Belive

გიორგი ქინქლაძე | არ ვარ ის ადამიანი რომელიც ჩასაძირად განწირულ გემს ტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
პოპულარულ სპორტულ ჟურნალ - FourFourTwo-ს სექტემბრის თვის ნომერში, გიორგი ქინქლაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. "მანჩესტერ სიტისა" დასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ "ქალაქელთა" რიგებში გატარებული პერიოდი და ნოელ გალაჰერთან მეგობრობა გაიხსენა. ქინქლაძემ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არის ის ადამიანი რომელიც ჩასაძირად განწირულ გემს ტოვებს. გიორგი ქინქლაძის მტკიცებით, პოპულარული მუსიკალური ჯგუფის Oasis-ის წევრებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვს. გიორგი ქინქლაძე აღნიშნავს, რომ მას და გალაჰერს "მანჩესტერ სიტი" თავდავიწყებით უყვართ.
"Oasis-ს მუდამ დიდ პატივს ვცემდი. ჯგუფის წევრები "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები იყვნენ და ჩვენს თამაშებს ყოველთის ესწრებოდნენ. გამონაკლისი შემთხვევა მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც ჯგუფი ტურნეს მართავდა. "მეინ როუდზე" გამართული ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, მათ "სიტის" ფეხბურთელები სცენის მიღმა დაპატიჟეს - სწორედ მაშინ დაიწყო ჩენი მეგობრობა." "დღემდე ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მახსოვს, მოსკოვში Oasis-ის კონცერტზე დასასწრებად გავემართე. დაცვის წევრი "მანჩესტერ სიტის" ფანი იყო, რომელმაც მიცნო და ნოელ გალაჰერთან მიმიყვანა. კონცერტი 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მე და ნოელი 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. 17:00 საათზე ორგანიზატორებმა კარებზე მოგვიკაკუნეს და კონცერტის დაწყება ითხოვეს. ყოველთვის, როდესაც მანჩესტერში ჩავდივარ მას ვხვდები."
ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტი" 1998 წელს დატოვა. იმ დროისათვის "ქალაქელებს" მძიმე დროება ედგათ და რანგით ორი დივიზიონით ყვნენ დაქვეითებული. მიუხედავად ამისა, ქინქლაძე არ ნანობს, რომ "მანჩესტერ სიტის" კარიერის 3 წელი მიუძღვნა. "ქალაქელების" პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგ, კინქლაძეს არაერთი ტოპ-კლუბისგან ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა მან "სიტის" არ უღალატა.
"არ მინანია და ცხოვრების მანძილზე ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ. არანაირი აზრი არ აქვს ინანო ის, რაც ათწლეულების წინ მოხდა - ეს არსად მიგიყვანს. "სიტის" რიგებში არაფერი მომიგია, მაგრამ ვხედავდი, თუ რას ვნიშნავდი გულშემატკივრებისთვის და მათთვის ღალატი და ნდობის გაცრუება არ შემეძლო. არ ვარ ის ადამიანი რომელიც ჩასაძირად განწირულ გემს ტოვებს."

Untitled

"მას შემდეგ 25 წელი გავიდა, მაგრამ ფანებს კვლავ ვახსოვარ. დღემდე, ტრიბუნებზე საქართველოს დროშა ფრიალებს - ამაზე დიდ დაფასებასა და პატივისცემას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ინგლისელი ფანები გიყურებენ და გაფასებენ იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობები გაქვს და როგორ თამაშობ მოედანზე. როდესაც ფორმის პიკში ხარ, ყველა ოვაციებით გხვდება. მაგრამ როდესაც მრავალი წლის შემდეგ, დასრულებული კარიერის მიუხედავად ბრუნდები და ოვაციებითა და აპლოდისმენტებით გხვდებიან - ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია." "კარიერის განმავლობაში, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც "სიტის" თავგადაკლული ფანები მუხლებზე დაჩოქილი, ბანერებზე ქართული წარწერებით მხვდებოდნენ და მთხოვდნენ, რომ კლუბი არ დამეტოვებინა. როგორ შეიძლება დატოვო კლუბი ასეთი სიყვარულის შემდეგ?" "ვისურვებდი, რომ "სიტისთან" ერთად თუნდაც 1 ტიტული მომეპოვებინა, მაგრამ "სიტიდან" ტიტულის მოპოვების სურვილის გამო არ წავსულვარ - დღესაც ასე მოვიქცეოდი."

სხვა სტატიები