Belive

გრიზმანის გამო ბარსელონა 40 მილიონს კარგავს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ანტუან გრიზმანის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს - "ატლეტიკოდან" კატალონიურ გრანდში გადასვლისა და შემდეგ, კვლავ მადრიდში დაბრუნების შედეგად, ფრანგი ვარსკვლავი ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

2019 წლის ივლისში, "ბარსელონამ" გრიზმანი €120 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. სოლიდური ავანსების გაცემის ფონზე, გრიზმანი უდიდეს წნეხში მოექცა და შეიძლება ითქვას, რომ "კამპ ნოუზე" საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა ვერ შეძლო.

"ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 74 შეხვედრაში, გრიზმანმა მხოლოდ 22 გოლის გატანა შეძლო, რაც მისი კალიბრის ვარსკვლავისთვის არც ისე სახარბიელო შედეგია.


3434

2021 წლის 31 აგვისტოს, "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის გარიგება შედგა - გრიზმანი 1-წლიანი იჯარით "როხიბლანკოს" დაუბრუნდა.

ესპანური ფეხბურთის 2 ფლაგმანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "ატლეტიკოს" იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ჰქონდა, ხოლო 2023 წელს მადრიდელები გრიზმანის გამოსყიდვას €40 მილიონად შეძლებენ.

მაგრამ არის ერთი სადავო პუნქტი, რომლის გამოც "ბარსელონა" საჩივარს ამზადებს და "ატლეტიკოსთან" დავის დასაწყებად ემზადება. "ბლაუგრანა" €40 მილიონს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გრიზმანი ჩატარებულ მატჩებში მოედანზე დროის მინიმუმ 50%-ს გაატარებს. იმისათვის რომ კატალონიელებმა თანხა მიიღონ, გრიზმანმა ყოველ მატჩში მოედანზე მინიმუმ 45 ან მეტი წუთი უნდა დაჰყოს, თუმცა დიეგო სიმეონე მას სათამაშო დროს პრაქტიკულად არ აძლევს.

"ბარსელონას" წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ფორმაში მყოფ გრიზმანს, სათამაშო დროს განზრახ არ აძლევენ, რათა "ატლეტიკომ" 40 მილიონის გადახდა თავიდან აირიდოს. ლა ლიგის განვლილ 4 ტურში, ფრანგი ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე უკანასკნელი 30 წუთის განმავლობაში შედიოდა ("ხეტაფე" - 62', "ვილიარეალი" - 62', "ვალენსია" - 64', "სოსიედადი" - 63').

სხვა სტატიები