Belive

გიორგი ქვილითაია: "გენტში ყველაფერია, რომ უკეთეს ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე"

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
მრავალი წლის განმავლობაში, სპორტი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო. მაგრამ ის, რაც ბელგიაში მოხდა, უდავოდ საუკეთესო მომენტი იყო ჩემი და სპორტის ურთიერთობაში - მე გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს გენტში შევხვდი და მათთან ერთად ძალიან საინტერესო დღე გავატარე. შეხვედრა დაგეგმილზე ცოტა გვიან შედგა - ვარჯიშის შემდეგ, მათ "გენტთან" ერთად დამატებითი თეორიული მომზადება გაიარეს. სანამ ფეხბურთელებს შევხვდებოდი, ქალაქის დათვალიერებაც მოვასწარი და გეტყვით, რომ ქვილითაია და ჩაკვეტაძე საოცარ ქალაქში ცხოვრობენ, რომელიც თავისი სილამაზითა და შუასაუკუნოვანი არქიტექტურით არის გამორჩეული.
fhent
განსაკუთრებული მომენტი იყო ამ საოცარი ქალაქის ქუჩაში ორი ქართველი ფეხბურთელის დანახვა. ჩვენი საუბარი ყავის სურნელით სავსე კაფეში წარიმართა: "Live.ge-ში ჩვენ არამარტო ჟურნალისტები, არამედ ფეხბურთის და ზოგადად, სპორტის უდიდესი ქომაგები ვართ. ამიტომაც ჩამოვედით თქვენთან და გვინდა, ჩვენმა მომხმარებელმა თქვენზე მეტი გაიგოს", - ვუთხარი ქვილითაიას. გიორგი ქვილითაია 2018 წლის ზაფხულში ვენის "რაპიდიდან" "გენტში" სათამაშოდ გადავიდა - ბელგიელებმა მის შესაძენად €3 მილიონი გადაიხადეს. Transfermarkt-ის თანახმად, ბელგიურ კლუბს €3 მილიონზე მეტი ისტორიაში მხოლოდ 5 ფეხბურთელში აქვს გადახდილი. შესაბამისად, ბელგიელები ქვილითაიაზე დიდ იმედს ამყარებდნენ, თუმცა სამწუხაროდ, მოულოდნელმა პრობლემამ თავი იჩინა. სექტემბრის დასაწყისში ქართველმა ფორვარდმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც მოედანს დიდი ხნის განმავლობაში გამოემშვიდობა. "7 თვეა, რაც აქ ვარ, თუმცა გუნდის სრულფასოვან წევრად თავი ბოლო 2 კვირის განმავლობაში აღვიქვი - ტრავმის გამო დიდი პერიოდი გამიცდა, შემდეგ ფიზიოთერაპევტთან ვვარჯიშობდი, სავარჯიშო დარბაზში დიდ დროს ვატარებდი და ბოლო 2 კვირაა რაც ვგრძნობ, რომ დავბრუნდი. გუნდში ძალიან კარგი პირობებია - ავსტრიაშიც მითამაშია და კიდევ ბევრი მინახავს, მაგრამ აქ უდავოდ საუკეთესო გარემოა იმისთვის რომ უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდე," ამბობს იგი.
ამჟამინდელი მდგომარეობით ქვილითაია კმაყოფილია: " ფეხბურთი თითქმის 8 თვეა არ მითამაშია და აქედან გამომდინარე, დაბრუნებასა და ფორმის აღდგენას დრო სჭირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც უნდა გაგიცნოს და შენი პოტენციალი შეაფასოს. ამ ყველაფერს დრო სჭირდება - მედიაში ბევრს წერენ ჩემი უთამაშებლობის შესახებ, მაგრამ არ ვფიქრობ რომ რაიმე საგანგაშო ხდება. ფაქტია, რომ როდესაც მწვრთნელი მენდო და შეცვლაზე შემიყვანა, გოლის გატანა მოვახერხე" - აღნიშნავს იგი.
საინტერესოა, რომ ქვილითაიას კარიერა ევროპაში განვითარდა - იგი განსხვავდება იმ ქართველი ფეხბურთელებისგან, რომლებმაც რუსეთში ან უკრაინაში გადაწყვიტეს კარიერის გაგრძელება: "18 წლის ვიყავი როდესაც უნგრეთში წავედი, თუმცა ყველაფერი კარგად არ წარიმართა - გუნდი დაიშალა, პრეზიდენტი დაიჭირეს და თბილისის "დინამოში" დავბრუნდი. თუმცა ამ პერიოდში ევროპული მენტალიტეტი და ფეხბურთისადმი მიდგომა იმდენად მომეწონა, რომ კვლავ ევროპაში დაბრუნება მსურდა. როგორც კი ვენის "რაპიდი" გამოჩნდა, დაუფიქრებლად წავედი ავსტრიაში", ამბობს იგი. "რაპიდში" ქართველმა ფორვარდმა 67 მატჩი ჩაატარა. ქვილითაიმ 22 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რითაც სხვა გუნდების ყურადღება მიიპყრო: "ბელგიაში უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, გატანილი გოლები აქ უფრო მეტად ფასდება. მგონია რომ ბელგიისადმი უფრო დიდი ინტერესია საფეხბურთო სამყაროში, აქაური შედეგი ავსტრიულზე მეტად ფასობს და ამიტომაც ავირჩიე "გენტი", - ასე