Belive

გიორგი მერებაშვილი: "აზიაში არ წავედი, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი მთავარი ოცნებაა"

3 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ
რამდენიმე დღის წინ, გიორგი მერებაშვილი პლოცკის "ვისლას" 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდში მოხვდა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ერთადერთი ლეგიონერია ამ თერთმეტეულში და საუკეთესო მეგოლე კლუბის უცხოელ მოთამაშეთა შორის. 33 წლის ფეხბურთელი ექსტრაკლასაში მეოთხე სეზონს ატარებს. ქართველმა ფეხბურთელმა კორონავირუსით გამოწვეული პაუზის, საკუთარი სათამაშო ფორმის და სამომავლო გეგმების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კორონავირუსმა ყველას ყოველდღიურობა შეცვალა. როგორ შეგეხო შენ და მთლიანად გუნდს პანდემია? რა მდგომარეობაა პოლონეთში? აქ 7 ათასზე მეტი ინფიცირებულია და მდგომარეობა საქართველოსთან შედარებით მძიმეა. ხალხი მიღებულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, სახლში რჩება და ქუჩები სულ დაცარიელებულია. ჩვენი ქალაქის დატოვების უფლებაც არ გვაქვს. სახლიდან მხოლოდ დღეში ერთხელ გავდივარ, ისიც პროდუქტების შესაძენად. აქამდე, სარბენადაც ვახერხებდი გასვლას, მაგრამ სააღდგომო პერიოდში გარეთ სხვა მიზნით გასვლაც აკრძალეს და ამიტომ სულ სახლში ვარ. სანამ გარეთ გასვლას აკრძალავდნენ, ჯგუფებად ვვარჯიშობდით. დღის განმავლობაში, ბაზაზე რამდენიმე საათი იყო გამოყოფილი, რა დროსაც რამდენიმე ფეხბურთელი ვარჯიშობდა. ძირითადად, 2-2 ფეხბურთელი მივდიოდით ბაზაზე, მოედნის სხვადსხვა ნაწილებს ვიკავებთ და ასე ვვარჯიშობდით. ერთმანეთთან დისტანციას ვიცავდით. შუაში მწვრთნელი იდგა და მითითებებს გვაძლევდა. გვეუბნებიან, რომ სრულფასოვანი ვარჯიში მაისის დასაწყისში განახლდება, სეზონი კი თვის ბოლოს. სოციალურ ქსელში შენს სხვადსხვა აქტივობას ვხედავთ. როგორ ატარებ ფეხბურთისგან თავისუფალ დროს? ვიანიდან სულ სახლში ვარ, ფიზიკურად ვვარჯიშობ, ვიცავ კვების რაციონს და ვცდილობ შეძლებისდაგვარად ფორმა შევინარჩუნო. თავისუფალ დროს ვუყურებ სერიალებს და ვკითხულობ წიგნებს. სანამ გარეთ გასვლა შესაძლებელი იყო, ჩოგბურთსაც ვთამაშობდი, რაც ჩემი საყვარელი გასართობია და ფორმის შენარჩუნებაშიც მეხმარება. ჩემი თავის სამზარეულოში გამოცდაც დავიწყე. საერთოდ, ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მზარეულია, მაგრამ არის პერიოდები, როცა აქ მარტო ყოფნა მიწევს და ვცდილობ ასეთი მომენტებისთვის გამოცდილება დავაგროვო.
რომელ ჩოგბურთელს გულშემატკივრობ? საერთოდ, სულ როჯერ ფედერერს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვაღიარებ, რომ დღეს ნოვაკ ჯოკოვიჩი საუკეთესოა. ასევე, მომწონდა აგასის სათამაშო სტილიც. წიგნები ახსენე, რა წაიკითხე ამ პერიოდში და რა დაგამახსოვრდა? ყველაზე მეტად, წაკითხული წიგნებიდან მომეწონა "დიდი სახლის პატარა დიასახლისი", "წითელი და შავი" და "მარტინ იდენი". სამწუხროდ, საქართველოდან წამოღებული წიგნები ამომეწურა, თუმცა კითხვას ინტერნეტის მეშვეობით ვაგრძელებ. ჯეკ ლონდონის ეს პერსონაჟი ფეხბურთელისთვის ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია? დიახ. ეს ადამიანი შრომისმოყვარეობის, მიზანდასახულობის, პრინციპულობის და შეუპოვრობის სიმბოლოა. დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას ბევრი დაბრკოლება ხვდება, მაგრამ ბრძოლას არ წყვეტს და შეუპოვრად სვლას განაგრძობს. არამხოლოდ ფეხბურთელისთვის, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის და ყველა ადამიანისთვის მარტინ იდენი მიზანდასახულობის სიმბოლოა.
