Belive

გურამ გიორბელიძე: "აღდგენით პროცესს ვასრულებ, მოედანზე რამდენიმე დღეში გავალ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2020 წლის ზაფხულიდან საქართველოს კიდევ 2 ლეგიონერი შეემატა - "დინამო თბილისის" ცენტრალური მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა და გორის "დილას" მარცხენა ფლანგელმა გურამ გიორბელიძემ ავსტრიული "ვოლფსბერგერის" მაისური მოირგეს. ლოჩოშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მალევე დამკვიდრდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტიც მოასწრო. 22 წლის მცველის აქტივში უკვე 9 მატჩი და 1 საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება გიორბელიძეს, მას ტრავმა აწუხებდა და ახალ გუნდში ჯერჯერობით არ უთამაშია. Live.ge 24 წლის მარცხენა მცველს ავსტრიაში დაუკავშირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა. გიორბელიძემ ახალ გუნდთან ადაპტაციის პროცესზეც ისაუბრა. "ყველაფერი კარგად მიდის. აღდგენით პროცესს ვასრულებ, რამდენიმე დღე დარჩა და მალე ვარჯიშს სრულფასოვანი დატვირთვით განვაახლებ. იმედი მაქვს სანაკრებო პაუზის შემდეგ სრულ მზადყოფნაში ვიქნები და უკვე მოედანზე გასვლასაც მოვახერხებ.  რაც შეეხება ევროპის ლიგას, აქ ჩვენს გუნდს ძალიან კარგი სტარტი აქვს. გამოჩნდა, რომ თითოეული ქულისთვის ბოლომდე ვიბრძვით და არცერთი ფეხბურთელი თავს არ ზოგავს.  ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ერთად ორი ქართველი ჩამოვედით, ერთმანეთს ვეხმარებით და ადაპტაციაც არ გაგვჭირვებია", - გვითხრა გურამ გიორბელიძემ. ავსტრიის ბუნდესლიგაში "ვოლფსბერგი"  6 ტურის შემდეგ დაგროვილი 6 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს, ხოლო ევროპის ლიგის K ჯგუფში 1 მოგებითა და 1 ფრის მეშვეობით ლიდერობს.

სხვა სტატიები