გვარდიოლასა და მოურინიოს ყველაზე რთული მეტოქეები

ესპანელი და პორტუგალიელი სპეციალისტები ფეხბურთის ისტორიაში უდავოდ გამორჩეული მწვრთნელები არიან.

ორივე მათგანს უამრავი ტიტული აქვს მოგებული საკუთარ გუნდებთან ერთად და მათ მიერ გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის იყვნენ გამორჩეულები ევროპაში.

გვარდიოლას ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო პერიოდი მის პირველ გუნდს “ბარსელონას” უკავშირდება. პეპმა 4 წლის განმავლობაში ბარსასთან ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაც. მისი “ბარსელონა” უბრალოდ შეუჩერებელი იყო.

რაც შეეხება პორტუგალიელ სპეციალისტს, მოურინიომ არაერთ გუნდში იმუშავა წარმატებულად, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად მისი “ინტერში” მუშაობის პერიოდი უნდა გამოვყოთ, როცა ჟოზეს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ტრებლი მოიგო.

გვარდიოლა და მოურინიო დღემდე ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეებად, მათი დაპირისპირება განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო იყო მაშინ, როცა პორტუგალიელი სამეფო კლუბში მუშაობდა, ხოლო ესპანელი კატალონიურ გრანდს ედგა სათავეში. ამ პერიოდში მათი დაპირისპირება მესისა და რონალდუს შორის კონკურენციას შეიძლება შევადაროთ.

მოურინიო და გავრდიოლა ერთმანეთის მეტოქეები ინგლისის ჩემპიონატშიც არაერთხელ ყოფილან და ახლაც არიან – პორტუგალიელი “ტოტენჰემს” უდგას სათავეში, ხოლო ესპანელი – “მანჩესტერ სიტის”.

ბევრის აზრით, გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთისთვის პრინციპული მეტოქეები არიან, ამავდროულად ყველაზე რთული მეტოქეებიც უნდა იყვნენ.

საინტერესოა, რომელ სპეციალისტებს მიიჩნევენ თავად გვარდიოლა და მოურინიო ყველაზე რთულ მეტოქეებად.

პეპ გვარდიოლასთვის ყველაზე რთული მეტოქე, მისივე თქმით, იურგენ კლოპია.

პირველად კლოპი და გვარდიოლა ერთმანეთს ბუნდესლიგაში მუშაობის პერიოდში დაუპირისპირდნენ, როცა კლოპი “დორტმუნდს”, ხოლო გვარდიოლა “ბაიერნს” წვრთნიდა.

მათი დაპირისპირება ინგლისის ჩემპიონატშიც გაგრძელდა. კლოპის “ლივერპული” და გვარდიოლას “სიტი” – ამ ორი სპეციალისტის გამო ამ გუნდების დაპირისპირებამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

2018-19 წლების სეზონში “ლივერპული” სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩა “სიტის” და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.

2019-20 წლების სეზონში კი კლოპის ”ლივერპულმა” შანსი არავის მისცა და 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო პრემიერ ლიგის სანუკვარი ტიტული.

გვარდიოლამ თავის ყველაზე რთულ მეტოქეზე საუბრისას აღნიშნა:

“ყველაზე რთული მეტოქე მთელს ჩემს კარიერაში ვის წინააღმდეგაც კი მითამაშია, ეს იურგენ კლოპის ლივერპულია”.

“კლოპის “ლივერპული” ტაქტიკურად ძალიან გამართული გუნდია, საოცარი პრესინგით ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ, უსწრაფესი კონტრშეტევები… ფეხბურთელებს უდიდესი სულიერი სიმტკიცე გააჩნიათ. კლოპი არის მეტოქე, რომელმაც ყველაზე მეტად დამაფიქრა, თუ როგორ უნდა დამემარცხებინა”.

რაც შეეხება პორტუგალიელს, მან თავის ყველაზე რთულ მეტოქედ გამოცდილი სპეციალისტი ჯან პიერო გასპერინი დაასახელა.

“გასპერინი – მწვრთნელი, რომელმავ საქმე გამირთულა. ყოველ ჯერზე, როდესაც ტაქტიკას ვცვლიდი, ის ადვილად უღებდა ალღოს, სამჯერ ვცვლიდი მთლიანად სქემას და სამივეჯერ ახერხებდა ამ ცვლილების ნიეტრალიზებას. ეს ჰგავდა იმას, როგორც კატები გაურბიან ძაღლებს. როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ, რომ ფანტასტიკურია”.

 

 

(38)

გვარდიოლასა და მოურინიოს ყველაზე რთული მეტოქეები

სტატიის ავტორი
-