Belive

გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტიში ვრჩები"

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
UEFA-ს გადაწყვეტილებით, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს - მძიმე პერიოდში, პეპ გვარდიოლა გუნდის მიტოვებას არც განიხილავს.
"რატომ უნდა წავიდე? 1 თვის წინ ვთქვი, რომ ეს გუნდი მიყვარს, აქ ყოფნა მსიამოვნებს. გეკითხებით, რატომ უნდა წავიდე? ფეხბურთელებს უკვე ვესაუბრე, მომდევნო თვეების განმავლობაში, მთელ ყურადღებას გადავიტანთ იმაზე, რაც ჩვენი საქმეა. მინდა, გუნდს განვითარებაში კვლავ დავეხმარო. თუკი სიტი თავად არ დამემშვიდობება, მე კვლავ აქ ვიქნები" განაცხადა გვარდიოლამ Sky Sports-თან საუბრისას.

რატომ დაისაჯა სიტი?

UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინგლისელებს, ამავდროულად, სასჯელის სახით, 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. საქმე ეხება ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევას. როგორც ცნობილია, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთის მმართველ ორგანოს არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდა. ამ თემასთან დაკავშირებით, პირველად ინფორმაცია გერმანულმა ჟურნალმა, Der Spiegel-მა, 2018 წლის ნოემბერში გაავრცელა. სტატიაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასა და ელექტრონული პოსტის ჩანაწერებში “სიტის” დანაშაული იკვეთებოდა. ამ ყველაფრით კი უეფას საგამოძიებო ორგანო დაინტერესდა, რომელმაც მკაცრი ვერდიქტი დღეს გამოიტანა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ “სიტის” მფლობელი, შეიხი მანსური, გუნდს ავიაკომპანია Etihad-ის საშუალებით ყოველწლიურად 67.5 მილიონი ფუნტით აფინანსებდა, თუმცა დოკუმენტაციაში ჩანდა, რომ Etihad-ი მანჩესტერული გუნდის ბალანსზე მხოლოდ 8 მილიონ ფუნტს რიცხავდა. უეფას ფინანსური სამართლიანი თამაშის (Fair Play) წესების თანახმად, გუნდებმა მფლობელებისგან ფეხბურთელების ხელფასების დასაფარად დიდი თანხები არ უნდა მიიღონ და სანაცვლოდ, საჭირო ფინანსური სახსრები სპონსორებისგან მოიძიონ. უეფა მანჩესტერულ გუნდს სწორედ აღნიშნული წესის დარღვევას ედავება.

საპასუხოდ, რას გეგმავს სიტი?

უეფას სასჯელის სიმკაცრე ცხადყოფს, თუ რამდენად მძიმედ აღიქვამს ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანო სიტის დანაშაულს. მიუხედავად ამისა, “მანჩესტერ სიტი” მიღებულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ემიჯნება და შვეიცარიაში, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში, გასაჩივრებას გეგმავს. “სიტის” დისკვალიფიკაცია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგას არ ეხება. ქალაქელები 2020/21 და 2021/2022 წლების სეზონის გათამაშებებს გამოტოვებენ.

რას ამბობენ სხვები?

  • სტივენ ჯერარდი: ცხადია, უეფას გადმოსახედიდან ეს სწორი სასჯელია, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. რეალობა ერთია – სიტიმ ყველა ტიტული დამსახურებულად მოიგო;
  • არსენ ვენგერი: “სიტიმ” ჩემი ყველა ფეხბურთელი იყიდა! ყოველთვის ვიყავი ფეხბურთში სამართლიანი თამაშის (Fair Play) ფინანსური წესების დაცვის მომხრე. თუკი დამტკიცდა, რომ “სიტი” დამნაშავეა, გუნდი აუცილებლად უნდა დაისაჯოს;
  • ჯეიმი კარაგერი: არ მჯერა, რომ “მანჩესტერ სიტი” ისევ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობს, ისინი წელსვე უნდა მოეკვეთათ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ვარ. რა მოხდება, თუ ისინი ამ ტურნირის მოიგებენ? ეს უეფას გადაწყვეტილებას სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებს;
  • გარი ნევილი: ჩემი აზრით, UEFA-სა და სიტის შორის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. UEFA-სი არ მჯერა, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არასწორ სადისციპლინო სანქციებს იღებს;
  • იურგენ კლოპი: ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამ ამბის გაგება. “მანჩესტერ სიტი” პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გასაოცარ ფეხბურთს თამაშობს. ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ პეპს და ფეხბურთელებს, მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ;
  • ხავიერ ტებასი (ლა ლიგის პრეზიდენტი): როგორც იქნა, UEFA-მ გადაწყვეტილება მიიღო. სამართლიანი თამაშის (Fair Play) ფინანსური წესების აღსრულება და ფინანსური დოპინგის აღკვეთა ფეხბურთის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში, “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ მკაცრი გადაწყვეტილების მიღებას ვითხოვდით და როგორც იქნა, ვიმოქმედეთ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
 

სხვა სტატიები