ცოტა ხნის წინ, "ვისლას" ლეგიონერების და 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდში მოხვდი. ეს დიდი აღიარებაა. რა თქმა უნდა. პოლონეთში უცხოელი ფეხბურთელების მიმართ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ თუ ადგილობრივებზე 10 თავით მაღლა არ დგახარ, მაშინ ხმას არავინ მოგცემს. 21-ე საუკუნის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ერთადერთი უცხოელი ვარ, რაც განსაკუთრებით მახარებს. არის ერთი სომეხი ფეხბურთელიც, თუმცა ის პოლონეთშია დაბადებული და გაზრდილი.
ჩანს, პოლონეთის ჩემპიონატში თავის დამკვიდრება რთულია. ნამდვილად. აქ აქცენტს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაზე და იმაზე აკეთებენ, თუ რამდენ კილომეტრს დარბიხარ. ცხადია, აფასებენ საფეხბურთო აზროვნებას, ტექნიკას, თუმცა პირველი პრიორიტეტი ფიზმომზადებაა. მთავარია იბრძოლო, ბოლომდე დაიხარჯო და შემდეგ ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებ და როგორ შედეგს აჩვენებ. მიხარია, რომ პოლონეთში ჩემს გარდა, სხვა ქართველი ფეხბურთელებიც ახერხებენ თავის დამკვიდრებას. ვაკო გვილიამ "ლეგიაში" რთული გზა გაიარა. მან თავიდან კარგად დაიწყო და შედეგიანიც იყო, მაგრამ შემდეგ გარკვეული დრო სტაბილური სათამაშო დროის მოპოვება უჭირდა, ხოლო დღეს, გუნდის ძირითადის წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. ეს იმის გამო, რომ პოლონეთში თითოეულ მატჩში შენი შესაძლებლობების დამტკიცება გიწევს. მოდუნების უფლება 1 წუთითაც არ გაქვს. მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვიყავი. სეზონის შუაში ერთი მატჩი ჩამივარდა, რის გამოც შემდეგ 5-6 შეხვედრაში, ჯამში 16 წუთი ვითამაშე. პოლონეთის ჩემპიონატში, გუნდისთვის რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაც არ უნდა იყო, შეცდომის დაშვებას არ გაპატიებენ. მუდმივად მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა იყო. მოდუნება გამორიცხულია.
პოლონეთში კონკურენციაც ძალიან მაღალია. როგორი გამოდის მიმდინარე სეზონი გუნდისთვის? 2 სეზონის წინ ევროპის ლიგის საგუზრი ბოლო ტურში დავკარგეთ (სუფთა გოლი არ ჩაგვითვალეს, თორემ მესამე ადგილზე გავდიოდით), თუმცა მეხუთე პოზიციაზე გავედით და საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. შარშან, ექსტრაკლასაში დარჩენა ბოლო ტურში გავინაღდეთ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პოლონეთში მაღალი კონკურენციაა და ბოლომდე არაფერი ირკვევა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არამხოლოდ ექსტრაკლასაში, ქვედა დივიზიონში წინა სეზონში, ბოლო ტურის წინ პირველ და მეათე ადგილებს შორის სხვაობა 6 ქულა იყო. როგორც ცხრილის ზედა, ისე ქვედა ნაწილში, ყველაფერი ბოლო ტურებში ირკვევა. გარდა წლევანდელი სეზონისა, როცა "ლეგია" დიდი ჰანდიკაპითაა წინ გაჭრილი, წინა წლებში, ჩემპიონი ყოველთვის ბოლო ტურებში ირკვეოდა. უშუალოდ ჩვენ მიმდინარე სეზონი ცუდად დავიწყეთ, შემდეგ მწვრთნელი შევიცვალეთ, 6-7 მატჩი ზედიზედ მოვიგეთ და მოწინავე პოზიციებზე ამოვედით. ამჟამად, ჩვენი მიზანი საჩემპიონო ჯგუფში მოხვედრა და იქიდან ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლაა.
ასაკის მატებასთან ერთად, ფეხბურთელისთვის ფორმის შენარჩუნება რთულდება. შენ როგორ ახერხებ ამას? მთელი კარიერის განმავლობაში ვცდილობ, რომ პროფესიონალურად ვიცხოვრო. ვცდილობ დავიცვა რეჟიმი და არასდროს ვუღალატო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამი კომპონენტია: კვება, ვარჯიში და ძილი. ახალგაზრდულ ასაკში ძილის დარღვევას, ღამის გათენებას ორგანიზმი შედარებით ადვილად იტანს, მერე კი ყველაფერი უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ, ახლა მეტი პასუხიმსგბელობით ვცდილობ რეჟიმის დაცვას და ფორმის შენარჩუნებას.
კარიერის დასაწყისი ახსენე. ამ პერიოდში იყო შემოთავაზება ბრემენის "ვერდერიდან", მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. რა მოხდა მაშინ? ნამდვილად იყო შემოთავაზება როგორც "ვერდერიდან", ისე ბუნდესლიგის სხვა კლუბებიდან, მათ შორის ფრანკფურტის "აინტრახიტიდან", მაგრამ "დინამო თბილისსა" და ამ კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებულად ვერ დასრულდა. იყო კიდევ ერთი გამორჩეული კლუბი "მეტალისტიც", უკრაინული გუნდი, რომელიც ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავიდა. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ გული არ მწყდება, რომ ამ კლუბებში ვერ გადავედი და ჩემი კარიერა უფრო მაღალ დონეზე ვერ ავიყვანე, მაგრამ მადლობა ღმერთს ჯანმრთელობისთვის და იმისთვის რასაც მივაღწიე.
რა არის შენი ყველაზე დიდი ახდენილი და ჯერ აუხდენელი ოცნება? ბავშვობაში, ყველაზე მეტად "დინამო თბილისში" და საქართველოს ნაკრებში თამაში მინდოდა. საბედნიეროდ, ეს ორივე მოვახერხე. ასაკის მატებასთან ერთად, ამბიციაც გამეზარდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობდი. ახლა ამის იდეალური შანსი გვაქვს და დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს.
სამწუხაროდ, ბელარუსთან მატჩი გადაიდო, ჩვენი მეტოქე კი შიდა ჩემპიონატს არ აჩერებს. არის ეს უპირატესობა მათთვის? ასე იქნებოდა შეხვედრა ივნისში თუ გაიმართებოდა, მაგრამ სექტემბრამდე მოსამზადებლად და ფორმაში შესასვლელად საკმარისი დროა. საჭიროა, რომ საქართველოს და იმ ქვეყნების ჩემპიონატებიც, რომელშიც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ, მალე დაიწყოს და ბიჭებმა ფორმაში შესვლა მოასწრონ. ეს ყველა ჩვენგანისთვის მთავარი მოტივაციაა და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. რომელია შენი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, გოლი და ურთულესი მეტოქე? ბევრი კარგი მატჩი მახსენდება, თუმცა ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ "დინამო" და საქართველოს ნაკრები ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, ნაკრებში, ყაზახეთთან ჩატარებულ შეხვედრას და გოლს გამოვარჩევ. მართალია, განსაკუთრებული სილამაზის გოლი არ გამიტანია, მაგრან ერთა ლიგაში ჯგუფის მოსაგებად დაგვეხმარა. რაც შეეხება მეტოქეს, საკლუბო დონეზე "ტოტენჰემთან" დაპირისპირებას გავიხსენებ, ხოლო ნაკრებში - დებიუტს. პორტუგალიის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაშიც კრიშტიანუ რონალდუ, ნანი და ყველა გამორჩეული ვარსკვლავი თამაშობდა. ბოლოს, რამდენიმე ვარიანტი გქონდა, მაგრამ კლუბი არ შეიცვალე. რატომ? იყო შემოთავაზება აზიიდან, კერძოდ ყაზახეთიდან. ფინანსურად უკეთესი ვარიანტები მქონდა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი მაღალ დონეზე დარჩენა და კარგი სათამაშო ფორმაა. მინდა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დავეხმარო.
კარიერის დასრულებაზე ალბათ გიფიქრია. რა იქნება შემდეგ? ამაზე ხშირად ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს სასიამოვნო პროცესია. რთულია მიატოვო ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, ის ყოველდღიურობა, რომლითაც ბავშვობიდან ცხოვრობ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს გარდაუვალია. მართალია, ხშირად გეუბნებიან, "ითამაშე ისე, თითქოს ბოლო თამაშია" და შენც მაქსიმალურად იხარჯები, მაგრამ როცა აცნობიერებ, რომ ეს ბოლო თამაში შეიძლება მალე დადგეს, გული გწყდება. ყოველ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას ახლო მომავალში არ მივიღებ. აქ წელიწადნახევარი კონტრაქტი კიდევ ძალაშია. ისე კი, მინდა, რომ კარიერა სამშობლოში დავასრულო. მიფიქრია მწვრთნელობაზეც, მაგრამ 100%-ით გადაწყვეტილი არც ეს მაქვს. სხვა სფეროში დასაქმებაც მაინტერესებს. ვიდრე საფეხბურთო ცხოვრება გაჩერებულია, გულშემატკივარს რომელი ხუთ მატჩის ხელახლა ყურებას ურჩევდი. ბავშვობიდან, ბრაზილიის ნაკრების და "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, ამიტომ ამ გუნდების მიერ ნათამაშები მატჩები მახსენდება: 8 წლის ვიყავი, როცა პირველად მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურე, მახსოვს 1994 წლის ფინალი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის რობერტო ბაჯოს აცილებული 11-მეტრიანი (ბრაზილია-იტალია, 0:0 პენ. 3:2). გამორჩეული იყო 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - "ბაიერნი" - "მანჩესტერი" (1:2), ასევე 2002 წლის მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი - ბრაზილია-გერმანია (0:2) და "ბარსელონა" - "პსჟ" (6:1).

სხვა სტატიები