Belive

გლები: "კარიერაში ბევრი შეცდომა დავუშვი, ყველაფერი უკეთ შეიძლება ყოფილიყო"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იყო დრო, როდესაც ალექსანდრ გლები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი იყო. ბელურუს ფეხბურთელს არსენ ვენგერი სრულ ნდობას უცხადებდა და იგი "არსენალის" უცვლელი წევრი იყო. თუმცა მოულოდნელად, გლებმა კარიერა კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელა.
"ძალიან მიჭირს იმისი ახსნა, თუ რატომ დავტოვე არსენალი. ლონდონში ძალიან ბედნიერი ვიყავი, არსენ ვენგერი მენდობოდა, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. თუმცა წასვლა გადავწყვიტე. სეზონი დასრულებული იყო, დასასვენებლად ვიყავი წასული, როდესაც მწვრთნელებმა და მენეჯერებმა დამარწმუნეს, რომ ბარსელონაში უნდა წავსულიყავი. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რას ვაკეთებდი," ამბობს გლები.
"ბარსელონაში" გადასვლა გლებისთვის პროგრესის მომტანი არ გახდა: ყოფილმა "მეთოფემ" ბარსელონას ნახევარდაცვაში არსებულ ძლიერ კონკურენციას ვერ გაუძლო და უმეტესად სათარიგო სკამზე უწევდა ჯდომა.
სწორედ აქედან დაიწყო მისი დაღმასვლა - კატალონიის დატოვების შემდეგ,  გლებმა "შტუტგარტში," "ბირმინგჰემში," "ვოლფსბურგსა" და კიდევ 10-მდე გუნდში ითამაშა, თუმცა ძველი ფორმის აღდგენა ვეღარ შეძლო. ამჟამად 38 წლის გლები მინსკის "ისლოჩის" ფეხბურთელია, წარსულ შეცდომებს აანალიზებს და ამბობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერას დაასრულებს.
"ახლა ნაკრებში თამაში არ მინდა. ამაზე უარი არასოდეს მითქვამს, ნაკრებში ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობდი, თუმცა ახლა ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. გეტყვით რომ ბელორუსის ჩემპიონატშიც უკანასკნელი მატჩი ჩავატარე, ვგრძნობ რომ უკვე საკმარისია. კარიერაში ჩემი თავი 65-70%-ით წარმოვაჩინე და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი. ყველაფერი გაცილებით უკეთესად შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ასე გამოვიდა," განაცხადა გლებმა.
 

სხვა სტატიები