Belive

გურამ კაშია: "ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი მატჩია, ფეხბურთელიც იმიტომ ხარ, რომ ასეთ შეხვედრებში ითამაშო"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის წინ, სანაკრებო მოტივაციასა და ბელარუსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.  "აქ ძალიან დიდი სურვილით ჩამოვდივარ ხოლმე. სამწუხაროდ, კოვიდის გამო ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მატჩების გარეშე დავრჩით. ნაკრებში ისეთი გარემოა, რომ ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვდივარ ხოლმე, ახლა კი თვეების განმავლობაში ამ გარემოს გარეშე ვიყავით. მე და ვაკო ამ გარემოს ძალიან მონატრებული ვიყავით და ასე ადრეც სწორედ ამიტომ ჩამოვედით. როცა გუნდთან ერთად არ ვარ ხოლმე და მატჩების ყურება ეკრანიდან მიწევს, ნამდვილი გულშემატკივარივით ვქომაგობ ხოლმე. კარანტინით შექმნილი სირთულეების გამო ათ დღეს ვკარგავდით და უვარჯიშებლები ვიქნებოდი, ამიტომ უკეთესი იყო, რომ სექტემბერში გუნდში დავრჩით და ვივარჯიშეთ, ახლა კი ნაკრებს ფორმაში მყოფები ვუბრუნდებით. პირადად მე ტრავმა მაწუხებდა და MLS-ში გუნდს ვერ ვეხმარებოდი. 1 კვირაა რაც სრულფასოვნად ვარჯიში დავიწყე და თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, მაქსიმალურად დავიხარჯები.  სასურველი იყო, რომ ეს მატჩი კორონავირუსის პანდემიამდე ჩაგვეტარებინა, თუმცა ამან ხელი მხოლოდ ჩვენ არ შეგვიშალა და ის ფაქტი, რომ ბელარუსები ჩემპიონატს აგრძელებდნენ, მათ განსაკუთრებულ უპირატესობას არ ანიჭებს. სანაკრებო მატჩებს ვერაფერი შეცვლის, ჩემპიონთა ლიგაც კარგია, ევროპის ლიგაც, შენი კლუბის მნიშვნელოვანი შეხვედრებიც, თუმცა სანაკრებო ფეხბურთი საერთოდ სხვა გარემოა და როცა პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ და 9 თვეა არ გითამაშია, ეს დიდი მონატრების გრძნობაა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ზეწოლას ვგრძნობთ. სავსე სტადიონზე თამაში ჩვენთვის სხვა ემოცია იქნებოდა, ქომაგი მეტ მოტივაციას მოგვცემდა. ეს შანსია ჩვენთვის, რომ რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ თანამედროვე საქართველოსთვის. ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მატჩია, ისევე როგორც ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის. ძალიან მინდა, რომ მოედანზე გავიდე, რადგან ფეხბურთელი იმიტომაც ხარ, რომ ასეთი დონის მატჩები ითამაშო. არ აქვს მნიშვნელობა მომიწევს თუ არა თამაში. მოვხვდებით თუ არა შემადგენლობაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ეს შანსი გამოვიყენოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ", - თქვა "სან ხოსეს" ქართველმა ცენტრალურმა მცველმა. საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები