Belive

გურამ კაშია: "ერედივიზიონში დაბრუნება მინდა, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან მოახლოებული ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ერედივიზიონში სავარაუდო დაბრუნების შესახებაც ისაუბრა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, მაგრამ ეს ძალიან რთულია ნიდერლანდებში არსებული რეგულაციების გამო. იმის გამო, რომ მე არ მაქვს ევროპული პასპორტი, კლუბებისთვის ძალიან რთულია ჩემთან კონტრაქტის გაფორმება. ასე რომ, მე მინდა დავბრუნდე. მე მსურს, რომ მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში ვითამაშო, მაგრამ ეს არ მოხდება", - უპასუხა 33 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიდერლანდური მედიის შეკითხვას. აღნიშნულ თემას პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც შეეხო: "ის კვლავ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, ნიდერლანდურ კლუბებს მისი ხილვა ხვალ შეეძლებათ". 
საქმე ისაა, რომ გურამ კაშიას, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს ნიდელრანდებში არსებული რეგულაციების თანახმად, ერედივიზიონის კლუბებისგან საშუალო ხელფასის მინიმუმ 150% ეკუთვნის, რაც მათთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. გურამ კაშია არნემის "ვიტესის" მაისურით 2010-18 წლებში თამაშობდა და 294 შეხვედრაში 24 გოლის გატანა, 18 საგოლე გადაცემის გაკეთება და კლუბის ისტორიაში დღემდე ერთადერთი ტიტულის, ქვეყნის თასის მოგება მოახერხა. "ჯვაროსნებმა" 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს - 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები