Belive

გიორგი ქიმაძე: "ტრავმა აღარ მაწუხებს, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
"დინამო თბილისი" ერთ-ერთი პირველი გუნდია საქართველოში, რომელმაც ვარჯიში განაახლა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი რამდენიმე დღეა ჯგუფებად, თუმცა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. განახლებული საწვრთნელი პროცესის, გუნდში არსებული მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ გუნდის მცველმა გიორგი ქიმაძემ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ბოლო თვეებში სახლში დიდი დროის გატარება გიწევდა. როგორ ახერხებდი ამ პერიოდში ვარჯიშს? კარანტინის პერიოდში უმეტესწილად სახლში ვვარჯიშობდი და გარეთ მხოლოდ სარბენად გადავდიოდი. კორპუსში ვცხოვრობ და სამწუხაროდ ბურთით ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. "დინამო" ერთ-ერთი პირველია ეროვნულ ლიგაში, რომელმაც ვარჯიში განაახლა. როგორ პირობებში მიმდინარეობს განახლებული საწვრთნელი პროცესი? თითქმის ორი კვირაა, რაც "დინამომ" ვარჯიში განაახლა. თავდაპირველად ოთხ-ოთხი ფეხბურთელით ვარჯიშობდით, შემდეგ კი ათი მოთამაშე დაუშვეს. მართალია, მთელი შემადგენლობა ერთდროულად ვერ ვვარჯიშობთ, მაგრამ სრულფასოვნად ვემზადებით. ფეხბურთელები თავს უკეთესად გრძნობენ და ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ.
No description available.
ახალ სეზონში ტრავმის გამო ვერ ითამაშე. ამჟამად როგორია შენი მდგომარეობა? ტრავმა უკვე მოშუშებული მაქვს ფეხის ტკივილმა ეპიდემიის დაწყებიდან ორ კვირაში გამიარა. მას მერე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და როცა სეზონი დაიწყება, შევძლებ რომ გუნდს შეუერთდე. ახალ სეზონში გუნდმა სამიდან ვერცერთი მატჩი მოიგო. სტარტი არასახარბიელო გამოვიდა. თითქოს გუნდს შეთამაშება აკლდა... სეზონებს შორის დინამოში ბევრი ცვლილება იყო. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, ასევე შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი. ახალი გუნდის შეკვრას და შეთამაშებას კი გარკვეული დრო სჭირდება. საწყის შეხვედრებში ალბათ სწორედ შეთამაშება დაგვაკლდა, მაგრამ უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ ადაპტაცია ყველამ გაიარა და ჩვენი თამაშის გაუმჯობესება შეგვიძლია. გვქონდა პატარა ჩავარდნა, რომელსაც გამოვასწორებთ. ვფიქრობ, ამ პაუზამ ჩვენზე დადებითად იმოქმედა. ამავე დროს, გუნდს ბევრი ტრავმირებულიც ჰყავდა. ახლა როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ტრავმებმა ხელი სერიოზულად შეგვიშალა. პირველ მატჩებში გუნდს ბევრი ლიდერი აკლდა. ამჟამად ტრავმა ყველამ მოირჩინა, ყველა მათგანი ვარჯიშობს, ზოგი ინდივიდუალურად, ზოგი გუნდურად მაგრამ მთლიანობაში ყველა ფორმაში შედის.
No description available.
"დინამოში" შენთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი მოვიდა, რაც ალბათ შენთვის უფრო კომფორტული იქნება. კახა ჩხეტიანს დიდი ხანია ვიცნობ, ტორპედოში კი ერთად ხანგრძლივი, წარმატებული პერიოდი გავატარეთ. ჩისკო ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალია, მასთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა და სეზონიც ტიტულის მოგებით დავასრულეთ. თუმცა, როცა გუნდში ისეთი მწვრთნელი მოდის, რომლის სათამაშო ფილოსოფიასაც უფრო კარგად იცნობ, ცხადია ეს სასიამოვნოა. ევროტურნირები ახლოვდება. როგორი იქნება გუნდის შანსები ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე? ბელარუსიის გარდა ფეხბურთი ყველგან შეჩერებულია. აქედან გამომდინარე, იდეალურ ფორმაში არცერთი გუნდი არ იქნება. ყველაფერი მაინც ორ რამეზეა დამოკიდებული, წილისყრასა და მომზადებაზე. თუ რომელიმე ევროპული გრანდი არ შეგვხვდა და ფიზიკურად კარგად მოემზადეთ, მაშინ შანსი ყველა მეტოქესთან გვექნება.
No description available.
ვარჯიში უკვე დაწყებული გაქვთ. უშუალოდ მატჩების განახლების რა ფორმატია შენთვის ყველაზე მეტად მისაღები? ჩემი აზრით, ჩემპიონატის განახლებას მინიმუმ ერთი თვე და ცოტა მეტი დასჭირდება, ამის მერე კი გათამაშება სავარაუდოდ ორ წრედ ჩატარდება. ამაზე მეტს ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კალენდარი ძალიან გადაიტვირთება და კვირაში ორ-ორი მატჩის ჩატარება გუნდებს ძალიან გაუჭირდებათ.

სხვა სტატიები