, "დინამო თბილისს" ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ ყოველთვის ჩემპიონი და წარმატებული იყოს. ჩემი სურვილია, რომ იქნებ რამენაირად ჩემპიონთა ლიგის, ან თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ. ვფიქრობ, რომ "დინამოს" ამის რესურსი აქვს.

მიმართვა გულშემატკივარს

დიდ მადლობას ვუხდი ყველას. შევეცდები, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და გულშემატკივარი ისევ გავახარო."
 

სხვა სტატიები