Belive

გვარდიოლა ხსნის, თუ რატომ გახდება ფოდენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ამომავალ ვარსკვლავად შერაცხულ ფილ ფოდენს სრული პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდეს. ესპანელმა სპეციალისტმა ფოდენზე საქებარი სიტყვები "ბარნლისთან" მოგებული მატჩის (5:0) შემდეგ არ დაიშურა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა დუბლის შესრულება შეძლო.
"ფოდენის მიერ მოედანზე გატარებული თითოეული წუთი ამტკიცებს, თუ რაოდენ დიდი მონდომებით და ჟინით ცდილობს იგი თავისი მაქსიმუმის გამოვლინებას. ნუ გვავიწყდება, რომ ის ჯერ 20 წლისაა და ჯერ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ის "სიტის" შეუცვლელი წევრი იქნება. არ მახსენდება არცერთი დღე, როდესაც მას უდისციპლინობა გამოევლინოს ან ბრაზი გამოეხატოს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ითამაშა. მისი თითოეული მოქმედება ცხადყოფს, რომ ის მომავალზეა ორიენტირებული: ფოდენი არის მებრძოლი, გააქვს შესანიშნავი გოლები, სწრაფად მოქმედებს და გუნდს დაცვაშიც ეხმარება. ფოდენი ჩვენ ბოლომდე გვენდობა და გუნდის დატოვება არ სურს," განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი ფილ ფოდენი 20 წლისაა და "სიტის" რიგებში ის 2017 წლის ზაფხულიდან ირიცხება. გამორჩეული შრომისმოყვარეობისა და ტალანტის ფონზე, გვარდიოლა ახალგაზრდა ინგლისელს სრულ ნდობას უცხადებს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, ფოდენი მოედანზე 30-ჯერ ვიხილეთ (საშუალოდ 44 წუთი), სადაც მან 7 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები