გიორგი ნემსაძე: “12 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება” 

ტელეკომპანია POS TV-ის გადაცემა “სპორტის” ეთერში საქართველოს ნაკრების ვეტერანმა კაპიტანმა და ამჟამად გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღის, 12 ნოემბრის შესახებ ისაუბრა.

ჩვენი ფეხბურთელების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე გავდიოდე მოედანზე. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ 12 ნოემბერი ისეთივე ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ნაკრების ისტორიაში, როგორც 1981 წლის 13 მაისი.

სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ყველა არხზე პოლიტიკური პროცესების ხილვა გვიწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი ახლოვდება. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ეს დღე ისტორიას უდიდესი საფეხბურთო გამარჯვების თარიღად შემორჩება.

ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა შექმნილი. შენი შრომა და მომზადება ყოველდღიურად იმას ემსახურება, რომ გულშემატკივარი გაახარო. ყველა, ვისაც თუნდაც პატარა აუდიტორიის წინაშე უთამაშია, მიხვდება, თუ რამხელა მოტივაციაა გულშემატკივრის თანდასწრებით თამაში. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ის რეალობა, რომ ისტორიულ მატჩზე ქომაგების დასწრება შევძლოთ. ეს ერთი მხრივ, საორგანიზაციო კუთხით ძალიან რთულიცაა, რადგან ძნელია იმ ადამიანების 30% აარჩიო, რომელიც მატჩს უნდა დაესწროს. ამიტომაც, გადაწყდა, რომ ყველა თანაბარ პირობებში იყოს და ყველა მათგანი შეხვედრას თვალს ეკრანიდან მიადევნებს.

ეს მატჩი შედეგზე ორიენტირებული იქნება და აქ სანახაობრივი მხარე მეორე ადგილზე გადადის. მინდა ჩვენს ფეხბურთელებს ვუთხრა, რომ იყვნენ კონცენტრირებულები შედეგზე და არა ხარისხზე, რადგან გავა დრო და თამაში აღარავის ემახსოვრება, შედეგი კი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება”, – თქვა გიორგი ნემსაძემ.

(83)

გიორგი ნემსაძე: “12 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება” 

სტატიის ავტორი
-