Belive

გრანდები, რომლებიც მეორე დივიზიონში გავარდნასთან ახლოს არიან

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
2018-19 წლების საფეხბურთო სეზონი საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს. დაბალი დონის ბევრი გუნდი კარგად თამაშობს, გრანდები კი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატებში გასავარდნ ზონაში არიან და სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივაც თითქოს არ ჩანს.  ასეთ სიტუაციაში არიან "ლა ლიგაში" "ვილიარეალი", "ლიგა 1"-ში "მონაკო", "ბუნდესლიგაში" "შტუტგარტი", ხოლო თურქეთის "სუპერლიგაში" - "ფენერბაჰჩე".

ვილიარეალი

"ყვითელი წყალქვეშა ნავი" - როგორც ამ გუნდს ეძახიან, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. "ვილიარეალს" თავისი ისტორიითა და სახელით, საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და სულ მცირე, ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. თუმცა მიმდინარე სეზონშიც გუნდი იბრძვის, ამჯერად "ლა ლიგაში" დასარჩენად. "ვილიარეალი" 18 ქულით მე-19 ადგილზეა და ბოლო ადგილოსან "უესკას" 7 ქულით უსწრებს. მე-17 ადგილოსან "სელტასთან" ჩამორჩენა კი მხოლოდ 3 ქულაა. სეზონის სტარტზე "ვილიარეალი" მძიმედ გამოიყურებოდა. პირველ 5 ტურში გუნდმა 5 ქულა აიღო. ამის შემდეგაც ასეთივე სვლა გააგრძელა და 20 ტურის შემდეგ "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მხოლოდ 3 მოგება, 9 ფრე და 8 წაგება აქვს. გაიტანა 21, ხოლო გაუშვა 26 ბურთი. "ლა ლიგაში" ბოლოს გუნდმა 25 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე "ბეტისთან" 2:1 მოიგო. 21-ე ტურში გუნდი სტუმრად "მესტალიაზე" ჩადის და "ვალენსიას" ხვდება. ასე თუ გაგრძელდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზოში "ვილიარეალს" "ლა ლიგა 2"-ში ვიხილავთ.
Large
 

შტუტგარტი

გერმანიის "ბუნდესლიგაში" დაძაბული სეზონია და სატურნირო ცხრილის სათავესა და ბოლოში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. გასავარდნ ზონაში სამი გუნდია. "ჰანოვერი", "ნიურბერგი" და "შტუტგარტი". ყველაზე მოულოდნელი ამ სამეულში "შტუტგარტის" ხილვაა, რომელსაც "ვილიარეალის" არ იყოს, საკმაოდ მაღალი ამბიციენი აქვს. წლების განმავლობაში გუნდი ევროტურნირებზე ასპარეზობდა. ახლა კი დასარჩენად იბრძვის. მიმდინარე სეზონი გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო. საწყის 5 ტურში მხოლოდ 2 ქულა აიღო. სულ 18 ტურში კი 4 მოგება, 2 ფრე და 12 წაგება აქვს. გატანილი 14, ხოლო გაშვებული 38. ამ წუთისთვის "შტუტგარტი" 14 ქულით მე-16 ადგილზეა. მე-15 ადგილზე მყოფ "აუდგსბურგს" 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში გუნდი სტუმრად "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
 

ფენერბახჩე

მიმდინარე სეზონში არა მხოლოდ თურქეთის "სუპერლიგაში", არამედ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი სენსაცია "ფენერბახჩეს" გასავარდნ ზონაში ყოფნაა. თურქული ფეხბურთის გრანდი თავისთვის უჩვეულო, მე-17 ადგილზეა. გუნდს 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ 16 ქულა აქვს მოპოვებული. 3 მოგება, 7 ფრე და 7 წაგება. გატანილი 16, ხოლო გაშვებული 24 ბურთი. ბოლო 5 თამაშში "ფენერბახჩემ" ვერცერთი ვერ მოიგო. წააგო 2, ხოლო ფრედ დაასრულა 3 შეხვედრა. მე-15 ადგილოსან "ახისასპორს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ბოლო ადგილოსან "რიზესპორს" კი 6 ქულით უსწრებს. "ფენერბახჩე" მე-18 მატჩს დღეს, 21 იანვარს ჩაატარებს სტუმრად "ბურსასპორის" წინააღმდეგ. გასაკვირი და სენსაციურია, რომ "ფენერი" თურქეთის "სუპერლიგაში" დარჩენისთვის იბრძვის.
 

მონაკო

"ფენერბახჩეს" მსგავსად, სენსაციაა "მონაკოს" გასავარდნ ზონაში მოხვედრაც. საფრანგეთის "ლიგა 1"-ის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი 15 ქულით მე-19 ადგილზეა. მე-17 ადგილზე მყოფ "ამიენსს" 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო ბოლო ადგილოსან "გენგამს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. "მონაკოს" საშინელი თამაში ტრავმიანობამაც განაპირობა. გუნდს მთელი სეზონია ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშია. ამასთან ერთად, მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა კლუბი დატოვა და მის ნაცვლად ტიერი ანრი მოვიდა. ტიტის დანიშვნის შემდეგ საქმე კიდევ უარესად განვითარდა. ბოლო 5 თამაშში გუნდმა 3 წააგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. ჯამში "მონაკოს" გატანილი აქვს 19 ბურთი, ხოლო გაშვებული 36. მომდევნო მატჩს გუნდი უშუალო კონკურენტის, "დიჟონის" წინააღმდეგ ითამაშებს. "ლიგა 1"-ში გუნდმა ბოლოს, 4 დეკემბერს, "ამიენსის" წინააღმდეგ 1:2 მოიგო.
   

სხვა სტატიები