Belive

გვარდიოლას სიტის ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებებში გაშვება არ სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებში გაშვების წინააღმდეგია. მარტის ბოლოს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება. "სიტის" შემადგენლობაში ძირითადად ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებებში აუცილებლად გამოიძახებენ. "ქალაქელების" ესპანელი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებებში გაშვების წინააღმდეგია, რადგან სანაკრებო შეკრებებიდან ინგლისში დაბრუნებულ ფეხბურთელებს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
"ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვებაში ვერნაირ აზრს ვერ ვხედავ, რადგან ინგლისში დაბრუნების შემდეგ 10 დღე იზოლაციაში უნდა გაატარონ". " მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდით წარმატების მისაღწევად, სანაკრებო მატჩების შემდეგ კი საკვანძო მოთამაშეები 10 დღე ვერ შეძლებენ გუნდთან ერთად ვარჯიშს და გუნდის დახმარებას. ასეთ ვითარებაში მოთამაშეები ნამდვილად არ აპირებენ ნაკრებში წასვლას". "იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნებისთანავე ექნებათ შესაძლებლობა, რომ გუნდს შეუერთდნენ და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ კლუბში ვარჯიშს, მაშინ ისინი ეროვნულ გუნდებში გაემგზავრებიან". "სეზონის მნიშვნელოვან ნაწილში ჩვენ ბევრ დროსა და თანხას ვდებთ და თუ ექვსი-რვა ფეხბურთელი ვერ შეძლებს, რომ დაგვეხმაროს, მაშინ ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გვარდიოლას გუნდი ბრწყინვალედ ასპარეზობს, "ქალაქელებმა" ბოლო 15 შეხვედრა ზედიზედ მოიგეს და 27 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 65 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. "სიტი" უახლოეს მდევარს "მანჩესტერ იუნაიტედს" 14 ქულით უსწრებს. პრემიერ ლიგის 27-ე ტურში "სიტი" სწორედ "წითელ ეშმაკებს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები