Belive

გოგა ხაჩიძე: "დვალიშვილი და კვარაცხელია კერძო სექტორის წარმატების ისტორიაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გასული შაბათ-კვირა ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა: ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა და ბრაზილიელი ჟოზე ალდოს დამარცხება შეძლო. იმავე დღეს, იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და დუბლი შეასრულა - 2 მატჩში გატანილი 3 გოლით, ქართველი ტალანტი სერია A-ს ბომბარდირთა რიგებს ჩაუდგა სათავეში. დვალიშვილისა და კვარაცხელიას შესანიშნავ ასპარეზობას გამოეხმაურა გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი (2008-2012) და საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016), გოგა ხაჩიძე. ხაჩიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების თანახმად, თანამედროვე ქართული სპორტის წარმატების უკან კერძო სექტორი დგას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული თანხები არაეფექტიანია.
"ამ შაბათ-კვირას განცდილი ორი დიდი სიხარული, მერაბ დვალიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, ორივე კერძო წარმატების ისტორიაა. სახელმწიფო დაფინანსება, სპორტის მხარდამჭერი პროექტები, სამთავრობო ლობი, პარტიული ჰაი-ჰუი, ტენდერები და ფულის კეთებები არაფერ შუაშია... სახელმწიფოს გაკეთებული საქმე არის მაგალითად - ზუგდიდის სტადიონზე, ბეტონის ბორდიური რომ დაასხეს აი ეგ", - წერს ხაჩიძე.

დამატებითი კომენტარის სახით, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არამიზანმიმართული თანხის ხარჯვა, დღევანდელთან ერთად, ძველი პრაქტიკაც იყო, რომლის გადააზრება ახლა მოხდა.
"ჰო, მე(ც) რომ ვიყავი ხელისუფლებაში და მაშინაც რომ ვხარჯავდით, ეგეც არასწორი და ს***ობა იყო. მაშინ სამწუხაროდ, ეს - ასე მკაფიოდ არ მესმოდა და შესაბამისად პოზიციასაც არ გამოვხატავდი", - აღნიშნა მან.

სხვა სტატიები