Belive

გუნდებმა 2 თამაშში 186 გოლი გაიტანეს - სიერა-ლეონეში ეჭვი გარიგებულ მატჩებზე აქვთ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სიერა-ლეონეს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, გამოძიება ჩატარდება ორ მატჩზე, რომლებიც ანგარიშით 95:0 და 91:1 დასრულდა. საეჭვო ანგარიშები ქვეყნის რანგით მეორე ჩემპიონატში დაფიქსირდა - ,,კაჰუნლა რეინჯერსმა'' ,,ლუმბენბუ იუნაიტედი'' გაანადგურა, ,,გალფმა'' კი - ,,კოკიმა ლიბანი''.

,,ფედერაციას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს გარიგებული მატჩების ან რაიმე მსგავსის მიმართ. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან,'' - განაცხადა სიერა-ლეონეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, თომას დადიმ.
ამ ორი მატჩის ანგარიშები საეჭვო კიდევ იმიტომაა, რომ პირველი ტაიმები 2:0 და 7:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, ,,ლუმბენბუ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა, მოჰამედ იან საიდ ჯალამ, თქვა, რომ გარიგებული მატჩების წინააღმდეგია:
,,მეორე ტაიმში ბევრი გოლი გავუშვით. იმედგაცრუებული ვიყავი და რაღაც მომენტში გაბრაზებულმა მოედანი დავტოვე. შემდეგ კონცენტრაცია დავკარგე, ამიტომ ვერც კი გეტყვით, რა ანგარიშით წავაგეთ. მე არასდროს ვიქნები ჩაწყობილი თამაშის მონაწილე.''
ითვლება, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიში (149:0) მადაგასკარში, ,,ადემასა'' და ,,ემირნის'' მატჩში დაფიქსირდა, როცა ,,ემირნის'' ფეხბურთელებმა მსაჯების მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტების ნიშნად, 149 გოლი საკუთარ კარში გაიტანეს.