Belive

Golden Boy-ს 15 გამარჯვებული: რა მოხდა შემდეგ?

4 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ
2019 წლის Golden Boy-ს, ანუ "ოქროს ბიჭუნას" ნომინანტთა 20-კაციანი სია უკვე გამოქვეყნდა. პრესტიჟული ჯილდოს მოსაგებად ყველაზე ნიჭიერი 20-წლამდე ასაკის ფეხბურთელები იბრძოლებენ. გამარჯვებულს იტალიური მედია საშუალება Tuttosport-ი ევროპელი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად აჯილდოებს. ვიდრე მატეის დე ლიხტს, ჟოაო ფელიშს, ანსუ ფატისა და სხვა ტალანტებს შორის საუკეთესოს გამოავლენენ, იმ 15 ფეხბურთელის კარიერას გადავხედოთ, რომლებმაც წარსულში აღნიშნული ჯილდო მოიგეს. რაფაელ ვან დერ ვაარტი - აიაქსი/ჰოლანდია (2003) სადებიუტო სეზონში 20 წლის ფეხბურთელი თავის გუნდს ჰოლანდიის ერედივიზიონის მოგებაში დაეხმარა. "ჰამბურგში", მადრიდის "რეალში", "ტოტენჰემში", "ბეტისსა" და "მიდტიულანდში" წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, 36 წლის ნახევარმცველი დანიაში იმყოფება და დარტსის კარიერას იწყებს. ეროვნულ გუნდში ჩატარებული 109 შეხვედრით, რაფაელი ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში მეოთხე ადგილზეა. ვან დერ ვაარტმა 2010 წლის მუნდიალის ფინალშიც ითამაშა.
No description available.
უეინ რუნი - მანჩესტერ იუნაიტედი/ინგლისი (2004) ჯერ კიდევ ბავშვი "წითელ ეშმაკებს" 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მალე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა. 2004 წლის, ანუ მას მერე, რაც "შრეკმა" "ოქროს ბიჭუნას" ჯილდო მოიგო, რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად იქცა, პრემიერლიგაში კი ამ მხრივ მეორე ადგილზეა და ალან შირერის რეკორდს 52 გოლი აშორებს. "მანჩესტერში" 12-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, რუნი მშობლიურ "ევერტონში" დაბრუნდა, მერე კი MLS-ის ბინადარ "დი სი იუნაიტედში" გადაბარგდა. 33 წლის ფეხბურთელი ჩემპიონშიფის წარმომადგენელ "დერბი ქაუნთს" შეუთანხმდა, რომ მომავალი წლიდან კლუბში მოთამაშე/მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს.
Image result for wayne rooney golden boy
ლიონელ მესი - ბარსელონა/არგენტინა (2005) 16 წლის ასაკში "ბარსელონაში" დებიუტიდან 2 წელიწადში, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა პრესტიჟული ჯილდოს მოგება მოახერხა. 2014 წლის მუნდიალის ფინალისტისა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ კარიერის მთავარ მომენტებზე მოგახსენებთ. 5 "ოქროს ბურთი" 5 "ოქროს ბუცი" 34 საკლუბო ტიტული (მათ შორის 8 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა) ყველა დროის საუკეთესო?  
No description available.
სესკ ფაბრეგასი - არსენალი/ესპანეთი (2006) "ბარსელონას" დატოვებიდან 3 წელიწადია გასული. ფაბრეგასი უკვე არსენ ვენგერის დიდებული "არსენალის" წევრია და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც. ესპანელი უნივერსალი ყველა ტურნირზე სეზონში ჯამში 49 მატჩს ატარებს, თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მშობლიურ კლუბთან მარცხდება. "მეთოფეების" შემდეგ ის ჯერ "ბარსაში" ბრუნდება, მერე კი ლონდონში, ოღონდ ლურჯ მაისურს ირგებს და 32 წლის ასაკში, "მონაკოში" გამოსვლისას, მისი ტიტულების ყულაბას ინგლისის, ესპანეთის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა მიეკუთვნება.
Image result for cesc fabregas golden boy
სერხიო აგუერო - მადრიდის ატლეტიკო/არგენტინა (2007) 2007 წელს, მაშინ როცა ფერნანდო ტორესი მადრიდის "ატლეტიკოდან" "ლივერპულში" გადავიდა, ესპანურმა კლუბმა ჩათვალა, რომ იდეალური შემცვლელი არგენტინელი ტალანტი იქნებოდა. ისინი მართლები იყვნენ. 18 წლის ასაკში ჩატარებული სუპერსეზონის შემდეგ, სერხიო აგუერომ "ოქროს ბიჭუნას" წოდება მიიღო. დღეს ის პრემიერლიგაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი და "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელია.