განმარტავს იგი თავის არჩევანს. ჩვენი საუბარი ბელგიის ნაკრების აღმასვლასაც შეეხო: ბელგიას საოცარი თაობა ჰყავს, რომლის წევრებიც ევროპის ტოპ გუნდებში თამაშობენ. ქვილითაიას აზრით, ამის ერთ-ერთ მიზეზად ეროვნული ჩემპიონატის პროგრესი უნდა ჩაითვალოს: "ჩემი აზრით ტოპ 5 ჩემპიონატის შემდეგ, ბელგიის ჩემპიონატი ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში. სტადიონი სავსეა გულშემატკივრებით, თამაშები შუქდება, ფეხბურთით დაინტერესებულია ადგილობრივი ბიზნესი - ეს ყველაფერი იწვევს შეგრძნებას, რომ შენ ფეხბურთელი ხარ, რაც რთულია იგრძნო საქართველოში."
ბელგიის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ლიგასაც შევეხეთ: "ხალხი იმიტომ არ დადის რომ ფეხბურთის დონე დაბალია. გულშემატკივარი სანაკრებო თამაშებს რეგულარულად ესწრება, თუმცა საკლუბო არ აინტერესებს. "დინამოში" ყოფნისას, გასვლით მატჩებზე ხანდახან ისეთ სტადიონზე მიწევდა თამაში, სადაც უბრალოდ რთულია, თავი ფეხბურთელად იგრძნო. იმ სტადიონებზე მაყურებელსაც ვერ აგრძნობინებ თავს ფეხბურთის გულშემატკივრად. ამ დროს კი, საქართველოში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს". რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ქვილითაიამ აღნიშნა, რომ ვლადიმერ ვაისის დამსახურებით, გუნდში გამოძახება ყველა ფეხბურთელს უხარია. "რამდენიმე წლის წინ, როდესაც ნაკრების წევრი არ ვიყავი, ვიგებდი ხოლმე ინფორმაციას, რომ ნაკრებში დაპირისპირებული სიტუაცია იყო, თუმცა დღეს ვითარება მთლიანად შეცვლილია - ნაკრები ერთიანია და სწორედ ამან განაპირობა ერთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგი", - აღნიშნა მან.
ჩვენს საუბარს გიორგი ჩაკვეტაძე ინტერესით ისმენდა, თუმცა ჩართვის სურვილი არ გამოუხატავს - იგი ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდება, თუმცა რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, იგი თავის სათქმელს მოედანზე ამბობს. "ყველაზე ცუდი ისაა, რომ მე და ჩაკვეტაძეს მოედანზე ერთად ჯერ არ გვითამაშია - ეს ჩემი ტრავმის დამსახურებაა. ჯერჯერობით არ ვიცი, მინდორზე ერთად როგორ ვითამაშებთ, მაგრამ ცხოვრებაში ერთმანეთს იდეალურად ვუგებთ", - აღნიშნავს ქვილითაია. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძის პერსპექტივას - ქვილითაიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა და შესაძლოა, გულშემატკივარს სწორედ იმ პრობლემაზე მიუთითა, რის წინაშეც არაერთხელ დავმდგარვართ: "უდავოდ, გიორგის უდიდესი პოტენციალი აქვს. მინდა ვთხოვო ყველას, რომ გიორგის განვითარება ვაცადოთ - არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა და 19 წლის ფეხბურთელზე დიდი პასუხისმგებლობის აკიდება. მთავარია, რომ გიორგიმ ფეხბურთი ითამაშოს და სატრანსფერო ჭორებმა იგი არ შეაწუხოს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს - პოტენციალი რომ აქვს და დიდ ფეხბურთს რომ ითამაშებს, ეს ფაქტია", - განაცხადა ქვილითაიამ.
ოფიციალური ინტერვიუს შემდეგ, ჩვენი საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ალბათ სუბიექტური ვიქნები, თუკი გიორგი ქვილითაიაზე და გიორგი ჩაკვეტაძეზე დადებითად ვილაპარაკებ, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი სუბიექტურობა ობიექტურობასთან ძალიან ახლოს დგას: ამ ორ ფეხბურთელს ნათლად ეტყობა, რომ ევროპის შუაგულში თამაშობენ - ეს გამოიხატება საქმისადმი პროფესიონალურ მოდგომასა და ზოგადად, აზროვნებაში. ასე რომ, ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მთელი გულით, live.ge-ის სახელით, მათ არაერთ გუნდურ და ინდივიდუალურ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.
P.S. სტატიის გამოქვეყნება გარკვეული მიზეზების გამო დაგვიანდა - ჩაკვეტაძემ მას შემდეგ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის პროცესს გადის, ხოლო ქვილითაიამ კი ფორმა აღიდგინა და "გენტის" შემადგენლობას დაუბრუნდა.

სხვა სტატიები