Belive

გრიზმანი რეკორდული მაჩვენებლების მიჯნაზე | ანტუანი ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში მესამეა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა. შეხვედრას ყველასათვის მოულოდნელი განვითარება ჰქონდა, ვინაიდან მატჩში პირველი გოლის გატანა უნგრელებმა მოახერხეს. "პუშკაშ არენაზე" გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უნგრელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა, გრიზმანის გოლით წონასწორობა აღადგინეს. ანტუან გრიზმანმა აღნიშნული გოლით ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი და გვარი წინა პლანზე წამოწია - 30 წლის ფეხბურთელმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მაისურით მე-9 გოლი გაიტანა, რითაც მხოლოდ ტიერი ანრისა და მიშელ პლატინის ჩამორჩება. ასევე საყურადღებოა, რომ გულაშის კარში გატანილი გოლი გრიზმანისათვის ევროპის ჩემპიონატზე რიგით მე-7 გოლი იყო, რითაც ამ შემთხვევაში არამხოლოდ ფრანგული არამედ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში მე-3 საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ის მხოლოდ მიშელ პლატინის (9 გოლი) და რეკორდსმენ კრიშტიანუ რონალდუს (11 გოლი) ჩამორჩება. ამრიგად, ევრო 2020 საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს რამდენიმე ფეხბურთელს - სტატიის მთავარ გმირს, ანტუან გრიზმანს ექნება შანსი, რომ გაიუმჯობესოს მაჩვენებელი, დაეწიოს ან გაასწროს მიშელ პლატინის და ამავდროულად შეამციროს სხვაობა კრიშტიანუ რონალდუსთან და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელსაც ექნება შანსი, რომ კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები, როგორც ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირმა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა რიგით მე-20 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სადაც არცერთი მარცხი არ აქვს.

სხვა სტატიები