Image result for sergio aguero golden boy
ანდერსონი - მანჩესტერ იუნაიტედი/ბრაზილია (2008) 2008 წლიდან ჯილდოს ისეთი მფლობელები გამოუჩნდნენ, რომლებმაც გაცემული ავანსები სათანადოდ ვერ გაამართლოს ერთ-ერთი პირველი კი სწორედ ანდერსონი იყო. მიუხედავად სერ ალექს ფერგიუსონის მეთაურობით ოთხჯერ პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის და ლიგის თასის მოგებისა, საუკეთესო ახალგაზრდას წოდების მიღების შემდეგ, ანდერსონის კარიერამ დაღმასვლა დაიწყო. 31 წლის ბრაზილიელი ამჟამად თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს.
No description available.
ალეშანდრე პატო - მილანი/ბრაზილია 2009 უსაზღვრო ნიჭის მქონე ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრავმებმა ბრაზილიელს ბოლო მოუღო. ჩემპიონთა ლიგაში გაბრწყინების მიუხედავად, პატომ "მილანში" ადგილი მალე დაკარგა და კარიერის უმეტესი ნაწილი სამშობლოში გაატარა. "კორინთიანსსა" და "სან პაულოში" გამოსვლის შემდეგ, "ვილიარეალისა" და "ჩელსის" სახით ევროპაში დაბრუნების მცდელობა პატოსთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. შემდეგ ჩინეთის სუპერლიგა და რამდენიმე წარმატებული სეზონი იყო, ამჟამად კი კატო სამშობლოშია და "სან პაულოს" შემადგენლობაში მარტის შემდეგ ჩატარებულ 12 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
Image result for alexandre pato golden boy
მარიო ბალოტელი - მანჩესტერ სიტი/იტალია (2010) ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ინვესტიცია. ადამიანი, რომელმაც უბადლო უნარ-ჩვევები თავისი ნებით ქარს გაატანა. ძვირადღირებული მანქანები, ლამაზმანები და ღამის კლუბები, ეს ის ყველაფერია, რამაც ჟოზე მოურინიოს "ინტერთან" ერთად არაერთი ტიტულის მომგები ტალანტის კარიერა შეიწირა. "ლივერპულთან" ერთად პრემიერლიგაში თავის დამკვიდრების წარუმატებელი მცდელობის მერე, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა იტალიელმა ბედი საფრანგეთში, კერძოდ კი "ნიცასა" და "მარსელში" სცადა ამჟამად ბალოტელი სამშობლოშია და ბავშვობის კლუბის "ბრეშას" ღირსებას იცავს, რომელიც სერია A-ში მიმდინარე სეზონში დაბრუნდა.
Image result for mario balotelli golden boy
მარიო გიოტცე - დორტმუნდის ბორუსია/გერმანია 2011 იურგენ კლოპის შესანიშნავი "დორტმუნდის" ერთ-ერთი აღმოჩენა. 18 წლის ასაკში გიოტცემ ბუნდესლიგის კლუბის მაისურით 39 შეხვედრა და ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მალე კი მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდა. ტრავმებმა და მაღალმა კონკურენციამ მარიოს "რეკორდმაისტერში" თავის დამკვიდრების შესაძლებლობა არ მისცა, თუმცა მან შეძლო და გერ​მანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი გოლი გაიტანა - გიოტცემ 2014 წელს ბუნდესნაკრებს მუნდიალი მოაგებინა. 2016 წელს, გიოტცე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.
Image result for mario gotze golden boy
ისკო -მალაგა/ესპანეთი (2012) 2011 წელს ნიჭიერმა ესპანელმა "ვალენსია" დატოვა და ამბიციური "მალაგას" რიგებს შეუერთდა. რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. "ოქროს ბიჭუნაში" მადრიდის "რეალმა" 30 მილიონი ევრო გადაიხადა. 2013 წლიდან, ისკო "სამეფო კლუბის" წევრია და მის ვიტრინას ჩემპიონთა ლიგის 4 ოქროს მედალი ამშვენებს.
Image result for isco golden boy
პოლ პოგბა - იუვენტუსი/საფრანგეთი (2013) სერ ალექს ფერგიუსონმა საკუთარი კლუბის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის დატოვება არ ისურვა და "ბებერ ქალბატონს" ის 800 000 ევროდ შეაძლია. პოგბამ ტურინული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მალე დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. "ოლდ ტრაფორდის" დატოვებიდან ერთ წელიწადში მან "ოქროს ბიჭუნას" წოდება მიიღო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ამჟამად კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსს ატარებს. ფეხბურთი უცნაურობებითაა სავსე - დღეს პოგბა მშობლიური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელი და გუნდის უპირობო ლიდერია.
Image result for pogba  golden boy
რაჰიმ სტერლინგი - ლივერპული/ინგლისი 2014 ლუის სუარესთან და ფილიპე კოუტინიოსთან ერთად, რაჰიმ სტერლინგი ლივერპულში შესანიშნავ შემტევ ტრიოს ქმნიდა, რომელსაც ზურგს სტივენ ჯერარდი უმაგრებდა. ისევე როგორც ყველა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელი, დღეს მერსისაიდულ კლუბში არც ინგლისელი შემტევი ირიცხება. პრესტიჟული ჯილდოს მოგების შემდეგ, სტერლინგი "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა, სადაც მან პეპ გვარდიოლას დახმარებით მძიმე პერიოდი გადალახა და წინა სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულშიც მოხვდა. ინგლისის ნაკრების აწ უკვე ძირითადი შემადგენლობის წევრი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
Image result for raheem sterling golden boy
ენტონი მარსიალი - მანჩესტერ იუნაიტედი/საფრანგეთი (2015) "წითელმა ეშმაკებმა" საინტერესო გათვლა გააკეთეს, როცა "მონაკოდან" უცნობი თავდამსხმელი შეიძინეს. სწრაფმა და ტექნიკურმა ფლანგის შემტევმა ყურადღება მალე მიიქცია და მაღალი დონის სეზონი ჩაატარა. "მანჩესტერის" მაისურით ფრანგმა იმ სეზონში 61 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა, 11 საგოლე პასი გააკეთა და საუკეთესო ახალგაზრდას წოდებაც დამსახურებულად მიიღო. გუნდში ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, მარსიალის სათამაშო დრო კიდევ უფრო გაიზარდა, მიმდინარე სეზონის დაწყებიდან კი "იუნაიტედის" შეტევის მთავარ ფიგურებად სწორედ ის და მარკუს რაშფორდი მიიჩნევიან.
Image result for anthony martial golden boy
რენატო სანჩესი - ბენფიკა/ბაიერნი (2016) ლისაბონური კლუბის შემადგენლობაში პრიმეირა ლიგაში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ, სანჩესით მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდა. ამას თან ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფი და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდების მოპოვება დაერთო, იმავე წელს პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "ოქროს ბიჭუნას" ჯილდოსთვის ბრძოლაში მარკუს რაშფორდი დაამარცხა. მიუხედავად ამისა, რენატომ ბავარიელთა შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა და რამდენიმე განათხოვრების შემდეგ, გასულ ზაფხულში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონ "ლილის" შეუერთდა.  
Image result for renato sanches golden boy
კილიან მბაპე - მონაკო/პსჟ (2017) მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი. ადამიანი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ და კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის კარიერის დასრულების შემდეგ, მთავარი საფეხბურთო ფიგურადაც კი განიხილავენ. მან კარიერა "მონაკოში" დაიწყო. ტალანტებით დახუნძლულმა გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. გუნდის ლიდერით მალე ფრანგული მონსტრი "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესდა და ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. დედაქალაქში გადასვლის შემდეგ, მბაპემ კიდევ უფრო მოუმატა. ქვეყნის შიგნით ყველა ტიტულის მოგებას, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა, 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდების მოპოვება და "ოქროს ბუცის" დავაში მეორე ადგილის დაკავება დაამატა. 20 წლის მბაპე მომავალ წელს ევროპული გრანდების მთავარი სამიზნე ექნება.
No description available.
მატეის დე ლიხტი - აიაქსი/ჰოლანდია (2018)   ჰოლანდიელი ტალანტების ახალი ტალღის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. დე ლიხტმა შარშან ჯილდოს მოგების შემდეგ ამსტერდამულ კლუბთან ერთად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა: წლების შემდეგ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი, გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ის ტურინის "იუვენტუსმა" შეიძინა. ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალურ მცველს ინდივიდუალური ტიტულის მოგების შანსი აქვს - ის Golden Boy-ზე ზედიზედ მეორედ წარადგინეს.
Image result for matthijs de ligt golden boy